დისტონია
დისტონია არის მოძრაობის დარღვევა, რომელიც ხასიათდება კუნთების უნებლიე შეკუმშვით. დისტონიამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე (ზოგადი დისტონია). კუნთების სპაზმები შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე. სპაზმები შესაძლოა იყოს მტკივნეული და ხელი შეუშალოს ადამიანს ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.
დისტონია არ იკურნება, თუმცა შესაბამისი პრეპარატების მიღება და თერაპია ხელს უწყობს ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესაბას და სიმპტომების შემსუბუქებას. მძიმე დისტონიის შემთხვევებში, ნერვების ან ტვინის გარკვეული უბნების გასათიშად ან დასარეგულირებლად ტარდება ქირურგიული ოპერაციები.
სიმპტომები
დისტონია სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. კუნთების სპაზმი შეიძლება:
- დაიწყოს ერთი ადგილიდან, როგორიცაა ფეხი, კისერი ან მკლავი. ფოკალური დისტონია, რომელიც ვითარდება 21 წლის შემდეგ, ჩვეულებრივ კისრიდან, მკლავებიდან ან სახიდან იწყება. სპაზმები შეიძლება დარჩეს კეროვანი ან გახდეს სეგმენტური;
- განვითარდეს კონკრეტული მოქმედების დროს, მაგ. ხელით წერისას;
- გაუარესდეს სტრესის, დაღლილობის ან შფოთვის დროს;
- დროთა განმავლობაში უფრო შესამჩნევი გახდეს;
სხეულის უბნები, რომლებიც შეიძლება დისტონიამ მოიცვას:
- კისერი (ცერვიკალური დისტონია). შეკუმშვები იწვევს თავის უნებლიე ბრუნვას, ცალ მხარეს გადახრას, წინ და უკან გადაწევას, ზოგჯერ იწვევს ტკივილსაც კი.
- ქუთუთოები. სწრაფი ციმციმი ან სპაზმი იწვევს თვალების დახუჭვას (ბლეფაროსპაზმი) და ართულებს მხედველობას. სპაზმები, როგორც წესი, არ არის მტკივნეული, მაგრამ შეიძლება გაძლიერდეს ძლიერ შუქზე, კითხვისას, ტელევიზორის ყურებისას, სტრესის დროს ან ადამიანებთან ურთიერთობისას. თვალებში შეიძლება იგრძნობოდეს სიმშრალე, დამტვერიანება ან სინათლის მიმართ მგრძნობელობა.
- ყბა ან ენა (ორომანდიბულური დისტონია). შესაძლოა განვითარდეს გაუგებარი მეტყველება, ღეჭვის ან ყლაპვის გაძნელება. ორომანდიბულური დისტონია შეიძლება იყოს მტკივნეული და ის ხშირად გვხვდება ცერვიკალურ დისტონიასთან ან ბლეფაროსპაზმთან ერთად.
- ხმოვანი აპარატი და ხმის იოგები (ხორხის დისტონია). შეიძლება გამიოწვიოს ხმის დაჭიმულობა ან ჩურჩულით საუბარი.
- ხელი და წინამხარი. დისტონიის ზოგიერთი ფორმა შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ასრულებთ განმეორებით მოქმედებებს, მაგ. წერისას (მწერლის დისტონია) ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრისას (მუსიკოსის დისტონია). სიმპტომები, როგორც წესი, არ ჩნდება მაშინ, როდესაც ხელი მოსვენებულ მდგომარეობაშია.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს
დისტონიის ადრეული ნიშნები ხშირად მსუბუქია, შემთხვევითი და დაკავშირებულია გარკვეულ აქტივობასთან. კუნთების უნებლიე შეკუმშვისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
დისტონიის გამომწვევი მიზეზები
დისტონიის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ ის შეიძლება მოიცავდეს ცვლილებებს ნერვულ უჯრედებს შორის ტვინის რამდენიმე უბანში. დისტონიის ზოგიერთი ფორმა მემკვიდრეობითია.
დისტონია შეიძლება ასევე იყოს სხვა დაავადების ან მდგომარეობის სიმპტომი, მათ შორის:
- პარკინსონის დაავადება;
- ჰანტინგტონის დაავადება;
- უილსონის დაავადება;
- თავის ტვინის ტრავმული დაზიანება;
- სამშობიარო ტრავმა;
- ინსულტი;
- თავის ტვინის სიმსივნე ან სხვა დარღვევები, რომლებიც ვითარდება კიბოთი დაავადებულ ადამიანებში (პარანეოპლასტიკური სინდრომები);
- ჟანგბადის ნაკლებობა ან ნახშირორჟანგით მოწამვლა;
- ინფექციები, როგორიცაა ტუბერკულოზი ან ენცეფალიტი;
- რეაქციები გარკვეულ მედიკამენტებზე ან მძიმე ლითონებით მოწამვლა.
