ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

პოლისომნოგრაფია - ძილის კვლევა

პოლისომნოგრაფია - ძილის სპეციალიზებული გამოკვლევა, არის ტესტი, რომელიც ტარდება ძილის დარღვევების დიაგნოსტირებისთვის. პოლისომნოგრაფია აფიქსირებს ტვინის  ელექტრულ აქტივობას,  სისხლში ჟანგბადის დონეს,  გულის შეკუმშვის სიხშირეს და სუნთქვას ძილის დროს. კვლევის დროს ასევე  იზომება თვალისა და ფეხის მოძრაობები. ძილის გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს ძილის დარღვევების განყოფილებაში ჰოსპიტალში ან ძილის ცენტრში. ტესტი, როგორ წესი, ტარდება ღამით, მაგრამ შესაძლებელია ჩატარდეს დღის განმავლობაშიც.

რა შემთხვევაში კეთდება პოლისომნოგრაფია?

პოლისომნოგრაფია შეისწავლის  ძილის  ფაზებს და ციკლურობას, ახდენს სუნთქვის,  გულისცემის სიხშირის, სატურაციის და სხვა პარამეტრების მონიტორინგს.  ის ასევე ადგენს დარღვეულია თუ არა თქვენი ძილის რეჟიმი და რა არის მისი გამომწვევი მიზეზი.  

ძილის კვლევა ტარდება მაშინ, როდესაც არსებობს ეჭვი შემდეგ დაავადებებზე:

  • ძილის აპნოე - ხასიათდება ძილის დროს სუნთქვის განმეორებით გაჩერებით  და აღდგენით ან ძილთან დაკავშირებული სუნთქვის  სხვა დარღვევები;
  • კიდურების მოძრაობის პერიოდული დარღვევა -  ეს მდგომარეობა  ზოგჯერ უკავშირდება მოუსვენარი ფეხების სინდრომსაც. მოუსვენარი ფეხების სინდრომი იწვევს ფეხების უკონტროლო მოძრაობას   გამოღვიძებისას, როგორც წესი, საღამოობით ან ღამის საათებში;
  • ნარკოლეფსია - ნარკოლეფსიით დაავადებულ  ადამიანებს აღენიშნებათ მომატებული ძილიანობა დღისით.

ტესტთან დაკავშირებული რისკები

პოლისომნოგრაფია არის არაინვაზიური, უმტკივნეულო ტესტი, რომლის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი ვლინდება კანის გაღიზიანებით. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს წებოვანი საშუალებით, რომელიც გამოიყენება კანზე ტესტის სენსორების  დასამაგრებლად.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის

დღის მეორე ნახევარში და საღამოს, ძილის კვლევის წინ არ მიიღოთ ისეთი სასმელი ან საკვები, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს ან კოფეინს. ალკოჰოლმა და კოფეინმა შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი ძილის რეჟიმზე და გამოიწვიოს ძილის დარღვევის სიმპტომების გაუარესება. ასევე  მნიშვნელოვანია, რომ არ დაიძინოთ დღისით ძილის გამოკვლევის წინ.

    

ძილის გამოკვლევის ჩატარებამდე რეკომენდებულია აბაზანის ან შხაპის მიღება. არ წაისვათ ლოსიონები, გელები, სუნამოები ან მაკიაჟი ტესტის ჩატარებამდე, რადგან ამან შესაძლოა ტესტის სენსორები დაზიანდეს. 

რა უნდა გავითვალისწინოთ პოლისომნოგრაფიის დროს

ოთახი  სადაც პოლისომნოგრაფია კეთდება იზოლირებულია, ტესტის დროს ოთახში სიბნელე და სიწყნარეა.

საძინებელ  ზონაში დამონტაჟებულია სუსტი განათების ვიდეოკამერა, რომლის საშუალებითაც პოლისომნოგრაფიის სპეციალისტები თვალყურს ადევნებენ პაციენტს, როდესაც ოთახში შუქი გამორთულია.


დაძინებამდე სპეციალისტი მიამაგრებს სენსორებს თავის ქალაზე, საფეთქლებზე, მკერდსა და ფეხებზე   რბილი წებოვანი მასალით, მაგალითად წებოთი ან სპეციალური ლენტით. სენსორები კომპიუტერთან სადენებითაა მიერთებული. სადენების სიგრძე საწოლში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა. პატარა სამაგრები ფიქსირდება ასევე თითზე ან ყურზე. მათი საშუალებით ხდება სისხლში ჟანგბადის დონის კონტროლი.

  

ძილის დროს სპეციალისტები აკონტროლებენ:

  • თავის ტვინის ელექტრულ აქტივობას;
  • თვალის მოძრაობებს;
  • გულის შეკუმშვის სიხშირეს;
  • სუნთქვას;
  • სისხლში ჟანგბადის დონეს;
  • სხეულის მდგომარეობას;
  • გულმკერდისა და მუცლის მოძრაობას;
  • კიდურების მოძრაობას;
  • ხვრინვას და სხვა ხმებს.

პოლისომნოგრაფიის დასრულება

ძილის ცენტრში პოლისომნოგრაფიის შემდეგ, ხდება სენსორების  მოცილება თქვენი სხეულიდან, რის შემდეგაც შეძლებთა სახლში დაბრუნებას. პოლისომნოგრაფიის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.  

გამოკვლევის შედეგები

ძილის გამოკვლევის დროს მოპოვებულ ინფორმაციას  თავდაპირველად აფასებენ პოლისომნოგრაფიის სპეციალისტები.  ისინი იყენებენ მონაცემებს თქვენი ძილის ფაზებისა და ციკლების სქემის შესადგენად. ამის შემდეგ ინფორმაცია განიხილება ძილის ცენტრის ექიმის მიერ.

 

შემდგომი ვიზიტის დროს თქვენი ექიმი თქვენთან ერთად განიხილავს ტესტის შედეგებს. მიღებული მონაცემების საფუძველზე, მოგაწვდით ინფორმაციას   მკურნალობის მეთოდების ან დამატებითი გამოკვლევების შესახებ, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს.