ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ვარიკოზული ვენები და ობობისებური ვენები

რა არის ვარიკოზული ვენები და ობობისებური ვენები?

ვარიკოზული და ობობისებური ვენები (ე.წ. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, spider) ვენები) ძლიერ გავრცელებულია და შეიძლება იყოს ვენური დაავადების ნიშანი. ისინი წარმოიქმნება ვენების სარქველების დაზიანებისა და ვენური სისხლის გადინების დარღვევის შედეგად, რაც იწვევს ვენების გადატვირთვას, გაფართოებას და დაკლაკნილობას.

მათ შორის განსხვავება ისაა, რომ ვარიკოზული ვენები უფრო დიდი და გამობერილია, ხოლო ობობისებური ვენები პატარა, წვრილი, და ზედაპირულია. ვარიკოზული ვენები ძირითადად გვხვდება ფეხებზე, და შეიძლება იწვევდეს სხვა სიმპტომებსაც: სიმძიმე, შეშუპება, ე.წ. „კუნთის გაკვანძვები“; ხოლო ობობისებური ვენები შესაძლოა გაჩნდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, მათ შორის სახეზე და ტკივილთან და შეშუპებასთან არ არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვარიკოზული და ობობისებური ვენები შეიძლება მხოლოდ ვიზუალურად იყოს არადამაკმაყოფილებელი, ხშირ შემთხვევებში შეიძლება სერიოზული გართულებების განვითარება გამოიწვიოს.

 

რა არის ვარიკოზული და ობობისებური ვენების გამომწვევი მიზეზები?

 

უცნობია, რა იწვევს ვარიკოზული და ობობისებური ვენების განვითარებას, თუმცა არსებობს გარკვეული მემკვიდრეობითი ფაქტორიც. აღსანიშნავია, რომ დაავადება მეტად ქალებს ემართებათ და უკავშირდება ჰორმონალური ცვლილებებს, რომლებიც ორგანიზმში სქესობრივი მომწიფების, ორსულობის, ლაქტაციის და მენოპაუზის დროს ხდება.

ვარიკოზული და ობობისებური ვენების განვითარების სხვა რისკ ფაქტორებია:

  • უმოძრაობა;
  • სიმსუქნე;
  • მოწევა;
  • ვენების ღრმა თრომბოზი;
  • ასაკი. 

რა სიმპტომები ახასიათებს ვარიკოზულ და ობობისებურ ვენებს?

 

ვარიკოზული და ობობისებური ვენები სხვადასხვა ფორმით ვლინდება, თუმცა ორივე შემთხვევაში ისინი ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან არის დაკავშირებული. ვარიკოზული ვენები უფრო გამობერილია და შეიძლება იყოს მტკივნეულიც, მაშინ როცა ობობისებური ვენები უმეტესად ესთეტიკურ დისკომფორტს იწვევს. სიმპტომების დროული ამოცნობა და მკურნალობა მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ვარიკოზული ვენების სიმპტომებია:

  • გაფართოებული, შეშუპებული და მუქი ფერის ვენები, რომლებიც ხშირად კანიდან გამობერილი და დაკლაკნილია;
  • სიმძიმისა და წვის შეგრძნება ქვემო კიდურებში, რომელიც დღის ბოლოს უფრო მეტად გამოიხატება;
  • კანის ქავილი;
  • ფეხების შეშუპება, განსაკუთრებით კოჭისა და წვივის არეში;
  • კუნთების უნებლიე კრუნჩხვა, ე.წ. „გაკვანძვა“;
  • მოუსვენარი ფეხების სინდრომი;
  • კანის ცვლილებები – გაწითლება, მუქი ლაქების გაჩენა და სიმშრალე/აქერცვლა.