დისტონიით გამოწვეული გართულებები
დისტონიის ტიპის მიხედვით, დაავადებით გამოწვეული გართულებები შეიძლება მოიცავდეს:
- ფიზიკურ შეზღუდვებს, რომლებიც გავლენას ახდენს ყოველდღიური აქტივობების ან კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე;
- მხედველობის გაძნელებას, რომელიც გავლენას ახდენს ქუთუთოების მოძრაობაზე;
- ყბის მოძრაობის, ყლაპვის ან მეტყველების გაძნელებას;
- ტკივილს და დაღლილობას კუნთების მუდმივი შეკუმშვის გამო;
- დეპრესიას, შფოთვას და სოციალურ იზოლაციას.
დიაგნოსტირება
დისტონიის დასადგენად, ექიმი სწავლობს სამედიცინო ისტორიას და ატარებს პაციენტის ფიზიკურ გამოკვლევას.
იმის დასადგენად, გამომწვევია თუ არა სიმპტომები ძირითადი დაავადებით, ექიმის რეკომანდაციით შესაძლოა პაციენტს ჩაუტარდეს:
- სისხლის ან შარდის ანალიზები. ამ ტესტებს შეუძლიათ გამოავლინონ ტოქსინების ან სხვა ნიშნები.
- მრტ ან კტ სკანირება. ამ ვიზუალიზაციის ტესტებს შეუძლია გამოავლინოს დარღვევები ტვინში, როგორიცაა სიმსივნე, დაზიანებები ან ინსულტის ნიშნები.
- ელექტრომიოგრაფია (EMG). ტესტი ზომავს ელექტრულ აქტივობას კუნთებში.
- გენეტიკური ტესტირება. დისტონიის ზოგიერთი ფორმა დაკავშირებულია გარკვეულ გენებთან. იმის ცოდნა, გაქვს თუ არა ეს გენები, დაგეხმარებათ მკურნალობის შერჩევაში.
მკურნალობა
დისტონიის სამართავად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მედიკამენტების, თერაპიის ან ქირურგიული ჩარევის კომბინირებული თერაპია.
მედიკამენტოზური მკურნალობა
დისტონიების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი - დაზიანებულ კუნთებში ბოტულინის ტოქსინის ინექციაა. დადებითი კლინიკური ეფექტი აღინიშნება შემთხვევათა 85-90% და გრძელდება 3-6 თვე. დისტონიის სამკურნალოდ ბოტულინის ტოქსინი მსოფლიოს 60 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც წარმატებით გამოიყენება.
ბოტულინის ტოქსინის (ბოტოქსი, დისპორტი და სხვა) ინექციებმა კონკრეტულ კუნთებში შესაძლოა შეამციროს ან შეაჩეროს კუნთების სპაზმი. ინექციები ჩვეულებრივ კეთდება განმეორებით ყოველ 3-4 თვეში ერთხელ.
გვერდითი ეფექტები ზოგადად მსუბუქი და დროებითია. მათ შორის შესაძლოა იყოს სისუსტე, პირის სიმშრალე ან ხმის ცვლილებები.
ბოტოქსი
ბოტოქსის ინექციისას გამოიყენება ტოქსინები, რომლებიც იწვევენ კუნთების მოძრაობის შეჩერებას გარკვეული დროის განმავლობაში. ამ საშუალებას ხშირად იყენებენ სახეზე ნაოჭების გასასწორებლად. ისინი ასევე გამოიყენება კისრის სპაზმის, ოფლიანობის, შარდის ბუშტის ჭარბი აქტივობის, ზარმაცი თვალის, შაკიკის და სხვა მდგომარეობების სამკურნალოდ.
ბოტოქსის ინექციებში გამოყენებული წამალი მზადდება იმავე ტოქსინისაგან, რომელიც იწვევს საკვებით მოწამვლას, მას ბოტულიზმი ეწოდება, მაგრამ ლიცენზირებული ჯანდაცვის პროვაიდერების მიერ გამოყენებული გაწმენდილი ბოტულინის ტოქსინის ფორმები აკმაყოფილებს სამედიცინო კონტროლის სტანდარტებს. ეს სტანდარტები დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის მიერ. როგორც წესი, სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებული ბაქტერიული ტოქსინები არ არის საზიანო, თუ ისინი სწორად გამოიყენება.
რატომ ბოტოქსი?
ბოტოქსის ინექციები ბლოკავს ნერვებიდან წამოსულ გარკვეულ ქიმიურ სიგნალებს, რომლებიც იწვევენ კუნთების შეკუმშვას. ამ ინექციებს ყველაზე ხშირად იყენებენ სახის იმ კუნთების მოსადუნებლად, რომლებიც იწვევენ წარბებს შორის მიმიკურ ან სახის სხვა ნაოჭებს.
ბოტოქსის ინექციები ასევე გამოიყენება ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ეს არ წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს. დაავადებები, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია ბოტოქსის ინექციებით, მოიცავს:
- კისრის სპაზმები. კისრის სპაზმების დროს, კისრის კუნთები უკონტროლოდ იკუმშება. ეს იწვევს თავის გადახრას ან მოძრაობას მოუხერხებელ მდგომარეობაში. ამ მდგომარეობას ასევე უწოდებენ ცერვიკალურ დისტონიას.
