ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რა არის ქიმიოთერაპია?

ქიმიოთერაპია, ან „ქიმიური მკურნალობა“ არსებობს ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთის დროიდან. თუმცა, ქიმიოთერაპიის კიბოს სამკურნალოდ გამოყენება დაიწყო 40-იან წლებში და მას შემდეგ ქიმიოთერაპიის ეფექტურობის კვლევისას შემუშავებული და გამოცდილი იქნა არაერთი ახალი მედიკამენტი.


უბრალოდ „ქიმიად“ მოხსენებული ქიმიოთერაპია უმეტესად გამოიყენება იმ მედიკამენტების აღწერისთვის, რომლებიც ანადგურებენ, კლავენ კიბოს უჯრედებს ან აზიანებენ მათ ისე, რომ ვეღარ შეძლონ გამრავლება და გავრცელება. მათ ხანდახან უწოდებენ „კიბოს საწინააღმდეგო“ მედიკამენტებს ან „სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებს“. დღეისთვის კიბოს სამკურნალოდ თერაპია იყენებს 100-ზე მეტ მედიკამენტს. ამასთან, გაცილებით მეტი ქიმიური პრეპარატი გადის დამუშავებასა და კვლევას.


რისთვის 
გამოიყენება ქიმიოთერაპია?


ვინაიდან კიბო წარმოადგენს მრავალი განსხვავებული დაავადების აღმწერ სიტყვას, არ არსებობს მკურნალობის უნივერსალური მეთოდი. ქიმიოთერაპია გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის:

  • კიბოს კონკრეტული ტიპის სამკურნალოდ.
  • სიმსივნის ზრდის კონტროლის მიზნით.
  • სიმსივნის შესამცირებლად ქირურგიული ოპერაციის ან სხივური თერაპიის ჩატარებამდე.
  • სიმპტომების შესამცირებლად, მაგალითად, როგორიცაა ტკივილი.
  • კიბოს მიკროსკოპული უჯრედების გასანადგურებლად, რომლებიც შესაძლოა არსებობდნენ სიმსივნის ოპერაციით ამოკვეთის შემდგომ (ე.წ. ადიუვანტური თერაპია). ადიუვანტური თერაპია ინიშნება სიმსივნის შესაძლო რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.


ქიმიოთერაპიის პროტოკოლი - როგორ მუშაობს ქიმიოთერაპია?


ჩვეულებრივ, უჯრედები ცოცხლობენ, იზრდებიან და კვდებიან პროგნოზირებადი წესით. კიბო ჩნდება, როდესაც სხეულში რიგი უჯრედები აგრძელებენ გაყოფას და დამატებითი უჯრედების ფორმირებას, აღნიშნული პროცესის შეჩერების შესაძლებლობის გარეშე. ქიმიოთერაპიის პროტოკოლი მოიცავს კიბოს უჯრედების განადგურებას, უზრუნველყოფს რა უჯრედების გამრავლების შეჩერებას. სამწუხაროდ, ქიმიოთერაპიის ჩატარებისას აგრეთვე შესაძლოა ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ჯანმრთელი უჯრედებიც.

ქიმიოთერაპიის თანამედროვე პროტოკოლები განაპირობებენ კიბოს უჯრედების მაქსიმალურად განადგურებას და ამავდროულად ჯანმრთელ უჯრედებზე უარყოფით ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებას.


როგორ ტარდება ქიმიოთერაპია?


ქიმიოთერაპიის მედიკამენტების მიღება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით. ქიმიოთერაპიის მიღების მეთოდი და დოზა განისაზღვრება კლინიკურ კვლევებად წოდებული მკაცრი ტესტირების მეშვეობით, რომელიც ტარდება მანამ, სანამ კონკრეტული ქიმიოთერაპიული მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებთან ფართო კლინიკური გამოყენებისთვის. აღნიშნული ტესტირების მიმდინარეობისას, მეცნიერები და ექიმები განსაზღვრავენ, თუ როგორ ხდება კონკრეტული ქიმიოთერაპიის მედიკამენტის ორგანიზმის მიერ შეწოვა და რამდენად ეფექტურად მუშაობს იგი.

  • პერორალური ქიმიოთერაპიის მედიკამენტები (აბები) - რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია ქიმიოთერაპიის სხვადასხვა მედიკამენტის აბის სახით მიღება.
  • ინტრავენური (გადასხმა) - დადგენილია, რომ ზოგიერთ ნივთიერებას გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება ინტრავენური ადმინისტრირების შემთხვევაში.
  • ინექცია - რიგი მედიკამენტები შესაძლოა მიღებული იქნას კუნთში და/ან კანქვეშ ინექციის გზით, ხოლო ზოგიერთი მათგანის შეწოვა ხორციელდება უშუალოდ შარდის ბუშტში ან მუცლის ღრუში შეყვანის დროს.

პერორალური მედიკამენტები


ქიმიოთერაპიის პერორალური მედიკამენტებია, რომელთა გადაყლაპვაც შესაძლებელია. ისინი იწარმოება სხვადასხვა ფორმით - აბები, ტაბლეტები, კაფსულები, სითხე. ყველა მათგანის შეწოვა შესაძლოა კუჭნაწლავის ტრაქტის მეშვეობით ან ენის ქვეშ დადების გზით.

  • პერორალური ქიმიოთერაპიის მედიკამენტები დაფარულია დამცავი ფენით, რომელიც იშლება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მეშვეობით. ფერმენტები ათავისუფლებენ მედიკამენტს, რომელიც შემდგომ შეიწოვება ნაწლავის ლორწოვანი გარსის მეშვეობით.
  • რიგი მედიკამენტებისა შესაძლოა დაფარული იქნას სხვაგვარი დამცავი ფენით, რომელიც დროის დაყოვნების გათვალისწინებით სისტემაში თავისუფლდება სხვადასხვა დროს, რასაც ეწოდება გახანგრძლივებული განთავისუფლება. აღნიშნული მეთოდი იძლევა დოზებს შორის გახანგრძლივებული პერიოდის დაშვების შესაძლებლობას.
  • ენისქვეშა ქიმიური მედიკამენტები შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მეშვეობით და ეწოდებათ ენისქვეშა პრეპარატები. აღნიშნული სახის მედიკამენტი თავსდება ენის ქვეშ, სადაც იგი იშლება და სწრაფად ხვდება სხეულის სისხლის მიმოქცევის სისტემაში. აღნიშნული წარმოადგენს მედიკამენტის ორგანიზმში შეყვანის სწრაფ მეთოდს. მეტად ეფექტურია ღებინების საწინააღმდეგო აბების აღნიშნული გზით მიღება, ვინაიდან მედიკამენტი არ დაიკარგება პაციენტის ღებინების შემთხვევაში.

რატომ არ შეიძლება ყველა მედიკამენტის პერორალური გზით მიღება?

რიგი მედიკამენტების მიღება პერორალური გზით შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ნადგურდებიან კუჭის მჟავით ან იწვევენ ლორწოვანი გარსის დაზიანებას. სხვა მედიკამენტები არ შეიწოვებიან პაციენტის ორგანიზმის მიერ კუჭის ან ნაწლავების ლორწოვანი გარსის მეშვეობით. თუ მედიკამენტი არ შეიწოვება, იგი გამოიყოფა განავლის მეშვეობით, რაც არაეფექტურია. ზოგიერთი მედიკამენტი შესაძლოა იყოს აგრესიული, რაც გამოიწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებას.


კანქვეშა ინექცია


კანქვეშა ინექცია გულისხმობს მოკლე ნემსის გამოყენებას, რომელიც დიაბეტის მქონე ადამიანების მიერ გამოიყენება ინსულინის ინექციისთვის. ნემსი შედის კანსა და კუნთს შორის არსებულ სივრცეში. კანქვეშა ქიმიოთერაპიის ინექცია ჩვეულებრივ გამოიყენება ბიოლოგიური რეაქციის რიგ მოდიფიკატორებთან და დამხმარე მედიკამენტებთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, ინტრამუსკულარულ ინექციასთან შედარებით ნაკლებად სავარაუდოა კანქვეშა ინექციის მიერ სისხლდენის გამოწვევა.


ინტრამუსკულარული ინექცია


ინტრამუსკულარული ინექცია ხორციელდება კანიდან კუნთოვან ფენაში და გულისხმობს კანქვეშა ინექციისთვის განკუთვნილ ნემსთან შედარებით მოზრდილი ზომის ნემსის გამოყენებას. ამ შემთხვევაში მედიკამენტი კეთდება კუნთის ქსოვილში.

ინტრამუსკულარული ინექცია წარმოადგენს როგორც ჰორმონოთერაპიის, ასევე ქიმიოთერაპიის და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მკურნალობის პოპულარულ მეთოდს. რიგი ქიმიოთერაპიული მედიკამენტების ინტრამუსკულარული შეყვანა დაუშვებელია ქიმიური მედიკამენტის აგრესიულობის გამო.


ინტრავენური ქიმიოთერაპია


ინტრავენური ადმინისტრირება უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის სისტემაში სწრაფ შეღწევას, რა დროსაც მედიკამენტი სხეულში ხვდება სისხლის ნაკადის მეშვეობით. აღნიშნული წარმოადგენს ქიმიოთერაპიის ყველაზე გავრცელებულ მეთოდს, რადგან ქიმიოთერაპიული მედიკამენტების უმრავლესობა მარტივად შეიწოვება სისხლის ნაკადის მეშვეობით. ინტრავენური მეთოდი აგრეთვე უზრუნველყოფს მედიკამენტის დოზირების მოქნილობას. გადასხმა შესაძლოა განხორციელდეს რამოდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს. პორტატული ტუმბოს მეშვეობით შესაძლებელია მედიკამენტის ნელი, უწყვეტი სიჩქარით შეყვანა, რაც ხორციელდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

  • ხელის ან მაჯის ვენაში შესაძლოა მოთავსდეს ინტრავენური კათეტერი და მოიხსნას ქიმიოთერაპიული მედიკამენტის მიღების შემდგომ. აღნიშნული წარმოადგენს დროებით მოწყობილობას, რომელიც ექთნის მიერ თავსდება მკურნალობის დაწყებამდე და იხსნება მკურნალობის დასრულების შემდეგ. ინტრავენური კათეტერების გამოყენების დრო მერყეობს რამოდენიმე წუთიდან რამოდენიმე დღემდე.
  • პერიფერიული იმპლანტირებადი ცენტრალური კათეტერი (PICC line) ითვლება დროებითად, თუმცა მისი ჩადგმა და გამოყენება შესაძლებელია ექვსი კვირიდან რამოდენიმე თვემდე. PICC შეყვანა მოიცავს გრძელი პლასტიკური კათეტერის მოთავსებას მკლავის ერთ-ერთ მსხვილ ვენაში. აღნიშნული ვარიანტი იდეალურია მრავალჯერადი მოკლე გადასხმებისთვის, რომლებიც ტარდება საავადმყოფოში ან სახლში, პორტატული ტუმბოს გამოყენებით.
  • არა-გვირაბული ტიპის კათეტერის შეყვანა საუღლე ან ლავიწქვეშა ვენაში ხორციელდება კანის მეშვეობით და სისხლძარღვის გავლით მიემართება ზედა ღრუ ვენის სისხლძარღვისკენ ან გულის მარჯვენა წინაგულის შესასვლელისკენ. კათეტერის სწორად მოთავსების მიზნით ტარდება რენტგენოსკოპია. ყველაზე ხშირად არა-გვირაბული ტიპის კათეტერი გამოიყენება მოკლე ვადით ან გადაუდებელ სიტუაციებში, ვინაიდან ხანგრძლივი გამოყენება ქმნის კათეტერის ინფიცირების შესაძლებლობას. ამიტომაც, კათეტერი საჭიროებს სახვევის შეცვლას და სათანადო მოვლას.
  • გვირაბული ტიპის კათეტერების მოთავსება ხდება კანიდან გულმკერდის შუა ნაწილში. ისინი მიემართებიან კანქვეშა ქსოვილიდან და თავსდებიან ზედა ღრუ ვენაში გულის მარჯვენა წინაგულის შესასვლელთან. აღნიშნული კათეტერის შეყვანა ხორციელდება ამბულატორიული და ქირურგიული პროცედურების დროს და აუცილებელია რენტგენოსკოპიის ჩატარება, რათა დავრწმუნდეთ, რომ კათეტერი სწორ ადგილზეა მოთავსებული. კათეტერის ადგილზე დატოვება შესაძლებელია თვეების ან წლების განმავლობაში, ინფიცირების დაბალი რისკით. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სახვევის შეცვლა და სათანადო მოვლა. აღნიშნული ტიპის კათეტერს შესაძლოა გააჩნდეს გადასასხმელი მედიკამენტის ან ასაღები სისხლის გამტარი რამოდენიმე სანათური (შესასვლელი). გვირაბული ტიპის კათეტერები ყველაზე მეტად გამოიყენება ფართომასშტაბიანი ქიმიოთერაპიის შემთხვევაში, როგორიცაა ძვლის ტვინის გადანერგვის პროცედურა.
  • პორტ-კათეტერი თავსდება გულმკერდის კანქვეშ და შემდგომ ზედა ღრუ ვენაში გულის მარჯვენა წინაგულის შესასვლელთან. აღნიშნული კათეტერი შესაძლოა მოთავსდეს ინტერვენციული რადიოლოგის ან ქირურგის მიერ საოპერაციო ოთახში და მისი მოთავსება წარმოადგენს დაახლოებით ერთსაათიან პროცედურას. პორტ-კათეტერის გამოყენების ვადა შესაძლოა მერყეობდეს სამიდან ხუთ წლამდე. პორტ-კათეტერის მეშვეობით შესაძლებელია მედიკამენტის შეყვანა და სისხლის აღება, რაც ამცირებს სისხლის მკლავიდან აღების საჭიროებას. პორტატული ტუმბოს და პორტ-კათეტერის საშუალებით შესაძლებელია მედიკამენტის სახლის პირობებში მიღება.

პარკუჭთაშიდა ან გარსშიდა ქიმიოთერაპია


პარკუჭთაშიდა ან გარსშიდა ქიმიოთერაპია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს ცერებროსპინალურ სითხეს, რომელიც მდებარეობს თავის და ზურგის ტვინში. ორგანიზმის ჰემატოენცეფალური ბარიერი სისტემურად მიწოდებულ ბევრ ქიმიოთერაპიულ მედიკამენტს არ აძლევს ცერებროსპინალურ სითხეში მოხვედრის საშუალებას. აღნიშნული პროცედურა ყველაზე ხშირად გამოიყენება მწვავე ლეიკოზების დროს, თუმცა მისი გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია სხვა სიტუაციებშიც.


არსებობს ცერებროსინალური სითხის ქიმიოთერაპიის ჩატარების ორი გზა:

  • ლუმბალური პუნქცია. გარსისშიდა ქიმიოთერაპია შესაძლოა ჩატარდეს ლუმბალური პუნქციის (ზურგის ტვინის პუნქციის) მეშვეობით. აღნიშნულ შემთხვევაში, ლუმბალური პუნქციის მეშვეობით ხდება ქიმიოთერაპიის მცირე რაოდენობის შეშვება პირდაპირ ცერებროსპინალურ სითხეში.
  • ომმაიას რეზერვუარი (პარკუჭთაშიდა). ომმაიას რეზერვუარი წარმოადგენს მცირე გუმბათის ფორმის მოწყობილობას თანდართული კათეტერით. იგი თავსდება სკალპის კანქვეშა ქსოვილში (კანსა და კუნთს შორის არსებული კანის შრეზე). კათეტერი თავსდება თავის ტვინის გვერდითა პარკუჭში. ქიმიოთერაპიის ინექციის მიზნებისთვის მცირე ზომის ნემსის თავი კანის გავლით თავსდება ომმაიას რეზერვუარში.

