თვალის სიწითლე
თვალის სიწითლე შესაძლოა იყოს მხოლოდ მსუბუქი კონიუნქტივიტის, ან სხვა რაიმე ნაკლებად პრობლემური დაზიანების ნიშანი, თუმცა თუ იგი ხდება მტკივნეული, ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს უფრო სერიოზული პრობლემით - ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ გაქვთ თვალის სიწითლე, რომელსაც თან ერთვის ტკივილის შეგრძნება ან სხვა სიმპტომები, როგორიც არის დაქვეითებული მხედველობა, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თავის ტკივილი ან გულისრევის შეგრძნება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თვალის სიწითლის გამომწვევი მიზეზები
თვალის სიწითლის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის კონიუნქტივიტი. რიგით მეორე გამომწვევ მიზეზს განეკუთვნება თვალის თეთრ უბანში სისხლძარღვის გასკდომა.
კონიუნქტივიტი
კონიუნქტივიტი არის თვალის ლორწოვანი გარსის, კონიუნქტივას ანთება, ეს არის თხელი გარსი, რომელიც ფარავს თვალის წინა და ქუთუთოს შიდა ზედაპირს. კონიუნქტივიტი იწვევს თვალის ზედაპირული სისხლძარღვების შეშუპებასა და უცხო სხეულის შეგრძნებას. ალერგიული კონიუნქტივიტი ძირითადად აზიანებს ორივე თვალს და იწვევს ძლიერ ქავილს, მაშინ როდესაც ვირუსული კონიუნქტივიტი თავდაპირველად აზიანებს ერთ თვალს (ხასიათდება ცრემლდენით), ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ სიწითლე ვითარდება მეორე თვალშიც. ვირუსული კონიუნქტივიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია გაციება. ბაქტერიული კონიუნქტივიტი ძირითადად ხასიათდება ლორწოვანი გამონადენით ერთი თვალიდან, ქუთუთოების გარშემო კი ვითარდება კანის გამოშრობა.
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის კონიუნქტივიტი გაქვთ. ზოგიერთი შემთხვევა საერთოდ არ საჭიროებს მკურნალობას, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა დაგენიშნოთ თვალის წვეთები. შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ სიმპტომები სახლის პირობებში, თუ მიყვებით რამდენიმე რჩევას:
- მოერიდეთ ხელით თვალზე შეხებას და შემდეგ მეორე თვალზე გადატანას, რადგან ეს იწვევს ინფექციის გავრცელებას;
- არ გაიკეთოთ მაკიაჟი და არ გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები, სანამ არ გაივლის კონიუნქტივიტი;
- არ გაუზიაროთ სხვას თქვენი პირსახოცი, ბალიში და სხვა პირადი ჰიგიენის ნივთები, სანამ გაქვთ კონიუნქტივიტი.
გაჭინთვამ ან ხველამ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის მომმარაგებელი სისხლძარღვის გასკდომა თვალის ზედაპირზე და წარმოქმნას წითელი ლაქა. მას ეწოდება სუბკონიუნქტივალური ჰემორაგია. ის შეიძლება იყოს საგანგაშო ნიშანი, ისეთ შემთხვევაში თუ იღებთ ისეთ მედიკამენტს, როგორიც არის ასპირინი ან ვარფარინი (ისინი ამცირებენ სისხლის შედედების უნარს, რის გამოც ჩნდება სიწითლე თვალზე, თუმცა ასეთი სიწითლე ქრება რამდენიმე კვირის განმავლობაში).
მტკივნეული თვალის ყველაზე ხშირი გამომწვევები მიზეზითუ გაქვთ თვალის სიწითლე და ტკივილი, ან გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მხედველობის დაქვეითება, მაშინ გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილი.
ირიტი
ირიტი არის ფერადი გარსის ანთება (თვალის ფერადი ნაწილი). ცნობილია როგორც, წინა უვეიტი. ძირითადად მისიგამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა შეიძლება გამოწვეული იყოს თანმხლები ინფექციით.
ირიტი ხასიათდება თვალის სიწითლესთან ერთად, სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობით. ასევე ახასიათებს თავის ტკივილი და ბუნდოვანი მხედველობა.
მწვავე გლაუკომა
მწვავე გლაუკომა არის მდგომარეობა, როდესაც უეცრად იზრდება თვალის შიდა წნევა, ეს უკანასკნელი იწვევს თვალის ძლიერ ტკივილს, შესაძლოა შენიშნოთ სინათლის ირგვლივ ნათება, ასევე შეიძლება დაგიქვეითდეთ მხედველობა.
რქოვანას წყლული
რქოვანას წყლული ძირითადად გამოწვეულია ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით და იწვევს უცხო სხეულის შეგრძნებას. რქოვანას ბაქტერიული წყლული ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს.
რქოვანას ეროზია ან მცირე ზომის უცხო სხეული რქოვანაზე
თუ თვალში ჩაგივარდათ რაიმე ნაწილაკი, როგორიც არის ქვიშის მარცვალი, ექიმი ეცდება მის ამოღებას. თვდაპირველად მოხდება თვალის ტკივილის გაყუჩება, თვალის ზედაპირის გაყუჩებისთვის იყენებენ ანესთეტიკს. თუ ნაწილაკმა გაკაწრა რქოვანა, საანესთეზიო საშუალების მოქმედების გასვლის შემდგომ, შესაძლოა გქონდეთ დისკომფორტის შეგრძნება, რის შემდეგაც შესაძლოა დაგინიშნონ თვალში ჩასაწვეთებელი ანტიბიოტიკები ან მალამო.