თორაკალური ქირურგია
რა არის თორაკალური ქირურგია?
თორაკალური ქირურგია არის მედიცინის დარგი, რომელიც ფოკუსირებულია გულმკერდის ღრუს ორგანოების ქირურგიულ მკურნალობაზე. გულმკერდის ღრუს ორგანოების ქირურგია შეიძლება მოიცავდეს ფილტვების, პლევრის, შუასაყარის, ტრაქეას, საყლაპავის ან გულმკერდის კედლის ოპერაციებს. თორაკალური ქირურგია მკურნალობს როგორც ონკოლოგიურ, ისე არაონკოლოგიურ პათოლოგიებს.
რა ტიპის პრობლემებისთვის მიმართავენ თორაკალურ ქირურგებს?
გულმკერდის ქირურგიის ყველაზე ხშირი ჩვენება ფილტვის კიბოა, თუმცა ასევე, საკმაოდ გავრცელებულია ოპერაციები, ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
- პნევმოთორაქსი
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
- საყლაპავის კიბო
- გასტროეზოფაგიური რეფლუქსის დაავადება
- საყლაპავის აქალაზია
- შუასაყარის ცისტები და სიმსივნური წარმონაქმნები
- ტრავმები
- გულმკერდის გამოსვლის სინდრომი და სხვ.
როგორ ხდება გულ-მკერდის დაავადებების დიაგნოსტირება?
თორაკალურ ქირურგული მანიპულაციები ხშირად გამოიყენება გულმკერდის ღრუს ორგანოების დიაგნოსტიკაში. სხვადასხვა ინვაზიური მეთოდებით შესაძლებელია დიაგნოზის დადასტურება, დაავადების ხარისხის განსაზღვრა, მდგომარეობის ზუსტი შეფასება და საჭირო მკურნალობის დაგეგმვა. თორაკალური პროცედურები, ასევე ინიშნება დაავადების პროგრესირების მონიტორინგისთვის.
თორაკალური ორგანოების დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ხშირად ინიშნება თორაკოსკოპია. ეს არის მინიმალურად ინვაზიური მანიპულაცია, რომლის დროსაც გულმკერდის კედელზე მცირე ზომის ჭრილობა კეთდება, საიდანაც ექიმს შეჰყავს თორაკოსკოპი და კამერის საშუალებით ათვალიერებს ორგანოებს. თორაკოსკოპიის დროს შესაძლებელია ბიოფსიის ნიმუშების აღება და სხვა სამკურნალო ან დიაგნოსტიკური მანიპულაციები.
რა ტიპის ოპერაციები ტარდება თორაკალური ქირურგიის მიმართულებით ნიუ ჰოსპიტალსში?
ნიუ ჰოსპიტალსში თორაკარული ქირურგიული ოპერაცია იგეგმება და ტარდება სამედიცინო გუნდის მიერ, რომელიც ორიენტირებულია სრულყოფილ, ინოვაციურ და პაციენტის საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობაზე. დაგეგმვის და მკურნალობის პროცესში დაავადებიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩაერთოს პულმონოლოგი, გასტროენტეროლოგი, ონკოლოგი, რადიოლოგი და სხვა სპეციალისტები.
გულმკერდის ქირურგებს ნიუ ჰოსპიტალსში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მუდმივად ზრუნავენ იმისათვის, რომ მიიღონ უახლესი ცოდნა და გამოცდილება, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესონ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხი. ოპერაციები ტარდება როგორც ღია ჩარევით, ასევე, მინიმალურად ინვაზიური მეთოდებით.
ნიუ ჰოსპიტალსში პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ შემდეგი ტიპის თორაკალური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ქირურგიული პროცედურები:
- დიაგნოსტიკური თორაკოსკოპია;
- ფილტვის რეზექცია;
- ფილტვის ლობექტომია;
- პნევმონექტომია (ფილტვის სრული ამოკვეთა);
- შუასაყარის ქირურგია (გულმკერდის იზოლირებული სიმსივნეები);
- ფილტვის და შუასაყარის ტრანსთოკალური Core-ბიოფსია კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით;
- თიმექტომია - შუასაყრის ლიმფური კვანძების ბიოფსია ღია და თორაკოსკოპიური მეთოდით;
- სარძევე ჯირკვლის Core-ბიოფსია, სექტორული რეზექცია, რადიკალური მასტექტომია;
- დიაფრაგმის პლასტიკა;
- პლევრის დეკორტიკაცია;
- საყლაპავის ფუნდოპლიკაცია;
- საყლაპავის რეზექცია;
- საყლაპავის კლიპირება ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენის დროს.
რამდენად მნიშვნელოვანია თორაკალური ქირურგია ფილტვის კიბოს მკურნალობისას?
დაავადების სიხშირიდან გამომდინარე, თორაკალური ქირურგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. თორაკალური ქირურგიის საშუალებით ხდება ფილტვის კიბოს სტადიის დადგენა, დაზიანებული ქსოვილების მოცილება და სიმპტომების შემსუბუქება.
ფილტვის კიბოს მკურნალობისათვის თორაკალური ქირურგია ყველაზე ეფექტურია დაავადების ადრეულ სტადიაზე. ქირურგიული მანიპულაცია ინიშნება ფილტვის ფუნქციური ტესტების, კომპიუტერული ტომოგრაფიის და სხვა ანალიზების საფუძველზე. ფილტვის კიბოს ქირურგიული ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს, როგორც ღია ჩარევით, ასევე, მინიმალურად ინვაზიური მეთოდით.
ფილტვის კიბოს დაგვიანებით დასმული დიაგნოზის დროს, როცა მეტასტაზები ორგანიზმში გავრცელებულია, თორაკალური ქირურგიული პროცედურები ინიშნება მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად, როგორიცაა ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია.
არსებობს თუ არა გულ-მკერდის დაავადებების პრევენციის გზები?
თორაკალური დაავადებების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია:
- მოწევის შეწყვეტა - მოწევა ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი მიზეზია მსოფლიოში. თამბაქოს მოხმარება, ასევე, იწვევს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს და აზიანებს გულ-მკერდის ღრუს სხვა ორგანოებს.
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია - სეზონური გრიპის აცრა ეხმარება პაციენტებს თავიდან აიცილონ გრიპის გართულებები, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს სასუნთქი ორგანოები.
- ჯანსაღი ცხოვრების წესი - სწორი კვება, ვარჯიში და სუფთა ჰაერზე სეირნობა ხელს უწყობს გულისა და ფილტვების გაძლიერებას.
- ფილტვის კიბოს სკრინინგი - ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს წარმატებული მკურნალობისთვის. ფილტვის კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია მათთვის, ვინც მოიხმარს თამბაქოს, აქვს ქრონიკული ხველა, ტკივილი მკერდის არეში ან მოულოდნელად განიცდის წონის კლებას.