ინტრაპერიტონალური ქიმიოთერაპია


ქიმიოთერაპიული მედიკამენტების ადმინისტრირება შესაძლებელია მუცლის ღრუს მეშვეობითაც. კათეტერი თავსდება მუცლის კედლის გავლით და ჩაედინება მუცლის ღრუში, რომელიც გარს აკრავს ორგანოებს და არა რომელიმე ორგანოში. მედიკამენტის გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით პაციენტს ეძლევა გვერდიდან გვერდზე პოზიციის შეცვლის და ზურგზე დაწოლის რეკომენდაცია.


შიდაარტერიული ქიმიოთერაპიული მკურნალობა


შიდაარტერიული მედიკამენტის შეყვანა ხდება სიმსივნის სისხლით მომმარაგებელ არტერიაში. ანგიოგრაფიის მეშვეობით ხდება სისხლძარღვების დათვალიერება და სიმსივნის სისხლით მომმარაგებელი არტერიების განსაზღვრა.

აღნიშნული სახის მკურნალობის ეფექტურობა მდგომარეობს იმაში, რომ სიმსივნე ექვემდებარება მედიკამენტის მაღალ ზემოქმედებას სისტემატურად ადმინისტრირებულ დოზებთან დაკავშირებული ტოქსიკურობის გარეშე (მთელს ორგანიზმში).


ინტრავეზიკულარული ქიმიოთერაპიული მკურნალობა


ინტრავეზიკულარული მედიკამენტების შეყვანა ხორციელდება პირდაპირ შარდის ბუშტში საშარდე კათეტერის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდი ხშირად გამოიყენება შარდის ბუშტის ზედაპირული სიმსივნის მქონე პაციენტებში.

  • საშარდე კათეტერის მოთავსების შემდგომ ხდება მედიკამენტის კათეტერში შეშვება, რომელიც შემდგომ იკეტება. კათეტერის ჩაკეტვის შედეგად მედიკამენტი რჩება შარდის ბუშტში.
  • პაციენტს ეძლევა გვერდიდან გვერდზე გადაბრუნების და ზურგზე დაწოლის რეკომენდაცია, რათა მედიკამენტმა მიაღწიოს შარდის ბუშტის ყველა წერტილში.
  • განსაზღვრული დროის შემდეგ კათეტერი იხსნება და სითხე იღვრება. ხდება კათეტერის ამოღება.

ინტრაპლევრალური ქიმიოთერაპიული მკურნალობა


ინტრაპლევრალური ქიმიოთერაპია - ქიმიოთერაპიული პრეპარატის პლევრის ღრუში შეყვანას გულისხმობს და გამოიყენება ავთვისებიან პლევრალურ გამონაჟონთან ბრძოლის მიზნით. ავთვისებიანი პლევრალური გამონაჟონი წარმოადგენს პლევრალურ ღრუში სიმსივნური სითხის დაგროვებას. სითხემ შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა და ფილტვების კოლაფსი.

  • პლევრალურ ღრუში თავსდება გულმკერდის მილაკი. ხდება არსებული სითხის გადმოღვრა (რასაც შესაძლოა დასჭირდეს რამოდენიმე დღე). ქიმიოთერაპიის შეყვანა ხდება დრენაჟის მილაკში.
  • ქიმიოთერაპია იწვევს ფილტვის ლორწოვან გარსზე მიკვრას, რა დროსაც ფილტვს ეძლევა კვლავ გაფართოებისა და გაფართოებულ მდგომარეობაში დარჩენის შესაძლებლობა.
  • ინტრაპრევლარული ქიმიოთერაპია უპირველეს ყოვლისა გამოიყენება სიმპტომების შემსუბუქების მიზნებით.

ქიმიოთერაპიის ადგილობრივი მეთოდები


კანის კიბოს შემთხვევებში უშუალოდ კანზე ხდება ქიმიოთერაპიის კრემის დატანა, რომელიც გაიწოვება კანის გავლით სიმსივნური დაზიანების ადგილზე. კიბოს სამკურნალოდ ადგილობრივი პრეპარატების გამოყენება საკმაოდ შეზღუდულია.


რამდენ ხანს გრძელდება ქიმიოთერაპია?


