ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

სამწვერა ნერვის ნევრალგია

სამწვერა ნერვის ნევრალგია სახეზე არსებული ნერვის უეცარი, მწვავე ტკივილია, რომელიც თითოეულ ჯერზე რამდენიმე წამი ან წუთი გრძელდება. სამწვერა ნერვის ნევრალგია უმეტეს შემთხვევაში, ნერვზე ზეწოლით არის გამოწვეული და სახის ერთ მხარეს ვლინდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა სახის ორივე მხარეს გამოიხატოს.


სიმპტომები


სამწვერა ნერვის ნევრალგიის ძირითადი სიმპტომია სახეზე მწვავე ან მჭრელი ტკივილი, რომელიც მოულოდნელად ვითარდება და მოიცავს სახის ქვედა ყბას, ზედა ყბას, ლოყას და უფრო იშვიათად თვალბუდესა და შუბლის არეს.

ასეთ დროს შესაძლოა გრძნობდეთ:

  • ჩხვლეტის და გაშეშების შეგრძნებას
  • ტკივილს ან წვის შეგრძნებას

გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლოა რეგულარული სპაზმური ტკივილი განვითარდეს, რომელიც დღეები ან თვეები გრძელდება. ასევე, შესაძლებელია, რომ ტკივილი სრულად გაქრეს და წლების განმავლობაში აღარ განმეორდეს.

გამომწვევი მიზეზები

უმეტესწილად ტკივილს ქალას შიგნით არსებულ უდიდეს ნერვზე ზეწოლა იწვევს.

ნევრალგიის ეპიზოდების პროვოცირება შესაძლოა გამოიწვიოს ისეთმა ქმედებებმა და მოძრაობებმა, როგორიცაა:

  • საუბარი
  • ღიმილი
  • ღეჭვა
  • კბილების გახეხვა
  • მსუბუქი შეხება
  • გაპარსვა
  • ყლაპვა
  • ცივი ნიავი
  • თავის მოძრაობები და სხვა

სამწვერა ნერვის ნევრალგიის გამომწვევი მიზეზები მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის:

  • ქალას შიგნით სისხლძარღვის მარყუჟით კომპრესია (80-90%) ში
  • ქალას შიგნით რაიმე მოცულობითი წარმონაქმნის ზეწოლა
  • გაფანტული სკლეროზი - ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (თავისა და ზურგის ტვინზე)

არსებობს ასევე გარე ფაქტორები (მაგალითად, ქარიანი ამინდი, ცივი ან ცხელი სასმელისა და საკვების მიღება), რომლებსაც უნდა მოერიდოთ, რათა არ მოხდეს  ტკივილის პროვოცირება.

ვინ შეიძლება დაავადდეს?

სამწვერა ნერვის ნევრალგია იშვიათად ვითარდება 40 წლამდე ასაკში, ის თავს ასაკის მატებასთან  ერთად იჩენს და მეტად გავრცელებულია ქალებში.

დიაგნოსტირება

ტკივილი ძირითადად ქვედა ყბის არეში, კბილებსა და ღრძილებში იგრძნობა, ამიტომ ადამიანები აღნიშნული პრობლემით ხშირად სტომატოლოგს მიმართავენ. თუ სტომატოლოგმა ვერ შეძლო ტკივილის გამომწვევი მიზეზების დადგენა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დიაგნოსტირებამდე სახის არეში ტკივილის სხვა მიზეზები უნდა გამოირიცხოს, რათა დადგინდეს, რომელი ფორმა იწვევს დაავადებას, კლასიკური თუ სხვა (სიმპტომური სამწვერა ნერვის ნევრალგია).

სხვა დაავადებები, რომლებიც უნდა გამოირიცხოს:

  • დენტალური ინფექცია ან გაფუჭებული კბილი
  • შაკიკი
  • ქვედა ყბის სახსრის ტკივილი
  • ტემპორალური არტერიტი - მდგომარეობა, რომელიც სისხლძარღვების ანთებას იწვევს, რასაც შესაძლოა სიბრმავე ან ინსულტი მოჰყვეს
  • სახის ნერვის ტრავმული დაზიანება (პოსტტრავმული ნევრალგია)
  • მიმდინარე სახის ტკივილი უცნობი მიზეზით (იდიოპათიური)

დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც გადამწყვეტია ქალას შიგა კომპრესიის გამოსარიცხად ან დასადსტურებლად.   

მკურნალობა

თავდაპირველად ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, რათა შემცირდეს სახის არეში არსებული ტკივილი. მედიკამენტები ანელებენ ნერვული ელექტრო იმპულსების მოქმედებას და ხელს უშლიან ტკივილის გადაცემას. ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები სამკურნალოდ ეფექტური არ არის. თუმცა ხშირად მედიკამენტური მკურნალობა პაციენტს მხოლოდ დროებით ათავისუფლებს ტკივილისგან, შემდეგ კი თავს იჩენს გვერდითი მოვლენები, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა. კვლევებით დასტურდება, რომ ოპერაცია ეფექტურად უზრუნველყოფს ტკივილის შემსუბუქებას და ხელს უშლის მის გამეორებას.


ძირითადად ტარდება შემდეგი ქირურგიული პროცედურა:

მიკროვასკულური დეკომპრესია - აღნიშნული პროცედურის დროს ქირურგი აცალკევებს და ათავისუფლებს სისხლძარღვებს სამწვერა ნერვისაგან.