ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

აუდიომეტრია

რა არის აუდიომეტრია?

აუდიომეტრიული კვლევები განსაზღვრავს პაციენტის სმენის სიმახვილეს, ზომავს ხმის სხვადასხვა ინტენსივობის და სიმაღლის გარჩევის უნარს, ასევე აფასებს აკუსტიკურ რეფლექსს და ოტოაკუსტიკურ ემისიებს. აუდიომეტრიული კვლევებით დგინდება სმენის დაქვეითების ტიპი, ხარისხი და ლოკალიზაცია. კვლევის შედეგების საფუძველზე ინიშნება მკურნალობა ან პაციენტზე მორგებული სმენის აპარატი.

 

როდის არის საჭირო აუდიომეტრია?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 360 მილიონი ადამიანი განიცდის სმენის დაქვეითებას, მათ შორის 36 მილიონი 15 წლამდე ასაკის მოზარდია. კვლევები აჩვენებს, რომ გლობალურად, 60 წლის პაციენტების 25%-ს აღენიშნება სმენის დაქვეითება და ეს მაჩვენებელი 80 წლის შემდეგ 50%-მდე იზრდება.

აუდიოლოგიური სკრინინგი სმენის დაქვეითების ადრეული დიაგნოსტიკის, ჯანმრთელობის შემდგომი გართულებების პრევენციის და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის უმნიშვნელოვანესია.

აუდიომეტრიული კვლევები რეკომენდებულია:

  • 55-60 ადამიანებისთვის, რადგან ხშირად სწორედ ამ ასაკობრივ კატეგორიაში იწყება სმენის დაქვეითება;
  • ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ ხმაურიან ატმოსფეროში;
  • სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორიცაა ყურის ინფექციები, მენინგიტი, დიაბეტი და სხვ.
  • პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ოტოტოქსიკურ მედიკამენტებს;
  • თავისა და ყურის ტრავმების შემთხვევაში.

რა სიმპტომები მიანიშნებს სმენის დაქვეითებაზე?

სმენის დაქვეითებას ხშირად თან ახლავს სიმპტომები, რომელსაც პაციენტმა დროულად უნდა მიაქციოს ყურადღება. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • გამახვილებული სმენა ცალ ყურში;
  • სმენის გაძნელება, როდესაც ორი ან მეტი მოსაუბრე ერთდროულად საუბრობს;
  • სმენის გაძნელება ხმაურიან გარემოში;
  • მამაკაცის ხმის უფრო მარტივად გაგება, ვიდრე ქალის;
  • ხმების გაუგებრად აღქმა;
  • ყურის ტკივილი ხმაურის დროს;
  • თავბრუსხვევა და ბალანსის პრობლემები;
  • ყურის დაგუბების შეგრძნება;
  • ხმაური ყურში (ტინიტუსი).

რა მდგომარეობების დიაგნოსტირებასა და მონიტორინგში ეხმარება აუდიომეტრია?

აუდიომეტრიის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს როგორც სმენის დაქვეითების ხარისხი, ასევე მისი ტიპი და დაზიანების ლოკაცია.

აუდიომეტრიის სხვადასხვა ტიპის კვლევებით განისაზღვრება სმენის დაქვეითება გამოწვეულია გარე და შუა ყურის დაზიანებით (კონდუქტური) თუ შიდა ყურის დაზიანებით (სენსონევრალური). შესაძლებელია პაციენტს დაუდგინდეს შერეული ტიპის დაქვეითებაც.

 

აუდიომეტრიის საფუძველზე დასმული დიაგნოზის შესაბამისად შესაძლებელია დაინიშნოს მკურნალობა ოტოლარინგოლოგის მიერ.

 

რა ტიპის აუდიომეტრიული კვლევები ტარდება ნიუ ჰოპიტალსში?

ნიუჰოსპიტალსში პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ:

  • ტონალური აუდიომეტრია - განსაზღვრავს ხმოვანი ბგერის სხვადასხვა სიხშირისა და ინტენსივობის აღქმის ზღურბლს. გამოკვლევა ადგენს სმენის დაქვეითების გამომწვევ მიზეზს და დაზიანების ხარისხს.
  • მეტყველების აუდიომეტრია - მიზნად ისახავს ყველაზე დაბალი დეციბელის ინტენსივობის იდენტიფიცირებას, რომლის დროსაც პაციენტს შეუძლია სწორად გაიმეოროს სიტყვების 50%.

როგორ ტარდება აუდიომეტრია?

სმენისა დაქვეითების დიაგნოსტიკის მიზნით, ნიუ ჰოსპიტალსში უახლესი აუდიოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენებით აუდიომეტრიულ კვლევას მრავალწლიანი გამოცდილების, პროფესიონალი აუდიოლოგები ატარებენ.

კვლევა ტარდება ხმისგან იზოლირებულ ოთახში აუდიომეტრიული ხელსაწყოების გამოყენებით.

აუდიომეტრიული კვლევა სრულიად უსაფრთხო, არაინვაზიური კვლევის მეთოდია, რომლებიც არ საჭიროებს კვლევისთვის წინასწარ მომზადებას.

რამდენად ხშირად უნდა ჩაიტაროს პაციენტმა სმენის სკრინინგი?

სმენის დაქვეითების ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, სასურველია პაციენტებმა ჩაიტარონ რეგულარული სკრინინგი.

სმენის სკრინინგი რეკომენდებულია:

  • 5-6 წლიდან 40 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ,
  • 40-59 წლის ასაკის პაციენტებისთვის 1-3 წელიწადში ერთხელ;
  • 60 წლიდან ყოველწლიურად.

შესაძლებელია თუ არა სმენის დაქვეითების თავიდან აცილება?

სმენის დაქვეითებას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სამშობიარო ტრავმით, ნაადრევი მშობიარობით, ყურისა და თავის ტრავმების, ინფექციური დაავადებების, ხმაურიანი სამუშაო ატმოსფეროს გამო, ასევე, გენეტიკური და სხვა ფაქტორებით. ზოგიერთ შემთხვევაში, სმენის დაქვეითება მკურნალობის მიუხედავად პროგრესირებს და მისი მართვა შეუძლებელია, თუმცა არსებობს სმენის დარღვევის უამრავი მაგალითი, როდესაც დროულმა დიაგნოსტიკამ, მკურნალობამ და პაციენტის პრევენციულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები აჩვენა.

 

ყურის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სმენის დაქვეითების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია:

  • არ მოუსმინონ მუსიკას, ტელევიზორს და რადიოს მაღალ ხმაზე;
  • გამოიყენონ ყურის საცობი საშუალებები ხმაურიან გარემოში მოხვედრისას;
  • დროულად მიმართონ ექიმს ყურის ინფექციების განვითარების შემთხვევაში;
  • აკონტროლონ არტერიული წნევა;
  • შეწყვიტონ მოწევა;
  • ჩაიტარონ რეგულარული სკრინინგი.