ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

შეტევითი ხველა

რა არის ხველა?

  • ხველა არის მნიშვნელოვანი რეფლექსი, მოქმედება, რომელიც წარმოიშვება სასუნთქი გზების გასუფთავების მცდელობისას.
  • ხველის უმრავლესობა წარმოადგენს გაციების ნიშანს.
  • შეტევითი ხველა ეწოდება 5 წუთის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში განვითარებულ შეუჩერებელ ხველას.
  • ხველა შეიძლება იყოს მშრალი (ნახველის გარეშე) ან სველი (თეთრი, ყვითელი ან მწვანე ფერის ნახველით).

ხველის მიზეზები

  • გაციება ანუ ვირუსული ბრონქიტი - ბაქტერიები არ იწვევს ბრონქიტს ჯანმრთელ ბავშვებში.
  • ფილტვის ბაქტერიული ინფექციები - მაგალითად, ფილტვის ანთება.
  • წიაღების ინფექცია - ხველა შეიძლება განვითარდეს, როდესაც ხახის უკანა კედელზე არსებული ჩანადენი აღიზიანებს სასუნთქ გზებს ან როდესაც წიაღის შიგნით განვითარებული წნევა წარმოქმნის ხველის რეფლექსს.
  • ალერგიული ხველა - ვითარდება ალერგიული ნივთიერებების შესუნთქვის ან რამეზე ალერგიის განვითარების დროს
  • ასთმა - ასთმა მსტვინავი სუნთქვით წარმოადგენს ქრონიკული ხველის ხშირ მიზეზს. ასთმის მქონე ბავშვების 25%-ს აღენიშნება მხოლოდ ხველა მსტვინავი სუნთქვის გარეშე.
  • ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ხველა - განპირობებულია სასუნთქი გზების გაღიზიანებით. ყველაზე ხშირი მიზეზია თამბაქოს ბოლი.
  • ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული ხველა - ძლიერდება სირბილის, განსაკუთრებით კი ცივი ჰაერის შესუნთქვისას.
  • სერიოზული მიზეზებით გამოწვეული ხველა - ბრონქიოლიტი, ყივანახველა ან სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრა.

სუნთქვის გაძნელება წარმოადგენს ექიმთან ბავშვის მიყვანის მიზეზს.

სუნთქვის გაძნელებაზე მიუთითებს შემდეგი ნიშნები:

  • ქოშინი ან სუნთქვაზე დამატებითი ძალისხმევის განხორციელება
  • სუნთქვის დროს ლაპარაკის ან ტირილის გაძნელება
  • სუნთქვის დროს ნეკნების ჩაზნექა (რეტრაქციები)
  • ხმაურიანი სუნთქვა (მაგალითად სტვენა)
  • მყეფავი ხველა, ხმის ტემბრის შეცვლა
  • სუნთქვის გახშირება
  • ტუჩების ან სახის მოლურჯო შეფერილობა

ნახველი

ყვითელი ან მწვანე ნახველის არსებობა ნორმალური მოვლენაა ვირუსული ბრონქიტის ჩათავების დროს. მისი ამოხველება ნიშნავს, რომ ტრაქეის კედლის ლორწოვანი გარსი დაზიანებული იყო ვირუსით. ანტიბიოტიკები არ არის ყოველთვის საჭირო ყვითელი ან მწვანე ნახველის სამკურნალოდ, რომელიც ჩნდება გაციების შემდეგ.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგ სიტუაციებში

  • ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება (ახორციელებს დამატებით ძალისხმევას სუნთქვის დროს, არ შეუძლია ლაპარაკი ან ტირილი).
  • ბავშვს განუვითარდება სუნთქვის გაჩერება.
  • ტუჩები ან სახე იღებს მოლურჯო შეფერილობას.
  • ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა.
  • ბავშვს გადასცდა რაიმე უცხო სხეული.
  • ნეკნები იდრიკება ყოველი ჩასუნთქვის დროს (რეტრაქციები).
  • გესმით უხეში ხმა ჩასუნთქვის დროს (სტრიდორი).
  • აღენიშნება შეუჩერებელი შეტევითი ხველა.
  • გამოხატულია მსტვინავი ხმა ამოსუნთქვის დროს.
  • ბავშვი სუნთქავს სწრაფად.
  • ვერ სუნთქავს ღრმად გულმკერდის არეში ტკივილის გამო.
  • გამოხატულია გულმკერდის ძლიერი ტკივილი.
  • ბავშვი ამოახველებს სისხლს.
  • არ აქვს ნათელი ცნობიერება სიფხიზლის დროს.
  • აქვს სუსტი იმუნური სისტემა (ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, შიდსი, სიმსივნური დაავადება, ღებულობს სტეროიდებს).
  • არის მაღალი რისკის ბავშვი (ცისტური ფიბროზი ან სხვა ქრონიკული დაავადება).
  • არის 12 კვირამდე ასაკის და აღენიშნება ცხელება.
  • აქვს ცხელება 40°-მდე.
  • გამოიყურება ცუდად.

