ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) არის სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც იწვევს სასუნთქ გზებზე ან/და ალვეოლებზე გარემოდან შესუნთქული მავნე ნაწილაკების და აირების ზემოქმედება. მთელ მსოფლიოში მისი გამომწვევი უმთავრესი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. ეს არის დაავადება რომლის თავიდან აცილება და მართვა შესაძლებელია.
რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას?
დაავადების სიმპტომები წლების შემდეგ ვითარდება, რის გამოც პაციენტმა შესაძლოა დაავადების არსებობის შესახებ არც იცოდეს. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები 35 წლამდე არ ვლინდება.
- სუნთქვის გაძნელება ფიზიკური აქტივობის დროს
- ქრონიკული ხველა ნახველით
- სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში
- სტვენის მსგავსი, ხმაურიანი სუნთქვა
დაავადებას აქვს სხვა ნიშნებიც, რაც შესაძლოა მოიცავდეს:
- წონაში დაკლებას
- დაღლილობასა და სისუსტეს
- კოჭების შეშუპებას
რა იწვევს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას?
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, რადგან თამბაქო აღიზიანებს ბრონქების ეპითელიუმს და იწვევს ანთებას. ხანგრძლივი ანთებითი პროცესი შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. სასუნთქი გზების კედლები სქელდება, რადგან ხდება ლორწოს გამომყოფი ჯირკვლების და უჯრედების ზომის და რაოდენობის მატება, დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფით იხშობა ბრონქების სანათური, ასევე ითრგუნება მისი დამცველობითი ფუნქცია, რაც ბაქტერიული ინფექციის განვითარებისთვისაც ხელსაყრელი გარემოა. ლორწოს გამოყოფის გამო პაციენტებს აქვთ ჩივილი - ხველა ნახველით. გარდა ამისა, თამბაქოს ბოლით ზიანდება ალვეოლების კედლები, ის სტრუქტურული ერთეული სადაც აირთა ცვლა მიმდინარეობს, შედეგად კი ფილტვები ელასტიურობას კარგავს. მუდმივი ზემოქმედება იწვევს სასუნთქი გზების რემოდელირებას, ნაწიბურდება და ვიწროვდება მცირე ზომის ჰაერგამტარი გზები, რაც აღდგენას არ ექვემდებარება. იშვიათად, ფქოდ შესაძლოა გამოწვეული იყოს ბოლით, მტვრით, ჰაერის დაბინძურებითა და გენეტიკური დარღვევებით.
- მწეველობა - თამბაქოს მოხმარება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია. შემთხვევათა 90% სწორედ სიგარეტის მოწევასთანაა კავშირში.
- პასიური მწეველობა - მწეველებთან ერთ გარემოში ყოფნა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების რისკს ზრდის.
- გამონაბოლქვი და მტვერი - გარკვეული ტიპის მტვერთან და ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, როგორიცაა მარცვლეული, იზოციანიდები, კადმიუმი და hმოიხმარს.
- ჰაერის დაბინძურება - ჰაერის დაბინძურება შესაძლოა დამატებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენდეს.
- გენეტიკური წინასწარგანწყობა - დაავადების მიმართ არსებობს იშვიათი გენეტიკური წინასწარგანწყობა არსებობს, რომელსაც ალფა-1-ანტიტრიფსინის ცილის დეფიციტი ეწოდება და პაციენტთა დაახლოებით 1%-ში ფქოდ-ის განვითარებას იწვევს.
ვის შეიძლება დაუდგინდეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება?
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ძირითადად 35 წელს გადაცილებულ პირებს ემართებათ, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობის დიაგნოსტიკა 50 წლამდე არ ხდება. დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობა ექიმთან არ მიდის, რადგან პაციენტები სიმპტომების არსებობას „მწეველის ხველას“ მიაწერენ.
როგორ ხდება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოსტირება?
დაავადების დროული დიაგნოსტირება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად მოხდეს მკურნალობის დაწყება და დაავადების პროგრესირების შეფერხება. ექიმის რეკომენდაციით პაციენტებს უტარდებათ სხვადასხვა რადიოლოგიური თუ ლაბორატორიული კვლევები.
- გულმკერდის რენტგენოგრაფია - გულმკერდის რენტგენოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს აქვს თუ არა პაციენტს ფილტვის სხვა დაავადებები, მაგალითად ფილტვის კიბო. „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფილტვის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის ხელმისაწვდომია უახლესი თაობის, სრულად ციფრული რენტგენოგრაფი, რომელსაც გააჩნია ტომოსინთეზის ფუნქცია - ნებისმიერი სისტემის შრეობრივი რენტგენოგრაფია, რაც გულისხმობს საეჭვო უბნის დეტალურად გამოსახვას.
- სპირომეტრია - ფილტვების ფუნქციონირების შესაფასებლად ტარდება სუნთქვის ტესტი - სპირომეტრია. ამ დროს სპეციალურ მოწყობილობაში - სპირომეტრში ჩასუნთქვისას სხვადასხვა მაჩვენებლით იზომება პაციენტის მიერ ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა და სიჩქარე.
- სისხლის ანალიზები - ანალიზებით შესაძლოა დადგინდეს სიმპტომები გამოწვეულია თუ არა ანემიით.
- სხვა კვლევები - ექიმის რეკომენდაციით შესაძლოა პაციენტებს დასჭირდეთ კარდიოლოგიური კვლევების - ექოკარდიოგრაფიის ან ელექტროკარდიოგრაფიის ჩატარება. ზოგ შემთხვევაში კომპიუტერული ტომოგრაფია შესაძლოა იყოს რეკომენდებული. ასევე, შესაძლოა ჩატარდეს სისხლის ანალიზები და ნახველის ნიმუშის ტესტირება.
როგორ ხდება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობა?
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობა გულისხმობს დაავადების პროგრესირების შენელებას და არა სრულად განკურნებას. მკურნალობის კურსი უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკურნალობას გულისხმობს. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა.
დაავადების პროგრესირების შენელებისთვის საუკეთესო გამოსავალი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაა. დაავადების ადრეულ სტადიაზე თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. უკვე ჩამოყალიბებული დაზიანება შეუქცევადია, მაგრამ თამბაქოზე უარის თქმით მდგომარეობის გაუარესების შეჩერება - შესაძლებელი.
შესაძლებელია თუ არა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების პრევენცია?
თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, დაავადების რისკის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. კვლევებით დადგენილია, რომ თუ დამხმარე პრეპარატების პარალელურად, პაციენტი თამბაქოს მოხმარებას წყვეტს ან ამცირებს თამბაქოს გამონაბოლქვთან კონტაქტს, მკურნალობის ეფექტურობა უფრო მაღალია.