ვესტიბულომეტრია
თავბრუსხვევა და მისი გამომწვევი მიზეზები
თავბრუსხვევა სივრცითი ორიენტაციის სუბიექტური დარღვევაა, რომელიც ვლინდება ბალანსის დეფიციტით, მოძრაობის ილუზიით, ზოგჯერ გულისრევის შეგრძნებითა და ღებინებით. თავბრუსხვევას შესაძლოა თან დაერთოს სმენის დაქვეითება, ტინიტუსი (ხმაური ყურში) და ნისტაგმი (თვალის უკონტროლო მოძრაობა). სიმპტომები შეიძლება განვითარდეს როგორც წოლის, ისე ჯდომის ან დგომის დროს.
თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- ვესტიბულური სისტემის ფუნქციური დარღვევები;
- შუა ყურის ინფექცია;
- გულის დაავადებები;
- დაბალი წნევა;
- ჰიპოგლიკემია (დაბალი გლუკოზის შემცველობა სისხლში);
- შაკიკი;
- ანემია;
- თავის ტვინის ტრავმები;
- ინტოქსიკაცია;
- სტრესი;
- სხვადასხვა მედიკამენტები;
- დეჰიდრატაცია.
როდესაც თავბრუსხვევა ძლიერია, ხშირად მეორდება ან ეპიზოდების ხანგრძლივობა იმატებს, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის დადგენა.
თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირება
თავბრუსხვევის დიაგნოსტირებისას ექიმი შეისწავლის პაციენტის ისტორიას და მის სიმპტომებს. ის ასევე, ფიზიკურად გასინჯავს პაციენტს - შეამოწმებს თვალების მოძრობას, ბალანსის და კოორდინაციის უნარებს. ვესტიბულური სისტემის ფუნქციური დარღვევების შესამოწმებლად ინიშნება ვესტიბულომეტრია. ასევე, შეიძლება დაინიშნოს კომპიუტერული ან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.
თავბრუსხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა უმნიშვნელოვანესია სწორი მკურნალობისთვის.
ვესტიბულომეტრია
ვესტიბულომეტრია თანამედროვე, არაინვაზიური და სრულიად უსაფრთხო დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება ვესტიბულური სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად. კვლევა ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ხშირი ან ძლიერი თავბრუსხვევა, რომელსაც თან ახლავს
- ქანაობის ან ტრიალის შეგრძნება;
- წონასწორობის დაკარგვა;
- გულისრევა და ღებინება;
- ტინიტუსი ან სმენის დაქვეითება;
- ნისტაგმი.
ვესტიბულომეტრია გულისხმობს ვიდეონისტაგმოგრაფიას (VNG) და ოკულარული და ცერვიკალური გამოწვეული ვესტიბულური მიოგენური პოტენციალების (VEMP) რეგისტრაციის ტესტებს.
კვლევების მიმდინარეობა
ვიდეონისტაგმოგრაფიის დროს პაციენტი იკეთებს სპეციალურ, კამერებით აღჭურვილ სათვალეს, რომელიც აფიქსირებს თვალის მოძრაობებს სხვადასხვა სტიმულზე საპასუხოდ. როდესაც ვესტიბულური ფუნქცია ნორმაშია, თვალები სტაბილურად და თანმიმდევრულად მოძრაობს, ხოლო ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ნისტაგმი - თვალების უკონტროლო მოძრაობა. ექიმი აფასებს თვალის მოძრაობის მიმართულებას, სიჩქარეს, სიზუსტეს და რეაქციას სხვადასხვა სტიმულზე, რის საფუძველზეც ადგენს ვესტიბულური დარღვევის ტიპს და ადგილმდებარეობას.
ვიდეონისტაგმოგრაფია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდება. კვლევა სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა. ელექტრონისტაგმოგრაფიისგან განსხვავებით, ვიდეონისტაგმოგრაფია უფრო თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდია იძლევა გაცილებით დეტალურ და სრულ ინფორმაციას ვესტიბულური სისტემის მუშაობაზე.
ვესტიბულომეტრია ასევე მოიცავს გამოწვეული ვესტიბულური მიოგენური პოტენციალების (VEMP) რეგისტრაციის ტესტებს, რომელიც გულისხმობს შიდა ყურის და ვესტიბულური ნერვის ფუნქციის შეფასებას კუნთების რეაქციის საშუალებით.
კვლევის ჩატარებისას პაციენტის კისერზე მაგრდება სპეციალური ელექტროდები, ხოლო ყურებზე თავსდება ყურსასმენები. ტესტის მიმდინარეობისას პაციენტი ატრიალებს თავს მარცხნივ და მარჯვნივ, ამავე დროს მზერას აფიქსირებს განსაზღვრულ სამიზნეზე და ყურსასმენების საშუალებით ისმენს სხვადასხვა ტონალობის ხმოვან სიგნალებს. ელექტროდების მეშვეობით ფიქსირდება კისრის კუნთების რეაქცია აღნიშნულ ხმოვან სტიმულებზე, რაც სპეციალისტს საშუალებას აძლევს შეაფასოს ვესტიბულური სისტემის, კერძოდ ოტოლითური ორგანოების, ფუნქციონირება.
წინასწარი მომზადება
იმისათვის, რომ ვესტიბულომეტრიის შედეგები იყოს უფრო სანდო და რაციონალური, რეკომენდებულია პაციენტმა ექიმის მითითების შესაბამისად შეწყვიტოს გარკვეული მედიკამენტების მიღება. აგრეთვე სასურველია, კვლევა ჩატარდეს უზმოდ და პაციენტმა არ გამოიყენოს კოსმეტიკური საშუალებები თვალებზე.
მიღებული მონაცემების დამუშავება და ვესტიბულური დარღვევების გავრცელებული დიაგნოზები
ვესტიბულომეტრიის კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება ხდება მკურნალი ექიმის მიერ და უმნიშვნელოვანესია ისეთი ვესტიბულური დარღვევების დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა:
- კეთილთვისებიანი პოზიციური ვერტიგო;
- ვესტიბულური ნევრიტი;
- მენიერის დაავადება;
- ზედა ნახევარრკალოვანი არხის დეჰისცენცია;
- რეტროლაბირინთული პათოლოგიები;
- შემთხვევები, როცა ვესტიბულური დარღვევა დაკავშირებულია სმენის ნერვის დაზიანებასთან.
ვესტიბულომეტრიის გვერდითი ეფექტები
ვესტიბულომეტრია როგორც წესი, სერიოზული გვერდითი ეფექტებით არ ხასიათდება. კვლევა ტარდება სპეციალისტის ზედამხედველობით და მისი მიმდინარეობა მაქსიმალურად არის მორგებული პაციენტის მდგომარეობასა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
თუმცა, ვესტიბულური სისტემის მიზანმიმართული სტიმულაციის გამო, ზოგიერთ პაციენტში კვლევის დროს ან მისი დასრულების შემდეგ შესაძლოა დროებით განვითარდეს მსუბუქი და ხანმოკლე სიმპტომები, მათ შორის:
- თავბრუსხვევა ან ვერტიგო;
- გულისრევა;
- ზოგადი სისუსტე ან კუნთების დაძაბულობა;
- თვალების დაღლილობა ან დისკომფორტი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სიმპტომები უმეტეს შემთხვევაში არის მსუბუქი და ხანმოკლე. მათი ინტენსივობა დამოკიდებულია პაციენტის ვესტიბულური სისტემის მგრძნობელობაზე და საწყის სიმპტომებზე.