დაუკავშირდით ოჯახის ექიმს შემდეგ სიტუაციებში

  • ბავშვი არის 6 თვემდე ასაკის
  • აქვს ყურის ტკივილი ან ყურიდან გამონადენი
  • აქვს ტკივილი წიაღების არეში
  • ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს
  • გულმკერდის არეში ტკივილი, როდესაც ბავშვი არ ახველებს
  • ხველა იწვევს ღებინების 3 ან მეტ ეპიზოდს
  • ხველის გამო ბავშვი არ დადის საბავშვო დაწესებულებაში 3 ან მეტი დღე
  • ხველასთან ერთად გამოხატულია ალერგიის სიმპტომები (სურდო, თვალების ქავილი)
  • სურდო გრძელდება 14 დღე ან მეტი
  • ხველა გრძელდება 3 კვირა ან მეტი

რა უნდა ვიცოდეთ ხველის შესახებ

  • უხშირესად ხველა არის გაციების ნიშანი.
  • ნახველის ამოხველება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის იცავს ფილტვებს ანთებითი პროცესის განვითარებისგან.
  • ხველის უნარის სრულად მოსპობა არ არის მიზანშეწონილი.

ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები

ექიმის დანიშნულების გარეშე ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენება არ არის რეკომენდებული. არ არის დადასტურებული მათი სარგებლობა და არ არის მიზანშეწონილი მათი გამოყენება 4 წლამდე ბავშვებში.

ხველის შეტევები - თბილი ორთქლი და სითხის მიღება

  • თბილი ორთქლის შესუნთქვა, მაგალითად აბაზანაში.
  • თბილი სითხე დასალევად.
  • არ გამოიყენოთ თბილი სითხე 3 თვემდე ასაკის ბავშვებში.
  • 3 თვიდან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოიყენეთ თბილი სითხე 30 მლ 4-ჯერ დღეში.
  • 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოიყენეთ თბილი სითხე მეტი რაოდენობით.

ღებინება ძლიერი ხველის შედეგად

  • ხველის დროს განვითარებული ღებინების შემთხვევაში მიეცით საკვების მცირე ულუფები და კვებეთ უფრო ხშირად.
  • ხველის შედეგად ღებინების განვითარება უფრო ხშირია სავსე კუჭის დროს.

წაახალისეთ ბავშვის მიერ სითხის მიღება

  • სითხის მიღება თავიდან აგვაცილებს გაუწყლოვანებას.
  • სითხე ხელს უწყობს ნახველის გათხელებას და აადვილებს მის ამოხველებას.
  • ის ასევე ათხელებს ცხვირის ღრუში არსებულ სეკრეტს.
  • თუ ოთახის ჰაერი ძალიან მშრალია, დაატანიანეთ. მშრალი ჰაერი აუარესებს ხველას.

საბავშვო დაწესებულებაში დაბრუნება

საბავშვო დაწესებულებაში დაბრუნება დაშვებულია ცხელების და შეტევითი ხველის ჩამთავრების შემდეგ.

რას უნდა ველოდოთ

  • ვირუსული ბრონქიტით გამოწვეული ხველა გრძელდება 2-3 კვირის მანძილზე.
  • ვირუსული ბრონქიტის დროს ნახველი შეიძლება იყოს შეფერილიც, მაგრამ ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს.
  • ბაქტერიული ინფექციების დროს საჭიროა ანტიბიოტიკით მკურნალობა.
  • გულმკერდის რენტგენოგრაფია დაავდების პირველივე დღეებში ხშირ შემთხვევაში არ არის საჭირო.