- სხვა კუნთების სპაზმები. ცერებრალურმა დამბლამ და ნერვული სისტემის სხვა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს კიდურების მოზიდვა სხეულის ცენტრისკენ. კუნთების სპაზმმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს თვალის კრუნჩხვითი შეკუმშვა.
- ამბლიოპიური/ ზარმაცი თვალი. ზარმაცი თვალის ყველაზე გავრცელებული მიზეზია იმ კუნთების დისბალანსი, რომლებიც გამოიყენება თვალის მოძრაობისას. ზარმაც თვალს ასევე უწოდებენ სიელმეს ან თვალის ღერძების მდგომარეობის დარღვევას.
- ოფლიანობა. ბოტოქსი შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანები გამოყოფენ ჭარბ ოფლს მაშინაც კი, როდესაც არ ცხელა. ამას ჭარბი ოფლიანობა ან ჰიპერჰიდროზი ეწოდება.
- შაკიკი. ბოტოქსის ინექციებმა შეიძლება შეამციროს შაკიკის სიხშირე. მკურნალობის ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება იმ ადამიანებში, რომლებთაც თავის ტკივილი თვეში 15-ჯერ ან მეტჯერ აწუხებთ. ხშირ და ძლიერ თავის ტკივილის მდგომარეობას ქრონიკული შაკიკი ეწოდება. ეფექტური შედეგის მისაღწევად მკურნალობა დაახლოებით სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს.
- შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები. ბოტოქსის ვაქცინები ასევე ხელს უწყობს შარდის შეუკავებლობის შემცირებას, რომელიც გამოწვეულია ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტით.
დისტონიის სამკურნალო სხვა მედიკამენტები ზემოქმედებენ ტვინში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებზე (ნეიროტრანსმიტერებზე), რომლებიც გავლენას ახდენენ კუნთების მოძრაობაზე. მედიკამენტების შესაძლოა ვარიანტებია:
- კარბიდოპა-ლევოდოპა (დუოპა, რიტარი, სხვა). ამ მედიკამენტს აქვთ ნეიროტრანსმიტერი დოფამინის დონის გაზრდის უნარი. ეს პრეპარატი ასევე გამოიყენება როგორც საცდელი პრეპარატი დისტონიის გარკვეული ტიპის დიაგნოსტირებისთვის.
- ტრიჰექსიფენიდილი და ბენზტროპინი. ეს ორი პრეპარატი მოქმედებს დოფამინის გარდა სხვა ნეიროტრანსმიტერებზე. გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს მეხსიერების დაკარგვას, მხედველობის დაბiნდვას, ძილიანობას, პირის სიმშრალეს და ყაბზობას.
- ტეტრაბენაზინი (ქსენაზინი) და დეიტრაბენაზინი (აუსტედო). ეს ორი პრეპარატი ბლოკავს დოფამინს. გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს სედაციურ მოქმედებას, ნერვოზულობას, დეპრესიას ან უძილობას.
- დიაზეპამი (ვალიუმი, დიასტატი, სხვა), კლონაზეპამი (კლონოპინი) და ბაკლოფენი (ლიორესალი, გაბლოფენი, სხვა). ეს მედიკამენტები ამცირებს ნეიროტრანსმისიას და შესაძლოა გამოყენებულ იქნას დისტონიის ზოგიერთი ფორმის დროს. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა.
თერაპია
ექიმმა პაციენტს შეიძლება ურჩიოს:
- ფიზიკური თერაპია ან ოკუპაციური თერაპია ან ორივე ერთად, სიმპტომების შემსუბუქებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
- მეტყველების თერაპია, თუ დისტონია გავლენას ახდენს ხმაზე;
- გაჭიმვები ან მასაჟი კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად.
მწვავე სიმპტომების არსებობისას, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია. არსებობს რამდენიმე სახის ოპერაცია დისტონიის სამკურნალოდ:
- ტვინის ღრმა სტიმულაცია. ელექტროდები ქირურგიულად იმპლანტირდება ტვინის კონკრეტულ ნაწილში და უკავშირდება გენერატორს, რომელიც იმპლანტირებულია მკერდში. გენერატორი აგზავნის ელექტრულ იმპულსებს ტვინში, რაც ხელს უწყობს კუნთების შეკუმშვის კონტროლს. გენერატორის პარამეტრები შეიძლება დარეგულირდეს კონკრეტული მდგომარეობის სამკურნალოდ.
- შერჩევითი დენერვაციის ოპერაცია. ეს პროცედურა მოიცავს იმ ნერვების გადაჭრას, რომლებიც აკონტროლებენ კუნთების სპაზმს. ეს ვარიანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მაშინ, როდესაც ცერვიკალური დისტონიის მკურნალობის სხვა მეთოდები არ არის ეფექტური.