რა არის შაკიკი?
შაკიკი ერთ-ერთი გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ძლიერი, მფეთქავი ტკივილი ძირითადად თავის ერთ მხარეს, თუმცა, ტკივილი, შეიძლება, გამოხატული იყოს მეორე მხარესაც.
შაკიკის ტიპები
შაკიკის რამდენიმე ტიპი არსებობს და თითოეულს თავისი სპეციფიკური მახასიათებელი აქვს. დაავადების გავრცელებული ტიპებია:
- შაკიკი აურის გარეშე - ამ ტიპის შაკიკს ახასიათებს პერიოდულად ზომიერი ან ძლიერი მფეთქავი ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათი ან დღე. შეტევას, შესაძლოა, თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება, მგრძნობელობა სინათლის, ხმის ან სუნის მიმართ;
- შაკიკი აურასთან ერთად, ცნობილი, როგორც კლასიკური შაკიკი - იგივე ტიპის თავის ტკივილთან ერთად ახასიათებს მხედევლობის დაბინდვა, მეტყველების ხანმოკლე შეცვლა ან გაძნელება, მგრძნობელობის ცვლილება.
- ქრონიკული შაკიკი - ამ ტიპის შაკიკს ახასიათებს ინტენსიური შაკიკის შეტევები თვეში მინიმუმ 15 დღის განმავლობაში;
- მენსტრუალური შაკიკი - ჩნდება მენსტრუაციის დროს და შეიძლება იყოს უფრო რთულად სამართავი, ვიდრე სხვა რომელიმე ტიპის შაკიკი.
- ჰემიპლეგიური შაკიკი - იშვიათი ქვეტიპი, რომელსაც შეტევის დროს ან შეტევის შემდეგ ახასიათებს კიდურების დროებითი სისუსტე მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
- ბადურის შაკიკი - ცნობილი, როგორც რეტინული შაკიკი, არის შაკიკის იშვიათი ტიპი, რომელსაც ხშირად თან ახლავს მხედველობის დროებითი დარღვევები ან სიბრმავე ერთ თვალში.
- ვესტიბულური შაკიკი - ახასიათებს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და მგრძნობელობა სინათლის ან ხმის მიმართ. ვესტიბულური შაკიკი დიაგნოსტირება რთულია, რადგან თან ახლავს სხვა ტიპის ვესტიბულური დარღვევის სიმტომები.
დაავადების გამომწვევი მიზეზები
შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს დაავადების განვითარებაზე. მაგალითად:
- ჰორმონული ცვლილებები;
- სტრესი;
- ძილის ნაკლებობა;
- გარკვეული საკვები ან საკვები დანამატები;
- გენეტიკური ფაქტორი;
- მოშიება.
რაიმე კონკრეტული კვლევა შაკიკის დიაგნოსტირებითვის არ არსებობს. დიაგნოსტირება მოიცავს:
- სამედიცინო ისტორიის შესწავლას;
- ფიზიკურ გამოკვლევას;
- ლაბორატორიულ კვლევებს;
- სხვა დაავადებების გამორიცხვის მიზნით, რადიოლოგიურ კვლევებს (CT, MRI).
შაკიკის მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის ცვლილებასა და მედიკამენტურ მკურნალობას ტკივილის მართვის მიზნით. პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ინიშნება შემდეგი მედიკამენტები:
- ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის შაკიკის საწინააღნდეგო
- გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
- ბეტა-ბლოკატორები;
- კომბინირებული მედიკამენტები;
- ანტიკონვულსანტები;
- ანტიდეპრესანტები;
- კალციუმის არხის ბლოკატორები;
- ბოტულოტოქსინის ინექციები.
სასურველია, შეამციროთ სტრესი, დაარეგულიროთ ძილის და კვების რეჟიმი და დაიცვათ ჯანსაღი დიეტა. ასევე მნიშვნელოვანია სპეციალისტთან ერთად შეიმუშაოთ მკურნალობის გეგმა, რომელიც მორგებული იქნება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე.