როტაბლაცია
რა არის კორონარული სისხლძარღვების როტაბლაცია?
როტაციული ათერექტომია, იგივე როტაბლაცია, ინვაზიური მანიპულაციაა, რომლის დროსაც ხდება კორონარული არტერიების მყარი, კალციფიცირებული ატეროსკლეროზული ფოლაქების დაშლა/ამოკვეთა მბრუნავი ინსტრუმენტის, ე.წ. როტაბლატორის გამოყენებით.
ათეროსკლეროზული ფოლაქი, დროთა განმავლობაში ყალიბდება ცხიმოვანი სუბსტანციისაგან, რომელიც წარმოიქმნება ქოლესტერინის, კალციუმის და სხვა ნივთიერებებისაგან, გროვდება კორონარულ არტერიებში და იწვევს სისხლძარღვების ნაწილობრივ ან სრულ დახშობას. დახშულ ან შევიწროვებულ სისხლძარღვში სისხლის დინების დარღვევის გამო, ხდება გულის კუნთოვანი ქსოვილის სისხლში არსებული ჟანგბადით მომარაგების დარღვევა, რაც გულის შეტევას (იშემიას, სტენოკარდიას ან ინფარქტს) იწვევს. თუ ათეროსკლეროზული ფოლაქი საკმარისად რბილია, პაციენტს ჩვეულებრივ, სტანდარტულად უტარდება შევიწროვებულ ადგილას სტენტის ჩადგმის პროცედურა. თუმცა, არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ათეროსკლეროზული ფოლაქი ზედმეტად მყარია, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება როტაბლაციის აპარატის გამოყენება.
როტაციული ათერექტომია სრულდება პატარა მბრუნავი თავაკის საშუალებით, რომელიც მაღალი სისწრაფით ბრუნავს, შლის კალციფიცირებულ შევიწროვებას კორონარულ არტერიაში და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის აღდგენას.
როდის არის საჭირო როტაბლაცია?
როტაბლაცია ინიშნება პაციენტის მკურნალი ექიმი-კარდიოლოგის გადაწყვეტილებით შემდეგი ჩვენებების დროს:
- თუ პაციენტის კორონარული არტერიები მნიშვნელოვნად კალციფიცირებულია, რაც შეუძლებელს ხდის სტანდარტული ანგიოპლასტიკის ჩატარებას სტენტირებით;
- თუ მკურნალობის სხვა მეთოდები არ შეესაბამება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან ანატომიურ ფაქტორებს;
- თუ პაციენტს აღენიშნება ქრონიკული ოკლუზიები, სადაც არტერიები სრულიად დახშულია და საჭიროებს სპეციალურ ინტერვენციას.
როგორ ტარდება როტაბლაციის პროცედურა?
ისევე როგორც კორონაროგრაფიისას ან კორონარული სტენტირებისას, როტაბლაციის პროცედურის დაწყებამდეც პაციენტს ადგილობრივი ანესთეზია უკეთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანიპულაციის პროცესში ის ფხიზელია. პროცედურის დროს ექიმი მაჯის ან ბარძაყის არტერიიდან კათეტერს საშუალებით კორონარულ სისხლძარღვებში სპეციალურ კონტრასტულ ნივთიერებას შეიყვანს. ეს ნივთიერება რენტგენის სხივს არ ატარებს, რაც ექიმს არტერიების ანატომიისა და გამავლობის დათვალიერების საშუალებას აძლევს. დახშულ არტერიაში ექიმი ფრთხილად ატარებს როტაბლატორს - წვრილ, თავაკს, რომელიც ადგილზე განთავსების შემდეგ იწყებს ბრუნვას, და შლის/ჭრის კალციფიცირებულ შევიწროვებას. როტაბლაციის შემდეგ, როგორც წესი, კორონარული არტერიის ხელახალი შევიწროების პრევენციის მიზნით ტარდება ანგიოპლასტიკა სტენტირებით.
რა ხდება პროცედურის შემდეგ?
მანიპულაციის დასრულების შემდეგ, პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში წოლა უწევს. ხდება მისი წნევის, გულისცემის, და სხვამაჩვენებლების მონიტორინგი. პაციენტის კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და დაავადების სიმძიმეზე. ამის შემდეგ, მკურნალი ექიმი გასცემს შემდგომი მკურნალობის ინსტრუქციას და დანიშნავს მომდევნო ვიზიტს მკურნალობის პროგრესისა და პროცედურის შედეგების მონიტორინგისთვის.
შესაძლო გართულებები
ისევე როგორც კორონარული სტენიტრება, ჩვეულებრივ, როტაბლაცია დაბალ-რისკიანი პროცედურაა. გართულებები იშვიათია, თუმცა როგორც ყველა სხვა ჩარევის და მანიპულაციის დროს, არსებობს იშვიათი გართულებები, მათ შორის ძალიან იშვიათად - ლეტალური გამოსავლის დადგომა. სახლში გაწერილმა პაციენტმა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ აქვს:
- ტკივილი მკერდის არეში;
- გაძნელებული სუნთქვა;
- სისხლდენა ან ძლიერი სიწითლე ან ინფექციის ნიშნები კათეტერის შეყვანის ადგილას;
- ტემპერატურა.
რეკომენდაციები
კლინიკის დატოვების შემდეგ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია:
- მოერიდოს ფიზიკურ დაძაბულობას - ვარჯიშს, სიმძიმის აწევას, სახლის საქმეს, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ შრომას;
- დაისვენოს და დალიოს ბევრი წყალი (ზოგ შემთხვევაში ეს რეკომენდაცია იცვლება);
- დაიცვას დიეტური კვებითი რეჟიმი ექიმის დანიშნულებისამებრ;
- ზედმიწევნით დაიცვას მედიკამენტების მიღების რეჟიმი ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
- განმეორებით ჩანიშნოს ექიმთან ვიზიტი პროცედურიდან გარკვეულ პერიოდში.
- მოერიდოს თამბაქოს და ალკოჰოლს.