ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ზარმაცი თვალი

რა არის ზარმაცი თვალის სინდრომი?

ზარმაცი თვალის სინდრომთან (ამბლიოპია) საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც მხედველობა შეზღუდულია თვალსა და თავის ტვინს შორის დამაკავშირებელი ოპტიკური ნერვის არასათანადო განვითარების გამო. ამ შემთხვევაში ბავშვი ერთი თვალიდან ხედავს კარგად, ხოლო მეორე თვალში აქვს მხედველობის პრობლემები. დროთა განმავლობაში ტვინი მხედველობისთვის იყენებს მხოლოდ „ძლიერ“ თვალს, ხოლო „სუსტს“ კიდევ უფრო მეტად „აზარმაცებს“. ამ დროს მხედველობა უარესდება, თვალი კარგავს კოორდინაციისა და კონტროლის უნარს და მოძრაობს უმიზნოდ. იშვიათ შემთხვევაში ზარმაცი თვალის სინდრომი შეიძლება განვითარდეს ორივე თვალზე.


ზარმაცი თვალი, ბავშვთა მხედველობის დაქვეითების მთავარი მიზეზია მსოფლიოში. სტატისტიკური მონაცემებით, ახალშობილებსა და ადრეული ასაკის ბავშვების 5%-ს უვითარდება ამბლიოპია. მკურნალობის გარეშე ზარმაცი თვალის სინდრომი მნიშვნელოვნად აქვეითებს მხედველობას, იშვიათად კი იწვევს სიბრმავეს. ამიტომ აუცილებელია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

 

რა არის ზარმაცი თვალის გამომწვევი მიზეზები?

ზარმაცი თვალის გამომწვევი მიზეზია ყველა ის მდგომარეობა, რაც ბავშვის მხედველობის ნორმალურ განვითარებას უშლის ხელს. ძირითადად ზარმაცი თვალი სტრაბიზმისა და რეფრაქციული ეტიოლოგისაა და შეადგენს შემთხვევათა 90%-ს.

სტრაბიზმის, იგივე სიელმის შემთხვევაში თვალები კოორდინაციის გარეშე მოძრაობენ, ხოლო რეფრაქციის დარღვევის დროს, ახლომხედველობის, შორსმხედველობის ან ასტიგმატიზმის გამო, მხედველობა ცალ თვალში უკეთესია, ვიდრე მეორეში.

უფრო იშვიათ შემთხვევებში, ზარმაცი თვალის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სხვა მდგომარეობები, როგორიცაა კატარაქტა, თანდაყოლილი ქუთუთოს ფტოზი და სხვ.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ზარმაც თვალს?

ზარმაცი თვალის სიმპტომებია:

  • თვალების კოორდინაციის დარღვევა;
  • ცალი თვალის ხშირი დახუჭვა;
  • თავის ხშირი გადახრა ერთი მიმართულებით;
  • დაშვებული ქუთუთო;
  • სიღრმის აღქმის დაქვეითება.

როდესაც თვალების კოორდინაცია დარღვეული არ არის, მშობლებს ხშირად უჭირთ სიმპტომების ამოცნობა, ამიტომ მნიშვნელოვანია თვალის სკრინინგის ჩატარება ბავშვისათვის

3-5 წლამდე ასაკში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოჯახში კატარაქტის, სიელმის და სხვა ოფთალმოლოგიური დაავადებების ისტორია არსებობს.


როგორ ხდება ზარმაცი თვალის დიაგნოსტირება?

ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 132 წლიანი ისტორია გააჩნია. თვალის დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა პედიატრიული ოფთალმოლოგიის მიმართულებით შესაძლებელია, როგორც ახალშობილებისათვის, ასევე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.


ამბლიოპიის დიაგნოსტირება ხდება ექიმი-ოფთალმოლოგის მიერ. ექიმი ასაკის შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდებით ამოწმებს ბავშვის მხედველობას, თვალის ანატომიურ მდგომარეობას, თვალის მოძრაობის კოორდინაციას. ასევე, სხვადასხვა კვლევების საშუალებით გამორიცხავს თვალის დაავადებებს და ადგენს ზარმაცი თვალის გამომწვევ მიზეზს.

 

რა სახის მკურნალობა უტარდებათ ზარმაცი თვალის მქონე პაციენტებს?

ზარმაცის თვალის მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყება ის. ძალიან მაღალია განკურნების შანსი პაციენტებში, რომელთა მკურნალობა იწყება 7 წლის ასაკამდე. რაც შეეხება უფრო მოზრდილ ბავშვებს, სტატისტიკური მონაცემებით, მკურნალობას ექვემდებარება 7-17 წლამდე პაციენტების ნახევარი.

მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია ზარმაცი თვალის გამომწვევ მიზეზებზე. მხედველობის სხვადასხვა პრობლემებიდან გამომდინარე ექიმმა შეიძლება დანიშნოს:

  • სათვალე ან კონტაქტური ლინზები - ზარმაცი თვალის მკურნალობის ყველაზე ხშირი მეთოდი ოპტიკური სათვალე და ლინზებია, რომელიც არეგულირებს მხედველობას.
  • თვალის სახვევი - „სუსტი“ თვალის გასააქტიურებლად, ზოგჯერ, ექიმი ნიშნავს თვალის სახვევს იმ თვალისთვის, რომელშიც ბავშვს უკეთესი მხედველობა აქვს. თვალის სახვევის ტარება ბავშვს უწევს ყოველდღიურად 2-6 საათის განმავლობაში.
  • თვალის წვეთები - ამ შემთხვევაშიც, სამკურნალო თვალის წვეთების გამოყენება ხდება თვალში, რომელშიც ბავშვს უკეთესი მხედველობა აქვს. წვეთები, დროებით ბუნდოვანს ხდის მხედველობას და ააქტიურებს ზარმაც თვალს.
  • ოპერაცია - ოპერაცია ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები არ მოქმედებს პაციენტზე. ყველაზე ხშირად, ოპერაცია ინიშნება კატარაქტის ან თვალის სხვა სტრუქტურული დაავადებების დროს.
  • ზარმაცი თვალის მკურნალობა შეიძლება დიდი გამოწვევა იყოს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ აუხსნან ბავშვებს მკურნალობის მიზნები, წაახალისონ ისინი მკურნალობის პროცესში და იმუშაონ მათთან ერთად მხედველობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.

რა არის ზარმაცი თვალის განვითარების რისკ-ფაქტორები?

ზარმაცი თვალის სინდრომი ხშირ შემთხვევაში გენეტიკურად განპირობებული მდგომარეობაა, ამიტომ მისი განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია თვალისა და მხედველობის

პრობლემების ისტორია ოჯახში. ამბლიოპიის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორები შეიძლება იყოს:

  • განვითარების შეფერხება;
  • ახალშობილის პატარა წონა;
  • ნაადრევი მშობიარობა.