ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ღვიძლის კიბო

რა არის ღვიძლის კიბო?

ღვიძლის კიბო არის სიმსივნური დაავადება, რომელიც გვხვდება ღვიძლში ნებისმიერ ადგილას. ღვიძლი არის დიდი ორგანო მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს; ის გვეხმარება საჭმლის მონელებაში და შლის ტოქსინებს. ღვიძლის კიბო ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ღვიძლში (პირველადი) ან გავრცელდეს სხვა ორგანოდან (მეორადი). რამდენად სერიოზულია ღვიძლის კიბო, დამოკიდებულია მის მდებარეობაზე ღვიძლში. ასევე იმაზე, თუ რამდენად დიდია, გავრცელებულია თუ არა, პირველადია თუ მეორადი და ასევე როგორია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად.

ღვიძლის კიბოს სიმპტომები

ღვიძლის კიბოს შესაძლოა არ ახლდეს სიმპტომები ან ძნელად შესამჩნევი იყოს. სიმპტომები არასპეციფიკურია და შესაძლოა მსგავსი იყოს ღვიძლის პირველადი და მეორადი (მეტასტაზური) დაზიანების დროს. ღვიძლის კიბოს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • თვალების სკლერებისა და კანის ან შეყვითლება, ასევე კანის ქავილი, მუქი შარდვა და ჩვეულებრივზე უფერული განავალი
  • უმიზეზოდ მადის დაკარგვა ან წონის დაკლება
  • დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე
  • ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები
  • სიმსივნე მუცლის მარჯვენა მხარეს

სხვა სიმპტომებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საჭმლის მონელებაზე, როგორიცაა:

  • დისკომფორტის შეგრძნება
  • ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს ან მარჯვენა მხარში
  • საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომები, როგორიცაა ჭამის დროს ძალიან სწრაფად დანაყრების შეგრძნება
  • მუცლის შესივება, რომელიც არ არის დაკავშირებული ჭამასთან

ვინ შეიძლება დაავადდეს ღვიძლის კიბოთი

ღვიძლის პირველადი კიბო შეიძლება დაემართოს ნებისმიერს ადამიანს. მისი გამომწვევი მიზეზი ყოველთვის არ არის ნათელი. უმეტესად რისკჯგუფები არიან:

  • 60 წელზე მეტი ასაკის (ყველაზე ხშირად 85 წელს გადაცილებული) ადამიანები
  • მამრობითი სქესის ადამიანები
  • გარკვეული სამედიცინო ფონის მქონე ადამიანები, როგორიცაა ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ნაღვლის ბუშტის კენჭები, დიაბეტი, ღვიძლში პარაზიტი
  • აღნიშნული დაავადების არსებობა უახლოეს ნათესავებში - გენეტიკური ფაქტორი
  • ღვიძლის მეორადი კიბო გამოწვეულია სიმსივნური უჯრედების გავრცელებით სხვა ორგანოებში არსებული სიმსივნიდან (მეტასტაზები)
ტესტები და შემდეგი ნაბიჯები

ღვიძლის კიბოს გამოსავლენად ექიმის რეკომენდაციით უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები, როგორიც არის სისხლის ანალიზები, ულტრაბგერითი სკანირება, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ); ასევე, ბიოფსია - ღვიძლის ქსოვილის აღება ჩხვლეტით სიმსივნის ხასიათის დასადგენად.


თუ პაციენტს უკვე ჰქონდა სხვა სახის კიბო და ექიმი ფიქრობს, რომ ის შესაძლოა გავრცელდეს ღვიძლში (ღვიძლის მეორადი კიბო), ასევე შესაძლებელია ჩატარდეს PET სკანირება.

აღნიშნული კვლევები ასევე დაგვეხმარება სხვა ახლომდებარე ორგანოებში - სანაღვლე სადინარებში, პანკრეასსა ან ღვიძლში არსებული პრობლემების გამოვლენაში.

