გულის შეტევა
გულის შეტევა გადაუდებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც გულის სისხლით მომარაგება უეცრად, უმეტესად თრომბის ჩამოყალიბების გამო ირღვევა. სისხლის ნაკლებობამ შეიძლება გულის კუნთის სერიოზული დაზიანება განაპირობოს. გულის შეტევას მედიკოსები მიოკარდიუმის ინფარქტს უწოდებენ.
სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტკივილი გულმკერდის არეში - გულმკერდში აღინიშნება მოჭერის ან ზეწოლის შეგრძნება და ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს ყბას, კისერს, მხრებსა და ზურგს.
- ზერელე სუნთქვა
- ზოგადი სისუსტე
- გადაჭარბებული აღგზნებადობა
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტკივილი არ არის ყოველთვის ძლიერი. ის შეიძლება იყოს საშუალო სიძლიერის და შეცდომით ჩაითვალოს საჭმლის მონელების დარღვევით გამოწვეულ ტკივილად. გულის შეტევის ამოსაცნობად მნიშვნელოვანია სიმპტომების კომბინაციის იდენტიფიცირება და არა გულ-მკერდის ტკივილის ხარისხის განსაზღვრა.
გულის შეტევის მართვა
გულის შეტევა გადაუდებელი მდგომარეობაა, თუ ეჭვობთ, რომ ვინმეს შესაძლებელია ჰქონდეს გულის შეტევა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუ მოიპოვება ასპირინი და მის მიმართ ალერგიულობა არ აღინიშნება, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მიეცით პაციენტს (ერთი აბი ჩასაღეჭად). ასპირინი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და გულის შეტევის რისკის შემცირებას.
მკურნალობა დამოკიდებულია შემთხვევის სიმძიმეზე. არსებობს ორი მთავარი მიდგომა:
- მედიკამენტების გამოყენება თრომბის დასაშლელად
- ქირურგიული ოპერაცია ან არაინვაზიური ინტერვენცია სისხლის მიმოქცევის აღსადგენად
რა იწვევს გულის შეტევას?
გულის კორონარული დაავადება გულის შეტევის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც კორონარული არტერიები (გულის სისხლით მომმარაგებელი მთავარი სისხლძარღვები) იხშობა ქოლესტეროლის დეპოზიტებით, მათ ათეროსკლეროზული ფოლაქი ეწოდება.
შეტევამდე ერთ-ერთი ფოლაქი ირღვევა და რუპტურის ადგილას წარმოიქმნება თრომბი. მან შეიძლება შეაფერხოს სისხლის მიმოქცევა კორონარულ არტერიებში და განაპირობოს გულის შეტევა.
გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკს ზრდის:
- თამბაქოს მოწევა
- ცხიმოვანი საკვები
- დიაბეტი
- ქოლესტეროლის მაღალი დონე
- არტერიული ჰიპერტენზია
- ჭარბი წონა ან სიმსუქნე
მოწევა - ნახშირჟანგის მონოქსიდი და ნიკოტინი იწვევს გულის დატვირთვას და მისი მუშაობის აჩქარებას. ასევე ზრდის თრომბოზის რისკს.
დიეტა - თუ იღებთ ცხიმით გაჯერებულ საკვებს, სისხლში ქოლესტეროლის შემცველობა აიწევს. ამის შედეგი კი გულის კორონარული დაავადების და გულის შეტევის განვითარების რისკის გაზრდაა.
სისხლის მაღალი წნევა - ადექვატურად მართვის გარეშე სისხლის მაღალმა წნევამ (ჰიპერტენზიამ) შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლძარღვთა დაზიანებას.
დიაბეტი - პირველი და მეორე ტიპის დიაბეტთან ასოცირებულმა გლუკოზის მაღალმა დონემ სისხლში შეიძლება იმოქმედოს კორონარულ არტერიებზე. დადგენილია, რომ დიაბეტიანი ადამიანისთვის გულის იშემიური დაავადების განვითარების ალბათობა თითქმის ხუთჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანში.
ჭარბი წონა ან სიმსუქნე - ჭარბი წონა, ან სიმსუქნე პირდაპირ არ ზრდის გულის კორონარული დაავადების ან გულის შეტევის განვითარების რისკს, მაგრამ წარმოადგენენ რისკ-ფაქტორებს.
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა - ვარჯიშის ნაკლებობა წარმოადგენს გულის იშემიური დაავადების განვითარების არაპირდაპირ რისკ-ფაქტორს.
ალკოჰოლი - ალკოჰოლის ჭარბად მიღებამ შეიძლება განაპირობოს სისხლის წნევის და ქოლესტეროლის შემცველობის მატება და გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკის ზრდა.
ასაკი და სქესი - ასაკის მატებასთან ერთად გარკვეული ხარისხით იზრდება გულის კორონარული დაავადების განვითარების ალბათობა.
მამაკაცებში გულის შეტევა 2-3-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება, ვიდრე ქალებში.
გულის შეტევის სიმპტომები
თუ ვარაუდობთ, რომ თქვენ ან სხვას გაქვთ გულის შეტევა, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.
სიმპტომები შეიძლება იყოს:
- ტკივილი გულმკერდის არეში - ზეწოლის, შეზღუდვის ან მოჭერის შეგრძნება მკერდის შუა ნაწილში
- ტკივილი სხეულის სხვა უბნებში - შეიძლება გქონდეთ ტკივილის გადაცემის შეგრძნება გულმკერდიდან მხრებისაკენ (უმეტესად მარცხენა, მაგრამ შეიძლება ორივე მხრისაკენ), ყბისკენ, კისრის, ზურგისა და მუცლისაკენ.
- თავრბუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება
- ოფლიანობა
- ზერელე სუნთქვა
- გულისრევა ან ღებინება
- ჭარბი აღგზნებადობა (პანიკის შეტევის მსგავსი გრძნობა)
- ხველა ან ხმაურიანი სუნქთვა
გულმკერდის ტკივილი უმეტესად ძალიან ძლიერია, თუმცა ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება განიცადოს მსუბუქი, საკვების მოუნელებლობის დროს განვითარებული დისკომფორტის შეგრძნება. ზოგიერთ შემთხვევაში გულმკერდის ტკივილი შეიძლება საერთოდ არ იყოს გამოხატული, განსაკუთრებით ქალებში, ასაკოვან და დიაბეტის მქონე პაციენტებში.
გართულებები
გულის შეტევის გართულებები შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიშიც კი.
ესენია:
- არითმია
- კარდიოგენული შოკი - ამ დროს გულის კუნთი ძლიერ დაზიანებულია და ის ვეღარ ახერხებს ადეკვატურად შეკუმშვას, რათა უზრუნველყონ სისხლის მიმოქცევა მთელ ორგანიზმში.
- გულის რუპტურა - ამ დროს ირღვევა გულის კუნთის და სარქვლების მთლიანობა.
გართულებები შეტევის შემდეგ მალევე შეიძლება გამოვლინდეს და გახდეს სიკვდილის ძირითადი მიზეზი.
გამოჯანმრთელება
გამოჯანმრთელების პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გულის კუნთის დაზიანების ხარისხზე. ზოგიერთი პაციენტი შეტევიდან ორ კვირაში უბრუნდება სამსახურს. ზოგს შეიძლება გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე თვეც დასჭირდეს. გამოჯანმრთელების პროცესი მიმართულია:
- განმეორებითი გულის შეტევის განვითარების რისკის შემცირებისკენ - ეს შესაძლებელია ცხოვრების წესის შეცვლით, ჯანსაღად კვებით და მედიკამენტებით, როგორებიცაა მაგ. სტატინები (აქვეითებენ სისხლში ქოლესტეროლის შემცველობას) და სხვა.
- თქვენი ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისაკენ, რათა შეძლოთ დაუბრუნდეთ ნორმალურ აქტივობებს.
პაციენტთა უმეტესობა შეძლებს სამსახურში დაბრუნებას, მაგრამ დრო დამოკიდებულია მათი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და სამუშაოს ტიპზე.
გულის შეტევის განვითარების რისკის შემცირება
არსებობს ხუთი ძირითადი საფეხური, რომლებიც დაგეხმარებათ გულის შეტევის (ან განმეორებითი შეტევის) განვითარების რისკის შესამცირებლად.
ესენია:
- მწეველებისთვის მოწევის შეწყვეტა.
- ჭარბი წონის დაკლება
- რეგულარული ვარჯიში - ზრდასრული ადამიანი უნდა ასრულებდეს ზომიერად ინტენსიურ აერობულ აქტივობებს კვირაში მინიმუმ 150 წუთი (2 სთ. და 30 წთ.)
- ნაკლებად ცხიმიანი, ბოჭკოვანი დიეტა, რაც მოიცავს მარცვლეულს, ხილსა და ბოსტნეულს (დღეში მინიმუმ 5 პორცია)
- ალკოჰოლის მოხმარების დარეგულირება
როდის უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება
გულის შეტევის ამოსაცნობად გეხმარებათ სიმტპომების ერთობლიობა. თუკი არსებობს ეჭვი, რომ ტკივილი ან დისკომფორტი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გულთან, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე
დახმარების მოსვლამდე ძალზე მნიშვნელოვანია მოსვენება, რათა თავიდან აიცილოთ გულის ზედმეტი დატვირთვა. თუ ასპირინი იოლად მოგეპოვებათ და მის მიმართ ალერგიული არ ბრძანდებით, ჩაღეჭეთ ერთი აბი (300მგ.) სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ასპირინი ათხელებს სისხლს და აღადგენს გულის სისხლით მომარაგებას.
გულის გაჩერება
ისეთმა გართულებამ, როგორიცაა პარკუჭოვანი არითმია, ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს გულის უეცარი გაჩერება.
გულის გაჩერების ნიშნები და სიმპტომები:
- არ ვლინდება სუნთქვის ნიშნები
- გონების დაკარგვა
- არ აღინიშნება არანაირი მოძრაობა
- არ არის რეაქცია არანაირ სტიმულაციაზე, მაგალითად შეხებაზე ან დალაპარაკებაზე
თუ მიგაჩნიათ, რომ ადამიანს გული გაუჩერდა და არ არის ხელმისაწვდომი ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი, უნდა ჩაატაროთ გულის მასაჟი, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი ამუშავება.
გულის მასაჟი
გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება:
- მოათავსეთ მტევნის ხელისგულის ზედაპირი მკერდის ძვალზე გულმკერდის ცენტრში. მეორე ხელი დაადეთ ზემოდან პირველს და შეჭიდეთ თითები.
- მთელი სხეულის წონით (არა მხოლოდე მხრებით) ჩააწექით გულმკერდს 5-6 სმ.-ით.
- გაიმეორეთ ეს დახმარების მოსვლამდე.
ეცადეთ გულმკერდზე ზეწოლა მოახდინოთ 100-120-ჯერ წუთში. გადადით CPR-ზე (CPR) „მხოლოდ ხელებით“ განხორციელების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. ზემოთ ნახსენები რჩევები გამართლებულია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. CPR-ის განსახორციელებლად ბავშვებში იხილეთ შემდეგი ლინკი: how to resuscitate a child.
გულის შეტევის დიაგნოსტირება
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ გულის შეტევა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ამ დროს აუცილებლად დაგჭირდებათ განსაკუთრებული გადაუდებელი ზედამხედველობა და ჰოსპიტალიზაცია.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 190 190