ქიმიოთერაპიული მკურნალობის ხანგრძლივობა


ქიმიოთერაპიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მრავლობით ფაქტორზე, როგორიც არის კიბოს სახეობა, კიბოს სტადია, დანიშნული მედიკამენტების სახეობა, აგრეთვე აღნიშნული მედიკამენტების მოსალოდნელი ტოქსიკურობა და აღნიშნული ტოქსიკური ეფექტების შემდგომ აღდგენისთვის საჭირო დრო.

ზოგადად, ქიმიოთერაპიის მკურნალობა მიმდინარეობს ციკლებად. აღნიშნული იძლევა კიბოს უჯრედებზე მოწყვლად მომენტებში თავდასხმის შესაძლებლობას და ორგანიზმის ნორმალურ უჯრედებს ეძლევათ დრო დაზიანების შემდგომ აღდგენისთვის. ციკლის დროსთან დაკავშირებით არსებობს სამი საკითხი, ციკლის ხანგრძლივობა, ციკლის სიხშირე, და ციკლების რაოდენობა.


ციკლის ხ
ანგრძლივობა


ქიმიოთერაპიული მკურნალობა შესაძლოა წარმოდგენილი იქნას ერთი მედიკამენტით ან მედიკამენტების კომბინაციით. შესაძლებელია მედიკამენტების ერთი დღის, რამოდენიმე თანმიმდევრული დღის ან უწყვეტად დანიშვნა როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ პირობებში. მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს წუთების, საათების ან დღეების განმავლობაში, კონკრეტული პროტოკოლიდან გამომდინარე.


ციკლის სიხშირე


ქიმიოთერაპიის გამეორება შესაძლებელია ყოველ კვირაში, ორ კვირაში ერთხელ ან ყოველთვიურად. ჩვეულებრივ, ციკლი განისაზღვრება თვის ინტერვალით. მაგალითად, ქიმიოთერაპიის ორ კვირაში ერთხელ ჩატარებული კურსი შესაძლოა კლასიფიცირდეს ერთ ციკლად.


იკლების რაოდენობა


უმეტეს შემთხვევაში, ციკლების რაოდენობა ან ქიმიოთერაპიის ხანგრძლივობა დასაწყისიდან დასასრულამდე განისაზღვრება კვლევებით.

  • ადიუვანტური ქიმიოთერაპია - ქირურგიული ოპერაციით ხილვადი კიბოს ამოკვეთის შემდგომი თერაპია, შესაძლოა გაგრძელდეს 4-6 თვის განმავლობაში. ადიუვანტური ქიმიოთერაპია გავრცელებულია, მაგალითად, ძუძუს და მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევებში. სათესლე ჯირკვლის კიბოს, ჰოჯკინის და არაჰოჯკინის ლიმფომის და ლეიკემიის შემთხვევებში ქიმიოთერაპიული მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლოა გაგრძელდეს ერთ წლამდე.
  • ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში, ქიმიოთერაპიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თერაპიისადმი აღნიშნული დაავადების რეაქციაზე. სიმსივნური წარმონაქმნის სრულად გაქრობის შემთხვევაში, ცალკეული მიკროსკოპული სიმსივნური უჯრედებისგანადგურების მიზნით ქიმიოთერაპია შესაძლოა გაგრძელდეს 1-2 ციკლის მანძილზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნური წარმონაქმნი შემცირდება ზომაში, მაგრამ არ გაქრება, ქიმიოთერაპია გაგრძელდება მანამ, სანამ ის არ შეწყვეტს ზრდას.
  • დაავადების ზრდის შემთხვევაში ქიმიოთერაპია შესაძლოა შეწყდეს ან ჩანაცვლდეს სხვა ქიმიოთერაპიული რეჟიმით. პაციენტის ჯანმრთელობის და სურვილის გათვალისწინებით, კიბოს დამარცხებისთვის შესაძლოა დაინიშნოს სხვადასხვა მედიკამენტები. შესაძლოა ქიმიოთერაპია შეწყდეს და მიზანი შეიცვალოს - მოხდეს პაციენტის კომფორტზე დამისი ცხოვრების ხარისხზე ფოკუსირება.