ღვიძლის კიბოს მკურნალობა

ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტი იმართება სპეციალისტთა ჯგუფის მიერ, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას. მკურნალობა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • სიმსივნური პროცესი პირველადია (დაიწყო ღვიძლში) თუ მეორადი (გავრცელდა სხვა ორგანოდან);
  • ღვიძლის სიმსივნის ზომა და ტიპი
  • სიმსივნის ლოკალიზაცია
  • სიმსივნის გავრცელება
  • პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, სიმსივნის განადგურებას მისი სისხლმომარაგების შეწყვეტის გზით (ვასკულური აბლაცია), სიმსივნის განადგურებას სითბოს გამოყენების გზით (თერმული აბლაცია), მიზნობრივი მედიკამენტების გამოყენებას და რადიოთერაპიას.

ღვიძლის კიბოს ქირურგია

თუ ღვიძლის კიბო ადრეულ პერიოდში გამოვლინდა, მცირე ზომისაა და არ გავრცელდა, მის მოსაშორებლად შესაძლოა ჩატარდეს ქირურგიული პროცედურა. ოპერაციის დროს მოიხსნება ღვიძლის დაავადებული ნაწილი ან მთლიანად ორგანო; ამ უკანასკნელის შემთხვევაში საჭირო ხდება  ღვიძლის გადანერგვა, რათა მოხდეს ღვიძლის ჩანაცვლება.

ღვიძლის კიბოს სამკურნალო ოპერაციიდან გამოჯანმრთელებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც გეგმავს მკურნალობას და ზრუნავს პაციენტზე, განიხილავს ყველა სარგებელსა და გვერდით ეფექტს.

ქიმიოთერაპია

ქიმიოთერაპია იყენებს მედიკამენტებს კიბოს უჯრედების მოსაკლავად. ღვიძლის კიბოსთვის, ქიმიოთერაპიული პრეპარატი შესაძლებელია შეყვანილი იქნას კიბოს მკვებავ სისხლძარღვებში; ეს ჩარევა მიზნად ისახავს კიბოს ზრდის შეჩერებას და მის უკუგანვითარებას. ამას ეწოდება ქემოემბოლიზაცია (ვასკური აბლაცია). ქიმიოემბოლიზაცია ტარდება, რათა ხელი შეეწყოს კიბოს შემცირებას, ან გაკონტროლდეს და გაუმჯობესდეს სიმპტომები. ეს კეთდება იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციის ჩატარება ან კიბოს ქირურგიული გზით მოცილება შეუძლებელია.

თერმული აბლაცია

თერმული აბლაცია იყენებს ელექტრო დენს ან მიკროტალღებს კიბოს განადგურების მიზნით. თერმული აბლაცია შესაძლოა ჩატარდეს ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ, თუ ოპერაციის ჩატარება ან კიბოს ქირურგიული გზით მოცილება შეუძლებელია.

მიზნობრივი (ტარგეტული) მედიკამენტებით

მიზნობრივი მედიკამენტები მიზნად ისახავს კიბოს ზრდის შეჩერებას. მიზნობრივი მედიკამენტებით ღვიძლის კიბოს მკურნალობა შეიძლება დაინიშნოს თუ ოპერაციის ჩატარება ან კიბოს ქირურგიული გზით მოცილება შეუძლებელია. ასევე შესაძლოა დაინიშნოს იმ შემთხვევებში, როდესაც კიბო გავრცელებულია სხვა ორგანოებშიც.

რადიოთერაპია

რადიოთერაპია არის მაიონებელი გამოსხივების გამოყენება კიბოს უჯრედების მოსაკლავად. რადიოთერაპიას, როდესაც ხდება შერჩევითი შიდა რადიაციული თერაპია ბეტა გამომსხივებელი რაიოიზოტოპის გამოყენებით, ეწოდება SIRT ან TARE.  ეს არის ე.წ. ბრაქითერაპიის ერთ-ერთი სახე, როდესაც ბეტა გამომსხივებელი რადიოიზოტოპის შემცველი მიკროსფეროები შეჰყავთ ღვიძლის სიმსივნის მკვებავ სისხლძარღვებში, რათა შეაჩერონ კიბოს განვითარება. ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ რადიოთერაპია შეიძლება დაინიშნოს თუ კიბოს მოცილება ქირურგიული გზით შეუძლებელია.