ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ღებინება

ღებინების მიზეზები

  • ვირუსული გასტრიტი.
  • საკვებით მოწამვლა - სწრაფად განვითარებული ღებინება, რომელიც იწყება საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში და შეიძლება თან სდევდეს დიარეა.
  • იბუპროფენის ზედოზირება ან მშიერ კუჭზე მიღება.
  • საკვებისმიერი ალერგია - ღებინება საკვების მიღებიდან მოკლე დროში.
  • ხველა - ხველის შეტევის შეიძლება მოჰყვეს ღებინება. ხშირია რეფლუქსის მქონე ბავშვებში.
  • მოძრაობით ან მგზავრობით გამოწვეული - გენეტიკურად პირობადებულია.
  • შაკიკი, თავის ტკივილი.
  • სერიოზული მიზეზები - მხოლოდ ღებინება (დიარეის გარეშე) უნდა შეწყდეს 24 საათის განმავლობაში. თუ ის გაგრძელდა 24 საათზე მეტ ხანს, უნდა ვიფიქროთ უფრო სერიოზულ მიზეზებზე.
  • ციკლური ღებინება - განმეორებითი ღებინების შეტევები, რომელიც იწყება და წყდება მოულოდნელად.

ღებინების სიმძიმე

  • მსუბუქი: 1-2-ჯერ დღეში
  • ზომიერი: 3-7-ჯერ დღეში
  • მძიმე: აღებინებს ყველაფერს, თითქმის ყველაფერს ან ღებინების ეპიზოდი 8-ჯერ ან მეტჯერ დღეში.

ღებინების ყველაზე დიდი რისკი არის გაუწყლოვანება!

დაუყოვნებლად მიმართეთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან პედიატრს, თუ ბავშვს აღენიშნება:

  • ნაღვლოვანი (მწვანე) ან სისხლნარევი (მოწითალო-მოყავისფრო) ნაღებინები მასები, რომელიც არ არის გამოწვეული ცხვირიდან სისხლდენით
  • ნებისმიერი შეტევითი ხასიათის ღებინება ახალშობილებში და ჩვილებში
  • თუ ჩვილი არ იღებს საკვებს ან სითხეს რამდენიმე საათის განმავლობაში
  • ვერ იღვიძებს
  • ღებინება სითხის მიღების შემდეგ >8 საათის განმავლობაში
  • ღებინება გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს
  • ზომიერი ან მძიმე დეჰიდრატაცია:
    • წყურვილი
    • პირის ლორწოვანის სიმშრალე, დახეთქილი ტუჩები
    • ცრემლების არარსებობა ტირილის დროს
    • 4-6 საათის განმავლობაში მშრალი საფენი ან შარდის არარსებობა (ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში), 6-8 საათის განმავლობაში შარდის არარსებობა (უფროსი ასაკის ბავშვებში)
    • მუქი ყვითელი ან მოყავისფრო შარდი
    • ჩავარდნილი თვალები
    • ჩავარდნილი ყიფლიბანდი
  • მუცლის ძლიერი ტკივილი, მაშინაც თუ ის იწყება და თავისით გაივლის
  • სისხლიანი განავალი
  • ცხელება 39° თუნდაც ერთი ეპიზოდი ან ცხელება 38.4° სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობით
    ქცევის ცვლილება, მათ შორის მოთენთილობა ან აგზნება
  • კისრის გაშეშება (ვერ მიაქვს თავი ნიკაპთან)
  • თავის ტკივილი
  • ეჭვი აპენდიციტზე (ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში, არ დარბის და წევს გაუნძრევლად)
  • ეჭვი მოწამვლაზე
  • ეჭვი უცხო სხეულის გადაყლაპვაზე
  • ეჭვი საშარდე სისტემის ინფექციაზე (გვერდის ან წელის ტკივილი, ცხელება, ტკივილი შარდვის დროს, არასასიამოვნო სუნის მქონე შარდი)
  • ღებინება პედიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტის მიღების დროს
  • თქვენ თვლით, რომ ბავშვს აქვს გადაუდებელი მდგომარეობა

ბინაზე მოვლა და კვების რეჟიმი

ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები

მიეცით ორალური რეჰიდრატაციული ხსნარი 8 საათის განმავლობაში. ორალური რეჰიდრატაციული ხსნარი მიეცით ერთზე მეტი ღებინების დროს:

  • დაალევინეთ ჩაის კოვზით ან შპრიცით. მიეცით 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ.) 5 წუთში ერთხელ.
  • თუ სითხის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში ღებინება არ განმეორდა, გააორმაგეთ რაოდენობა.
  • თუ სითხის მიღებიდან 8 საათის განმავლობაში ღებინება არ განმეორდა, გადადით ჩვეულ კვებაზე.

ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვები

შეამცირეთ დედის რძის რაოდენობა თითოეულ კვებაზე:

  • ერთზე მეტი ღებინების დროს კვებეთ 5 წუთის განმავლობაში ყოველ 30-60 წუთში ერთხელ. თუ კვებიდან 4 საათის განმავლობაში ღებინება არ განმეორდა, გადადით ჩვეულებრივ რეჟიმზე.
  • თუ ბავშვს კვლავ ექნება ღებინება, დაიწყეთ ორალური რეჰიდრატაციული ხსნარის მიცემა 4 საათის განმავლობაში.დაალევინეთ ჩაის კოვზით ან შპრიცით. მიეცით 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) 5 წუთში ერთხელ.
  • თუ 4 საათის განმავლობაში ღებინება არ განმეორდა, გადადით ძუძუთი კვების ჩვეულ რეჟიმზე. დაიწყეთ მცირე ულუფებით 5 წუთის განმავლობაში ყოველ 30 წუთში. თუ ბავშვი ეგუება აღნიშნულ რეჟიმს, ნელ-ნელა გაზარდეთ ულუფა.

1 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

მიეცით გამჭვირვალე სითხე მცირე ულუფებით 8 საათის განმავლობაში:

  • სპეციალური ორალური რეჰიდრატაციული სითხის გარდა შეიძლება წყლის მიცემა. ის უფრო ადვილად შეიწოვება კუჭში.
  • დაალევინეთ ჩაის კოვზით ან შპრიცით. მიეცით 2-3 ჩაის კოვზი (10-15 მლ) 5 წუთში ერთხელ.
  • თუ სითხის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში ღებინება არ განმეორდა, გაზარდეთ რაოდენობა.
  • თუ სითხის მიღებიდან 8 საათის განმავლობაში ღებინება არ განმეორდა, გადადით ჩვეულ კვებაზე.
  • თუ ღებინება გაგრძელდა 12 საათის განმავლობაში ისევ გადადით ორალური რეჰიდრატაციული სითხის მიღებაზე.

შეაჩერეთ მყარი საკვების მიღება ღებინების დროს

  • თუ 8 საათის განმავლობაში ღებინება არ განმეორდა, ნელ-ნელა დააბრუნეთ ჩვეულებრივი რაციონი.
  • კვება შეიძლება დაიწყოთ ისეთი პროდუქტებით, რომლებიც ადვილად მოინელება, მაგ. კრეკერები და პური.

არ მისცეთ მედიკამენტები

  • შეაჩერეთ ურეცეპტო მედიკამენტების მიცემა 8 საათის განმავლობაში. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გააუარესოს ღებინება.
  • თუ ბავშვს ცხელების გამო ესაჭიროება მედიკამენტის მიღება, გამოიყენეთ აღნიშნული მედიკამენტის რექტალური ფორმა. მოერიდეთ იბუპროფენს, მან შეიძლება გააღიზიანოს მშიერი კუჭი.
  • დაურეკეთ ბავშვის ექიმს, თუ მის მიერ დანიშნული მედიკამენტის მიღება ვერ ხერხდება ღებინების გამო.

ეცადეთ, ბავშვმა დაიძინოს

რეკომენდებულია ძილი რამდენიმე საათის განმავლობაში, რადგან ძილის დროს კუჭი იცლება და ღებინების მიზეზიც ქრება.

საბავშვო დაწესებულებაში დაბრუნება

ბავშვი შეიძლება დაბრუნდეს სკოლაში ან ბაღში ღებინებისა და ცხელების დამთავრების შემდეგ.

რას უნდა ველოდოთ?

  • ბავშვმა შეიძლება აღებინოს ყველაფერი პირველი 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ კუჭი მშვიდდება.
  • ვირუსული ინფექციის გამო განვითარებული ღებინება ჩვეულებრივ წყდება 12-24 საათში.
  • მსუბუქი გულისრევა და ღებინება შეიძლება გაგრძელდეს 3 დღემდე.