ობობისებური ვენები სისხლის მიმოქცევის დარღვევის უფრო მსუბუქი ფორმაა. ის ძირითადად ზედაპირულად ვლინდება, აზიანებს კაპილარებს და არტერიოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ობობისებური ვენები სერიოზულ გართულებებს იშვიათად იწვევს, ზოგჯერ შეიძლება მოჰყვეს მსუბუქი დისკომფორტი ან ქავილი. მათი დროული გამოვლენა და მკურნალობა ხელს უწყობს უფრო სერიოზული ვენური პრობლემების თავიდან აცილებას.

ობობისებური ვენების სიმპტომებია:

  • წვრილი, ლურჯი, წითელი ან იისფერი ხაზები – ხშირად ფეხებზე ან სახეზე;
  • ესთეტიკური დისკომფორტი;
  • მსუბუქი წვა ან ქავილი დაზიანებული არეში.
  • სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად და უფრო მეტად გამოხატული იყოს ცხელ ამინდში და უმოძრაობის დროს.

 

როგორ ხდება ვარიკოზული და ობობისებური ვენების დიაგნოსტირება?

 

ვარიკოზული და ობობისებური ვენების დიაგნოსტიკა უმეტესად მარტივი პროცესია და ხშირად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებითაც შესაძლებელია მათი ამოცნობა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებითი კვლევები ტარდება ვენების მდგომარეობის უფრო დეტალურად შესაფასებლად და გართულებების გამოსარიცხად.

პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს ფიზიკურ გამოკვლევას, რომლის დროსაც ექიმი ათვალიერებს დაზიანებულ ვენებს, აფასებს შეშუპებას, კანის ცვლილებებსა და სხვა შესაძლო სიმპტომებს. ასევე ხდება სამედიცინო ისტორიის განხილვა, რაც გულისხმობს გენეტიკური ფაქტორების, ცხოვრების სტილისა და სიმპტომების ხანგრძლივობის შეფასებას.

უფრო დეტალური დიაგნოზისთვის ხშირად გამოიყენება დუპლექს-სკანირება (დოპლერის ულტრაბგერითი გამოკვლევა), რომელიც აჩვენებს სისხლის ნაკადის მიმართულებას და ვენების სარქველების მუშაობას. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ჩატარდეს ფლებოგრაფია, რომელიც სპეციალური კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით აფასებს ვენების მდგომარეობას, ან კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რომელიც ვენების სიღრმისეულ კვლევას უზრუნველყოფს.

 

 

რა გართულებები ახასიათებს ვარიკოზულ ვენებს და ობობისებურ ვენებს?

 

ობობისებური ვენები გართულებებთან არ არის დაკავშირებული. ისინი იშვიათად რთულდება ვარიკოზულ ვენებთან შედარებით, რომლის გართულებებიც გაცუილებით ხშირია.

ობობისებური ვენების გართულებები შეიძლება იყოს:

  • კანის გაღიზიანება;
  • მცირე სისხლდენა;
  • წყლული;
  • მძიმე შემთხვევებში ვენური უკმარისობა.

ვარიკოზული ვენები გართულებამ შესაძლოა უფრო სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას, როგორიცაა:

  • ქრონიკული ვენური უკმარისობა;
  • თრომბოფლებიტი;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • ფილტვის თრომბოემბოლია;
  • ვენური (ტროფიკული) წყლულები;
  • კანის გაშავება და დათხელება
  • ვარიოკოზული ვენებიდან სისხლდენა.

ვარიკოზული ვენებისა და ობობისებური ვენების დროული დიაგნოსტიკა და მართვა მნიშვნელოვანია აღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

 

როგორ ხდება ვარიკოზული ვენების და ობობისებური ვენების მკურნალობა?

 

ვარიკოზული და ობობისებური ვენების მკურნალობა მიზნად ისახავს სიმპტომების შემსუბუქებას, გართულებების თავიდან არიდებასა და კოსმეტიკური დისკომფორტის მოხსნას. ექიმი მკურნალობას ნიშნავს დაავადების გამომწვევი მიზეზის და პაციენტის მდგომარეობის სირთულის შესაბამისად. პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს მედიკამენტური მკურნალობა, თავის მოვლის ღონისძიებების შესრულება, კომპრესიული წინდები ან სამკურნალო პროცედურები.


ნიუჰოსპიტალსში შესაძლებელია ჩატარდეს ვარიკოზული და ობობისებური ვენების მკურნალობა შემდეგი მეთოდებით:

· სკლეროთერაპია - ეს სამკურნალო პროცედურა გულისხმობს დაზიანებულ ვენაში სპეციალური, სკლეროზული მედიკამენტის შეყვანას, რომელიც იწვევს ვენის დახურვას და დროთა განმავლობაში გაქრობას. სკლეროთერაპიის ეფექტურობა შესამჩნევი ხდება 1-2 თვის შემდეგ.

  • ენდოვენური აბლაცია ლაზერული მეთოდით - მკურნალობის ამ მეთოდის დროს დროს კათეტერის საშუალებით ვენაში შეჰყავთ ლაზერული ენერგია, რომელიც ვენის კედლებს აცხელებს, იწვევს მის დახურვას და სისხლის ნაკადის გადამისამართებას ჯანმრთელ ვენებში. მკურნალობის ეს ფორმა ძირითადად დიდი ვარიკოზული ვენების შემთხვევაში გამოიყენება.
  • ენდოვენური რადიოსიხშირული აბლაცია - ეს პროცედურა ლაზერული აბლაციის მსგავსია, თუმცა ამ შემთხვევაში ლაზერული სხივის ნაცვლად გამოიყენება რადიოსიხშირული ენერგია.
  • მინიფლებექტომია - ეს ქირურგიული მეთოდი ყველანაირი ზომის ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გამოიყენება და დაზიანებული ვენების მცირე ნაჩხვლეტებიდან ამოკვეთას გულისხმობს.

რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს ვარიკოზულ ვენების პრევენციის მიზნით?

 

ვარიკოზული ვენების და ობობისებური ვენების პრევენციისათვის პაციენტებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:

  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება იყოს ფეხით სიარული, ველოსიპედი, ცურვა და სხვ.
  • ჯანმრთელი წონის შენარჩუნება, რადგან ზედმეტი წონა ზრდის ვენებზე დატვირთვას და ზრდის ვარიკოზული და ობობისებური ვენების განვითარების რისკს;
  • ხანგრძლივი ჯდომისა და დგომისაგან თავის არიდება, რათა არ მოხდეს სისხლის ნაკადის შეფერხება. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ყოველ 30 წუთში ადგომა და მცირე მოძრაობა.
  • კომპრესიული წინდების ტარება, რაც უზრუნველყოფს ვენებზე თანაბარ ზეწოლას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და შეშუპებას.
  • დასვენებისას ფეხების აწევა გულის დონეზე, რაც ხელს უწყობს სისხლის ნაკადის დაბრუნებას გულის მიმართულებით და ამცირებს შეშუპებას.
  • მზისგან დაცვა - კანის დაცვა მზის სხივებისგან ამცირებს ობობისებური ვენების გაჩენის რისკს განსაკუთრებით სახეზე.
  • ცხელი აბაზანებისა და საუნის შეზღუდვა, რათა მაღალი ტემპერატურის გამო არ მოხდეს ვენების გაფართოება.
  • მოწევის შეწყვეტა - სიგარეტის კვამლში არსებული ნიკოტინი და სხვა ქიმიური ნივთიერებები უდიდეს გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევაზე, ავიწროებს სისხლძარღვებს და ზრდის დატვირთვას ვენებზე. გარდა ამისა, თამბაქო ამცირებს სისხლში ჟანგბადის დონეს, რაც ვენების ანთებასა და დაზიანებას იწვევს. მოწევის შეწყვეტა უმნიშვნელოვანესია ვარიკოზული და ობობისებური ვენების პრევენციისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.