ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ტკივილი გულმკერდის არეში

გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით - დაწყებული გულმკერდის კუნთის ტკივილით, დამთავრებული გულის შეტევით ან გულის ქრონიკული დაავადებით, ამიტომ მისი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

როდის მივმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას?

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ გაგივითარდათ უეცარი მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით თუ:

  • გაქვთ ძლიერი სიმძიმის, მოჭერის ამ მსგავსი შეგრძნება;
  • ტკივილი დაიწყო უეცრად და გრძელდება 2-15 წუთი ან მეტ ხანს;
  • ტკივილი გადაეცემა სხეულის სხვა ნაწილებს, როგორიცაა ერთი ან ორივე მკლავი, ზურგი, კისერი ან ყბა;
  • გაქვთ სხვა სიმპტომებიც - სუნთქვის უკმარისობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ცივი ოფლიანობა, თავბრუსხვევა ან ძლიერი სისუსტე;
  • გაქვთ გულის დაავადებების რისკი; მაგალითად, ხართ მწეველი ან ჭარბწონიანი, გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტონია), დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ოჯახის წევრების გულის დაავადებების ისტორია. 
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს ან მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუ ტკივილი ან დისკომფორტი არ იყო ძლიერი, მალევე შემსუბუქდა ან სრულიად გაიარა, ვინაიდან შესაძლოა ეს იყოს გულის სახიფათო დაავადების პირველი გამოვლინება.
 

შეიძლება თუ არა საქმე გვქონდეს გულის პრობლემასთან?

ტკივილი გულმკერდის არეში ყოველთვის გულის პრობლემების შედეგად არ იწყება. შესაძლოა რთული იყოს გულის ტკივილის და სხვა ორგანოების პათოლოგიით განპირობებული ტკივილის გარჩევა. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის შეიძლება განპირობებული იყოს გულის ისეთი პათოლოგიებით, როგორიცაა:

  • სტენოკარდია - როდესაც გულის კუნთების მომმარაგებელი სისხლძარღვის (არტერიების) შევიწროების გამო გულის კუნთს სისხლის მიწოდება ნაწილობრივ ეზღუდება;
  • გულის შეტევა - როდესაც გულის კუნთის გარკვეულ ნაწილს სისხლის მიწოდება უეცრად სრულიად ეზღუდება მომმარაგებელი სისხლძარღვის დახშობის გამო;
  • გულის სხვა დაავადებები - მაგ. აორტის განშრევება, პერიკარდიტი, სხვ.

სტენოკარდიაც და გულის შეტევაც გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა გამოვლინებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სისხლძარღვების დაზიანება და გულის კუნთისთვის ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდების შეზღუდვა.

ამ ორივე დაავადებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ყრუ, ძლიერი, მოჭერითი, შემბოჭავი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლებელია ვრცელდებოდეს მკლავებზე, კისერზე, ყბაზე, ან ზურგზე. ხანდახან ეს ტკივილი შესაძლოა მუცლის არეშიც განვითარდეს. აღნიშნულ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს სუნთქვის უკმარისობა და გულისრევა/ღებინება.
გულის შეტევისგან განსხვავებით, რომელიც მწვავე მდგომარეობაა და აუცილებლად საჭიროებს სპეციალიზებულ კლინიკაში გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას, სტენოკარდიით გამოწვეული გულმკერდის ტკივილი პროვოცირებულია ფიზიკური აქტივობით, სხვადასხვა სახის დატვირთვით ან ემოციური სტრესით და უმჯობესდება დატვირთვის შეწყვეტით და რამდენიმე წუთიანი დასვენების შემდეგ.

თუ ადრე გქონდათ სტენოკარდიის დიაგნოზი დასმული, ტკივილი შესაძლებელია შეგიმსუბუქოთ თქვენთვის დანიშნული სტენოკარდიის წამლების მიღებამ.

თუ ზემოთხსენებული სიმპტომები გრძელდება 2-15 წუთის ან უფრო მეტი დროის მანძილზე მოსვენებულ მდგომარეობაში, მაღალი ალბათობით შესაძლოა გამოწვეული იყოს გულის შეტევით - ამ დროს საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზაცია.

რა სადიაგნოსტიკო საშუალებები არსებობს?

  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) - ამ მეთოდით ხდება გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა. ხდება გულის დაზიანების აღმოჩენა და ჩაწერა, რადგან გულის დაზიანებული და ჯანმრთელი ქსოვილები სხვადასხვანაირად ატარებენ ელექტრულ იმპულსს. ხშირად ხდება ეკგ-ს ხანგრძლივი - 24 ან 48 საათიანი ჩაწერა.
  • ფიზიკური დატვირთვის სინჯი - ამ დროს ხდება პაციენტის ფიზიკური დატვირთვა სარბენ ბილიკზე ან ველოტრენაჟორზე; პარალელურად კი მიმდინარეობს ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა. მეთოდი გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რამდენად პასუხობს გულის სისხლმომარაგება ფიზიკური დატვირთვის გამო წარმოქმნილ გაზრდილ მოთხოვნილებას. თუკი გულის სისხლძარღვები შევიწროებულია, ეს აისახება ელექტროკარდიოგრამაზე.
  • ულტრაბგერითი კვლევა - კვლევისთვის გამოიყენება მაღალი სიხშირის ბგერა, რომლის საშუალებითაც მიიღება გულის ვიდეო გამოსახულება. შედეგად, ექიმებს საშუალება ეძლევათ დააკვირდნენ გულის სტრუქტურას, კუმშვადობას და სხვა მაჩვენებლებს. გულის რომელიმე უბნის დარღვეული კუმშვადობა ხშირად გულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობაზე მიუთითებს.
  • გულის სისხლძარღვების ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია) - კიდურის (ხელის ან ფეხის) არტერიიდან სპეციალური გრძელი კათეტერით ხდება სპეციალური რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანა გულის არტერიებში. შემდგომ რენტგენის აპარატით დასხივებით, ხდება არტერიების შევიწროების ხარისხის (დაზიანების) და არტერიის სრული დახშობის (თუ ასეთი არის) დათვალიერება, შესწავლა და ციფრულ მატარებელზე ჩაწერა.

