რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ყურის საწმენდი ჩხირები?
ყურის გოგირდი არის ცვილისებრი ნივთიერება, რომელიც ყველა ადამიანის ყურში გროვდება. ყურის გოგირდს (ცვილს) ყურის არხების ჯირკვლები წარმოქმნიან, რათა დაიცვან კანი ყურებში და ასევე უზრუნველყონ დაცვა მიკრობებისგან. ყურის ცვილის სამედიცინო ტერმინი არის "ცერუმენი". ზოგ შემთხვევაში ყურის გოგირდი ბევრად უფრო სწრაფად გროვდება, ვიდრე სხვებთან.
ყურის არხის გოგირდისგან გაწმენდის მიზნით ხშირად იყენებენ ყურის საწმენდ ბამბის ჩხირებს, რაც უფრო მეტ ზიანს აყენებს ყურს, ვიდრე გოგირდის დაგროვება, რადგან ბამბის ჩხირი გაწმენდის ნაცვლად ხელს უწყობს გოგირდის გარეთა სასმენი მილის სიღრმეში დაგროვებას. ასეთ დროს ხშირია ყურის დახშობის შემთხვევები.
ბამბის ჩხირებმა შესაძლოა დააზიანოს ყურის არხი
ბამბის ჩხირების ყურში ძალიან ძლიერად მიჭერით, შეიძლება მყისიერად დაიზიანოთ დაფის აპკი, რაც ძალიან მტკივნეულია. ბამბის ჩხირების გამოყენებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენა და სისხლჩაქცევები ყურის მგრძნობიარე შიდა არხის გასწვრივ. ასევე შესაძლოა ყურიდან გამოიყოს გამჭვირვალე სითხე. დაფის აპკის შეხორცებას, შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს და გამოიწვიოს სმენის დროებითი დაკარგვაც კი.
გარეთა სასმენი მილის დახშობის სიმპტომებია:
- ყურის ტკივილი;
- ტინიტუსი (ხმაური ყურებში);
- ყურში სისავსის შეგრძნება;
- ქავილი;
- ყურიდან უსიამოვნო სუნი;
- თავბრუსხვევა;
- ხველა;
- სმენის ნაწილობრივი დაქვეითება;
- სმენის დაქვეითება.
თუ ყურში უეცარი ტკივილი, გამონადენი, ტინიტუსი ან სმენის დაქვეითება გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, ყურის აპკი დაგიზიანდათ, რომელიც შეიძლება დაინფიცირდეს ან არასწორად შეხორცდეს.
როგორ უნდა გავიწმინდოთ ყურები უსაფრთხოდ
გარეთა ყური, შესაძლებელია შხაპის მიღებისას გაასუფთაოთ ცოტაოდენი საპნით, წყლით და ნაზი ქსოვილით. უმეტეს შემთხვევაში ყურის არხის გაწმენდა არ არის საჭირო, რადგან თმის დაბანის ან შხაპის დროს ყურის არხში საკმარისი რაოდენობის წყალი შედის, რომ დაგროვილი გოგირდი გაფხვიერდეს.