ყელის ტკივილი ბავშვებში
რა იწვევს ყელის ტკივილს?
ყელის ტკივილს ძირითადად იწვევს ინფექცია, რომელიც შეიძლება იყოს ორი სახის - ვირუსული და ბაქტერიული. ბავშვებში ინფექცია ადვილად ვრცელდება, რადგან ისინი ხშირად თამაშობენ ერთად, ცვლიან სათამაშოებს და ეხებიან ერთმანეთს ხელებით.
ბავშვებს, რომლებშიც ყელის ტკივილის მიეზეზს წარმოადგენს ვირუსი, ხშირად არც საჭიროებენ ექიმის დახმარებას და/ან რამე სპეციფიურ მკურნალობას, მაგრამ ისეთ პაციენტებში, რომლებშიც ჩივილის გამომწვევი ბაქტერიაა, აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია და დანიშნულების მიღება. მათ შეიძლება ქონდეთ სტრეპტოკოკული ინფექცია, რომელიც განსაკუთრებულ კვლევას და მკურნალობას საჭიროებს.
როგორ განვასხვავოთ ბავშვის ყელის ტკივილი გამოწვეულია სტრეპტოკოკული ინფექციით თუ ვირუსით?
ზოგადად განსხვავება ამ ორ ინფექციას შორის არც ისე ადვილია, მაგრამ არსებობს გარკვეული მინიშნებები:
ბავშვებს, რომელთა ყელის ტკივილი განპირობებულია ვირუსით, აქვთ დამატებითი სიმპტომებიც:
- ცხვირიდან გამონადენი
- თვალებიდან ცრემლდენა და/ან ქავილი
- ხველა
- შეცვლილი ხმის ტემბრი
- ხახის ტკივილი
ბავშვებს, რომლებშიც ყელის ტკივილი განპირობებულია სტრეპტოკოკული ინფექციით არ აქვს ცხვირიდან გამონადენი, არც ხველა და არც თვალებიდან ცრემლდენა. ხშირად აქვთ კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ასაკი უმეტესწილად 3-4 წლიდან და ზემოთ.
ჭირდება თუ არა ბავშვს ანტიბიოტიკი?
ვირუსული ინფექციის დროს პაციენტს არ ჭირდება ანტიბიოტიკის მიღება (თუნდაც ტონზილებზე იყოს მოთეთრო ფერის ნადები), ვინაიდან ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე. ამ დროს საჭიროა მხოლოდ სიმპტომური დახმარება - სითხეებით დატვირთვა, ტკივილის კუპირება, ტემპერატურის ნორმალიზება. ანტიბიოტიკის დანიშვნის საჭიროება დგება მხოლოდ სტრეპტოკოკული ინფექციის დროს. პედიატრთან ვიზიტის დროს სტრეპტოკოკული ინფექციის დასადასტურებლად კეთდება ხახის ნაცხის კვლევა - ბაქტერიოლოგიური ან სწრაფი ტესტი, რის შემდეგაც თქვენი პედიატრი გადაწყვიტას ანტბიოტიკოთერაპიის საჭიროებას, მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს.
რა შეიძლება გავაკეთოთ ბავშვის დასახმარებლად?
არსებობს სხვადასხვა მეთოდები:
- წამლები - აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ან იბუპროფენი დაგეხმარებათ ტკივილის კუპირებაში, დოზა განისაზღვრება წონის მიხედვით და შეათანხმეთ თქვენს პედიატრთან.
- 4-5 წლის ბავშვებს შეგიძლიათ მისცეთ საწუწნი კანფეტები -უმჯობესია პიტნის არომატით. 6-7 წლის და ზემოთ ბავშვებში შესაძლებელია სავლებების გამოყენება.
როგორია პროგნოზი?
ვირუსული ინფექციებისგან ბავშვები განიკურნებიან რამდენიმე დღეში ზედმეტი ჩარევის გარეშეც, სტრეპტოკოკული ინფექციის დროს კი აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია, ვინაიდან არანამკურნალებმა სტრეპტოკოკულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს რევმატიზმი - იშვიათი დაავადება სახსრების და გულის დაზიანებით და ასევე გლომერულონეფრიტი - თირკმელების დაზიანება.
როდის შეიძლება ბავშვი დაუბრუნდეს სკოლას ან ბაღს?
თუ თქვენ შვილს აქვს მხოლოდ ყელის ტკივილი, სასწავლო ცენტრს შეუძლია დაუბრუნდეს მას შემდეგ, რაც არ ექნება ჩივილი და იქნება აქტიურად. თუ ბავშს აქვს ცხელებაც, მაშინ მიზანშეწონილია სკოლაში დაბრუნება უსიცხო მინიმუმ 24 საათიანი პერიოდის შემდეგ.
როგორ დავიცვათ ბავშვი განმეორებითი ინფექციისგან?
სტრეპტოკოკული და ასევე ვირუსული ინფექცია ძალიან გადამდებია, გავრცელება ხდება ძირითადად ხველით, ცემინებით, დაავადებულთან ხელით შეხებით. აუცილებელია ხელის დაბანა- გამდინარე წყლით და საპნით, შემდეგ შეგიძლიათ დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით, მოარიდეთ ბავშვები სტუმრიანობებს და ავადმყოფ პირებთან კონტაქტს. ასწავლეთ და აუხსენით ბავშვებს, რომ მოერიდონ ცუდად მყოფ ადამიანებს და ზედმეტად ნუ შეეხებიან მათ.
როდის უნდა დავურეკოთ პედიატრს ბავშვის ყელის ტკივილის დროს?
ყელის ტკივილი ხშირი ჩივილია ბავშვთა ასაკში, რომელმაც შეიძლება გაიაროს თავისით, თუმცა ზოჯერ ის წრმოადგენს სერიოზული დაავადების ნიშანსაც.
დაურეკეთ პედიატრს თუ თქვენს შვილს ყელის ტკივილთან ერთად აქვს:
- ცხელება >38,4
- არ იღებს საკვებს და სითხეებს ადექვატურად
როდის უნდა დავურეკოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ან წავიყვანოთ ბავშვი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში?
- ბავშვს აქვს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება
- გაძლიერებული ნერწყვდენა
- აქვს გაშეშებული ან შეშუპებული კისერი