ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება საშვილოსნოს ყელში, საშვილოსნოს ქვედა ნაწილში, რომელიც უკავშირდება საშოს. ის დროთა განმავლობაში ვითარდება და ხშირად შესაძლებელია სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს ტიპები

საშვილოსნოს ყელის კიბოს ორი ძირითადი ტიპი არსებობს:

  • ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა - ეს არის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 70-90%-ს შეადგენს. იგი წარმოიქმნება ბრტყელი უჯრედებიდან, რომლებიც ფარავს საშვილოსნოს ყელს;
  • ადენოკარცინომა - წარმოიქმნება საშვილოსნოს ყელის ჯირკვლოვანი უჯრედებიდან. ეს ტიპი ნაკლებად გავრცელებულია და შეადგენს შემთხვევათა დაახლოებით 10-30%-ს.

ასევე არსებობს საშვილოსნოს ყელის კიბოს რამდენიმე იშვიათი სახეობა, მათ შორის:

  • ადენოსკვამური კარცინომა - შერეული ტიპი, რომელიც შეიცავს როგორც ბრტყელ, ასევე ჯირკვლოვან უჯრედებს;
  • წვრილუჯრედოვანი კარცინომა - საშვილოსნოს ყელის კიბოს ძალიან იშვიათი და აგრესიული ფორმა;
  • ნეიროენდოკრინული სიმსივნეები - ეს ასევე იშვიათია და წარმოიქმნება საშვილოსნოს ყელის ნეიროენდოკრინული უჯრედებიდან;
  • რაბდომიოსარკომა, ცერვიკალური ლიმფომა და სარკომა - წარმოადგენენ ძალიან იშვიათ სახეობებს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზები

საშვილოსნოს ყელის კიბო ძირითადად გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) მაღალი რისკის ტიპების მუდმივი ინფექციით. დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • HPV ინფექცია - საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების უმეტესობა დაკავშირებულია მაღალი რისკის მქონე HPV შტამებთან. სქესობრივად აქტიური პირების უმეტესობა შესაძლოა დაინფიცირდეს HPV-ით, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ვირუსი შესაძლებელია გართულდეს და გამოიწვიოს კიბო;
  • მოწევა - მწეველ ქალებს უფრო მეტად უვითარდებათ საშვილოსნოს ყელის კიბო. თამბაქოს ქვეპროდუქტებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საშვილოსნოს ყელის უჯრედებზე და იმოქმედონ HPV-სთან;
  • დასუსტებული იმუნური სისტემა - სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები, როგორიცაა, მაგალითად, აივ ინფექციით დაავადებულები, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან;
  • ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება - ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხანგრძლივმა გამოყენებამ (5 წელზე მეტი) შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი;
  • დაუცველი სქესობრივი კავშირი სხვადასხვა პარტნიორთან - ბევრი სქესობრივი პარტნიორის ყოლა ზრდის HPV-ს ზემოქმედების რისკს;
  • ადრეული სქესობრივი აქტივობა - ახალგაზრდა ასაკში დაწყებულმა სქესობრივმა აქტივობამ შესაძლოა გაზარდოს HPV ინფექციის რისკი;
  • გენეტიკური ფაქტორი - საშვილოსნოს ყელის კიბო შესაძლებელია იყოს გენეტიკური.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომები

საშვილოსნოს ყელის ადრეული კიბო ხშირად ასიმპტომურია, რაც ხაზს უსვამს სკრინინგის მნიშვნელობას. ასიმპტომურ პაციენტებში საშვილოსნოს ყელის კიბო შეიძლება გამოვლინდეს სკრინინგის შედეგად ან შემთხვევით, თუ ხილული დაზიანება აღმოჩენილია მენჯის გამოკვლევისას.

 

სიმპტომების მქონეთათვის, ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • არარეგულარული ვაგინალური ან პოსტკოიტალური (სქესობრივი აქტის შემდგომი) სისხლდენა;
  • მენჯის ტკივილი;
  • წონის აუხსნელი კლება;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • წყლისებრი გამონადენი საშოდან;
  • ჰემატურია, ჰემატოქეზია ან შარდის ან განავლის ვაგინალური გასვლა (ეს სიმპტომები იშვიათია და მიუთითებს დაავადების გავრცელებაზე შარდის ბუშტში ან სწორ ნაწლავში).

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირება

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტირების რამდენიმე მეთოდი არსებობს:

  • პაპ ტესტი - ეს სკრინინგული ციტოლოგიური ტესტი შეისწავლის უჯრედებს საშვილოსნოს ყელიდან კიბოსწინარე ცვლილებებისა და კიბოს შემოწმების მიზნით;
  • HPV ტესტი - ადგენს ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) არსებობას, საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითად მიზეზს. იგი შეიძლება გაკეთდეს პაპ ტესტის პარალელურად ან ცალკე;
  • კოლპოსკოპია - თუ პაპ ტესტის ან HPV ტესტის მეშვეობით პათოლოგიური შედეგები აღმოჩენილია, შეიძლება ჩატარდეს კოლპოსკოპია;
  • ბიოფსია ან კონიზაცია - გამოსაკვლევად იღებენ საშვილოსნოს ყელის ქსოვილის ნიმუშს;
  • თუ საშვილოსნოს ყელის კიბო დიაგნოსტირებულია, ისეთი კვლევები, როგორიცაა MRI, CT სკანირება ან PET სკანირება, ინიშნება კიბოს გავრცელების დასადგენად ანუ კლინიკური სტადირებისათვის.

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია კიბოს სტადიასა და პაციენტის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, რადიოთერაპიას, ქიმიოთერაპიას, ტარგეტულ და იმუნოთერაპიას. კერძოდ, ტარდება:

  • კონიზაცია - საშვილოსნოს ყელის კონუსის ფორმის მონაკვეთის მოცილება ადრეული სტადიის კიბოს ან კიბოსწინარე ცვლილებებისთვის;
  • ჰისტერექტომია - საშვილოსნოს და საშვილოსნოს ყელის ამოკვეთა;
  • რადიკალური ჰისტერექტომია - მოიცავს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, მიმდებარე ქსოვილების და ახლომდებარე ლიმფური კვანძების მოცილებას;
  • რადიოთერაპია - გარე სხივის გამოსხივება - მიზნად ისახავს სიმსივნის გამოდევნას სხეულიდან;
  • ბრაქითერაპია - გულისხმობს საშვილოსნოს ყელის შიგნით რადიოაქტიური მასალის განთავსებას;
  • ქიმიოთერაპია - იყენებს წამლებს კიბოს უჯრედების მოსაკლავად ან მათი ზრდის შესაჩერებლად. ქიმიოთერაპია შეიძლება დაინიშნოს ცალკე ან სხივურ თერაპიასთან ერთად, მოწინავე სტადიების შემთხვევაში;
  • ტარგეტული თერაპია - ეს მიდგომა იყენებს წამლებს და ხშირად ფოკუსირებულია კონკრეტულ გენეტიკურ მარკერებზე ან მოლეკულებზე;
  • იმუნოთერაპია - იყენებს სხეულის იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად;
  • კლინიკური კვლევები - პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კლინიკურ კვლევებში, რომლებიც გულისხმობს მკურნალობის ახალი მეთოდების შესწავლას.

რეგულარული კვლევები და მონიტორინგი აუცილებელია რეციდივისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგმა HPV ვაქცინაციასთან ერთად შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები. გაიცანით "ნიუ ჰოსპიტალსის" გამოცდილი და კვალიფიციური ექიმების გუნდი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190