რა სამკურნალო პროცედურები არსებობს?

  • კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტირებით - ეს პროცედურა კორონაროგრაფიის მსგავსია და მის შედეგად ხდება გულის სიხლძარღვების გამავლობის აღდგენა. მანიპულაცია ტარდება გრძელი კათეტერის საშუალებით, რომელზეც მოთავსებულია სპეციალური ბალონი. სისხლძარღვის შევიწროებულ ნაწილთან მიღწევისას ხდება ბალონის გაბერვა-დაჩუტვა სისხლძარღვის გამავლობის აღდგენამდე. შემდგომ ხდება ბალონს ამოღება და მის მაგივრად თავსდება ე.წ. სტენტი (ბადისებური მყარი მილი), რომელიც მუდმივად რჩება სისხლძარღვის დაზიანებულ ადგილას და ახდენს განმეორებითი სტენოზის (შევიწროების) პრევენციას. შევიწროებების რაოდენობიდან გამომდინარე პაციენტს შესაძლებელია დასჭირდეს ერთი ან რამოდენიმე სტენტი. არსებობს სტენტის მრავალი სახეობა, მათ შორის ბევრი დამზადებულია წამლით დაფარული მეტალისგან ან მასალისგან. ექიმი პაციენტის დაავადების მიმდინარეობიდან და კორონაროგრაფიის სურათიდან გამომდინარე ურჩევს პაციენტს სტენტის სახეობას.
  • აორტო-კორონარული შუნტირება - ოპერაციული ჩარევაა, რომლის დროსაც ხდება გულის სიხლძარღვების შევიწროებული ნაწილების შემოვლითი სისხლმომარაგება - შუნტირების ჩატარება. შუნტისთვის გამოიყენება სისხლძარღვი, რომელსაც იღებენ ორგანიზმის სხვა ნაწილებიდან. მაგალითად, შუნტებისათვის იყენებენ ვენას ფეხიდან ან გულმკერდის შიდა არტერიას. შუნტირების დროს, სისხლძარღვების შევიწორებების რაოდენობიდან გამომდინარე პაციენტს შესაძლებელია დასჭირდეს ერთი ან რამოდენიმე შუნტი.

როგორია მედიკამენტოზური მკურნალობა?

გულის შეტევის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მრავალი მედიკამენტი, მათ შორის:

  • სისხლძარვთა გამაფართოებელი საშუალებები, მაგ. ნიტროგლიცერინი - გამოიყენება ენის ქვეშ მისაღები პატარა ზომის აბები, რომლებიც აფართოებენ გულის მკვებავ სისხლძარღვებს, ამცირებენ გულის მუშაობას და აუმჯობესებენ სისხლის მიწოდებას ქსოვილებში.
  • თრომბის წარმოქმნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, მაგ. ასპირინი, კლოპიდოგრელი.
  • ბეტა ბლოკატორები - ხშირად გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ. ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას, რითაც მცირდება გულის მოთხოვნა ჟანგბადზე და დაზიანებული არტერიების პირობებშიც კი შესაძლოა გააუმჯობესოს პაციენტის მდგომარეობა.
  • თრომბოლიზური მედიკამენტები - გამოიყენება უკვე წარმოქმნილი თრომბის დასაშლელად სისხლძარღვის გამავლობის აღდგენის მიზნით.
  • სისხლის გამათხელებლები, მაგ. რივაროქსაბანი - თუ არტერიაში წარმოქმნილია თრომბი, შესაძლებელია დაინიშნოს ამ ჯგუფის მედიკამენტებიც ახალი თრომბების წარმოქმნის პრევენციის მიზნით.
  • ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები, მაგ. ატროვასტატინი, სიმვასტატინი - მაღალი ქოლესტერინის დონე არის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანების მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუ ჯანსაღი კვებით და ფიზიკური აქტივობით შედეგის მიღწევა ვერ ხერხდება, ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტი ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციის მიზნით.

ზემოთჩამოთვლილი მედიკამენტების გარდა, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინიშნოს სხვა ისეთი ჯგუფის წამლები, როგორიცაა: კალციუმის ანტაგონისტები, აგფ ინჰიბიტორები, სხვადასხვა ანტიარითმული საშუალება და სხვ.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან სხვა ადამიანს აქვს გულის შეტევა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს!
არ ინერვიულოთ თუ არ ხართ დარწმუნებული არის თუ არა ეს ნამდვილად გულის შეტევა. უმჯობესია სამედიცინო პერსონალი მივიდეს გამოძახების ადგილზე და გადამოწმდეს, რომ ეს იყო თქვენი ვარაუდი, ვიდრე მივიდნენ მაშინ, როდესაც უკვე დაგვიანებულია სიცოცხლის გადარჩენა.

 

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისათვის, რომ შეგექმნათ წარმოდგენა სტენოკარდიისა და გულის შეტევის სიმპტომების, მიზეზების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ.

გახსოვდეთ, პაციენტმა ჩივილებით გულის არეში დიაგნოზის დასასმელად აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს - არ ეცადოთ დიაგნოზის დასმას! თვითმკურნალობას შესაძლოა მოჰყვეს ფატალური შედეგი!

ჩვენს გამოცდილ გუნდთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 190 190