როგორ გავიგოთ მოქმედებს თუ არა ქიმიოთერაპია?


ადიუვანტური ქიმიოთერაპიის გარდა, როდესაც არ არის წარმოდგენილი ხილული კიბო, ქიმიოთერაპიის კიბოს უჯრედებზე ეფექტურობა იზომება „რეაქციის“ ფარგლებში. რეაქციის მონიტორინგის ტექნიკა შესაძლოა ანალოგიური იყოს კიბოს დიაგნოსტირებისთვის გამოყენებული ტექნიკისა.

  • შეშუპება ან სიმსივნე, რომლებიც მოიცავენ ლიმფურ კვანძებს, შესაძლოა გაისინჯოს და გაიზომოს გარეგნულად ფიზიკური დათვალიერებისას.
  • რიგი შიდა სიმსივნეებისა ხილვადია რენტგენის სურათზე ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და შესაძლოა გაზომილი იქნას სახაზავის გამოყენებით.
  • შესაძლოა შესრულდეს სისხლის ანალიზი, რომელიც ახორციელებს ორგანოების ფუნქციის გაზომვას.
  • კიბოს ზოგიერთ სახეობასთან დაკავშირებით შესაძლებელია ონკომარკერის ტესტის ჩატარება.

მიუხედავად გამოყენებული ტესტის სახეობისა - სისხლის ანალიზი, უჯრედების რაოდენობა ან ონკომარკერის ტესტი, იგი განმეორებული უნდა იქნას განსაზღვრული ინტერვალებით ისე, რომ შედეგების შედარება შესაძლებელი იყოს იმავე სახის ტესტირების წინა შედეგებთან.


როგორ განისაზღვრება ეფექტურობა?


დაავადების შეფასება მკურნალობაზე განისაზღვრება რამოდენიმე მეთოდით:

  • სრული პასუხი - სიმსივნე ქრება სრულად. არ არსებობს დაავადების მტკიცებულება.
  • ნაწილობრივი პასუხი - სიმსივნე მცირდება პროცენტულად, თუმცა დაავადება კვლავ სახეზეა.
  • სტაბილიზაცია - სიმსივნე არც იზრდება და არც მცირდება, სიმსივნური წარმონაქმნის მოცულობა არ იცვლება.
  • პროგრესირებადი დაავადება - კიბო იზრდება, მკურნალობის დაწყების პერიოდთან შედარებით დაავადება მომატებულია.

როდის ხდება დაავადების შეფასება?


ახლად დიაგნოსტირებული პაციენტისთვის, რომელსაც დაენიშნა კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპია, განისაზღვრება პროცედურების რაოდენობა. მაგალითად, ონკოლოგი ქიმიოთერაპიის ციკლების განსაზღვრულ რაოდენობას დანიშნავს მკურნალობის პროტოკოლის შესაბამისად. რეაქციის გაზომვა შესაძლებელია ქიმიოთერაპიის მიმდინარეობისას, თუმცა ციკლების რაოდენობა ჩვეულებრივ არ იცვლება გარდა იმ შემთხვევისა, თუ კიბო გაიზრდება. კიბოს ზრდის შემთხვევაში, ქიმიოთერაპია სავარაუდოდ შეწყდება ან ჩანაცვლდება სხვა მედიკამენტებით.


იმ პაციენტთათვის, რომლებსაც აღენიშნებათ რეციდივი ან შედარებით გვიანი სტადიის დაავადება, შეუძლებელია კონკრეტული რაოდენობის ციკლის დანიშვნა. აღნიშნულის სანაცვლოდ, დაინიშნება 2-3 ციკლი და შეფასდება რეაქცია. თუ დაავადება სტაბილურია ან შემცირდება, დამატებითი ქიმიოთერაპია დაინიშნება რეაქციის შენარჩუნებამდე იმ შემთხვევაში, თუ ქიმიოთერაპიის ტოქსიკურობა ასატანია. ზოგადად, რეაქციის შესაფასებლად საჭიროა ქიმიოთერაპიის 2-3 კურსი; ერთი კურსი შესაძლოა არასაკმარისი იყოს მისი ეფექტურობის შესაფასებლად.