ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კუჭის კიბო

რა არის კუჭის კიბო და როგორ ვითარდება იგი?

კუჭის კიბო ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები გავრცელებას იწყებს კუჭის ლორწოვან გარსში.

კუჭის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა ადენოკარცენომა. ნაკლებად გავრცელებული ფორმებია ლიმფომა, კუჭ-ნაწლავის სტრომული სიმსივნე (GIST) და კარცინოიდული სიმსივნე.


როგორია 
კუჭის კიბოს გავრცელების სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში?

ყოველწლიურად მსოფლიოში კუჭის კიბოს მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მამაკაცებში კუჭის კიბო უფრო ხშირია და ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეოთხე ადგილს იკავებს, ხოლო ქალებში მეშვიდე ადგილს.

საქართველოში კუჭის კიბო ონკოლოგიურ დაავადებათა ათეულშია, ხოლო ლეტალური შედეგის დადგომით - მესამე ადგილზე. მამაკაცთა შემთხვევაში, გარდაცვალების მიხედვით, მეორე ადგილზეა ფილტვის კიბოს შემდეგ. საქართველოში ყოველ წელს კუჭის კიბოთი საშუალოდ 500 ადამიანი იღუპება. მაღალი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი დაავადების დაგვიანებული გამოვლენაა. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია კუჭის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და სწორი მკურნალობა


როგორია 
კუჭის კიბოს ადრეული სიმპტომები და ნიშნები?

ადრეულ სტადიაზე კუჭის კიბო შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ან გამოვლინდეს სიმპტომები, რომლებიც პაციენტმა დააკავშიროს სხვა გასტროენტეროლოგიურ დაავადებებთან, არ მიაქციოს ყურადღება ან დაიწყოს თვითმკურნალობა.

კუჭის კიბოს ადრეულ სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • მუცლის ტკივილი;
  • უმადობა;
  • გულძმარვა;
  • შებერილობა ჭამის შემდეგ;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • გულისრევის შეგრძნება.

უფრო გვიან სტადიაზე კუჭის კიბოს სიმპტომებია:

  • სისხლის ღებინება;
  • წონაში კლება;
  • ძლიერი სისუსტე;
  • მუქი ფერის განავალი.

რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტირება და როგორ შეიძლება ამან შეცვალოს მკურნალობისშედეგი?

კუჭის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება მნიშვნელოვნად ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს. კვლევები ადასტურებს, რომ პაციენტებს, რომლებმაც ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს კუჭის კიბო,  დაავადების დამარცხების გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დაგვიანებით დაიწყო მკურნალობა.

ადრეულ ეტაპზე სიმსივნე ლოკალიზებულია კუჭის ლორწოვან გარსში და მიმდებარე ქსოვილებზე. ასეთ დროს მკურნალობა ნაკლებად აგრესიულია, გვერდითი მოვლენებიც უფრო მსუბუქია და გამოჯანმრთელების შანსი უფრო მაღალი. როდესაც კიბო ლიმფურ კვანძებსა და სხვა ორგანოებზე გადადის და ხდება მეტასტაზირება, მისი მკურნალობა რთულდება და შესაბამისად, პროგნოზიც ნაკლებად დამაიმედებელია. 


როგორ 
ხდება კუჭის კიბოს სკრინინგი და რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული პაციენტებისთვის?

კუჭის კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისათვის და მისი წარმატებული მკურნალობისათვის, უმნიშვნელოვანესია სკრინინგი.

კუჭის კიბოს სკრინინგისათვის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს კუჭისა და საყლაპავი მილის ენდოსკოპია. ენდოსკოპიური კვლევის დროს ხდება პაციენტის კუჭისა და საყლაპავი მილის დათვალიერება სინათლითა და კამერით აღჭურვილი მილის საშუალებით. ენდოსკოპია კეთდება როგორც ანესთეზიით, ასევე ანესთეზიის გარეშე.

სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში, ენდოსკოპიის დროს შესაძლებელია მისი მოჭრა და ბიოფსია.

კუჭის კიბოს სკრინინგი რეკომენდებულია 45 წლიდან ყოველ 3 წელში ერთხელ ან ექიმის დანიშნულებისამებრ.


რა 
ფაქტორები უწყობს ხელს კუჭის კიბოს განვითარებას?

კუჭის კიბოს განვითარების ზუსტი მიზეზი ექიმებისათვის ცნობილი არ არის. თუმცა დადგენილია გამომწვევი ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა:

  • ქრონიკული გასტრო ეზოფაგური რეფლუქსი;
  • ზედმეტად მარილიანი დიეტა;
  • შებოლილი საკვები, ნახევარფაბრიკატები, სწრაფი კვება;
  • ჰელიკობარქტერია პილორი;
  • ქრონიკული გასტრიტი;
  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნების, პოლიპების ზრდა კუჭში;
  • სქესი და ასაკი - კუჭის კიბო უფრო მეტად ემართებათ ხანდაზმულ,  მამრობითი სქესის პაციენტებს;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • მემკვიდრეობითი ფაქტორი.

არის თუ არა ეს დაავადება გენეტიკურად მემკვიდრეობითი?

კუჭის კიბო გენეტიკურად მემკვიდრეობითი დაავადებაა. თუ პაციენტს აქვს მემკვიდრეობითი დიფუზური  კუჭის კიბოს, ლინჩის სინდრომის, პეიტს-ეგერსის სინდრომის შემთხვევები ოჯახის ისტორიაში,  ეს მისთვის კუჭის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს და რეკომენდაცია ეძლევა ჩაიტაროს სკრინინგი უფრო ადრეული ასაკიდან.

დატვირთული მემკვიდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს კუჭის კიბო აუცილებლად განუვითარდება, თუმცა გენეტიკური ფაქტორის არარსებობაც არ არის ამ დაავადების თავიდან აცილების გარანტია.


როგორ 
და რა მეთოდებით ხდება კუჭის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა ნიუჰოსპიტალსში?

ნიუ ჰოსპიტალსში რეგიონში მოწინავე ონკოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც პროფესიონალი სპეციალისტები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტებს  სრული დიაგნოსტიკური კვლევებითა და მკურნალობის ფართო სპექტრით უზრუნველყოფენ.

პაციენტზე ზრუნვა, მისი და მისი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ნიუ ჰოსპიტალსის პრიორიტეტია. ონკოლოგიის ცენტრი ორიენტირებულია პაციენტზე მორგებულ,  სრულფასოვან მომსახურებაზე.

ნიუ ჰოსპიტალსის ონკოლოგიის ცენტრის ექიმებს ყველა სახის ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მრავალწლიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული გამოცდილება აქვთ. მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს როგორც ტრადიციული, ასევე ექსპერიმენტული მეთოდებით.

ონკოლოგიის ცენტრში კუჭის კიბოს დიაგნოსტიკა საერთაშორისო გაიდლაინებით გათვალისწინებული სხვადასხვა მეთოდიკით ხდება. ეს შეიძლება იყოს:

  • ენდოსკოპია;
  • ბიოფსია;
  • მუცლის ღრუს ექოსკოპია;
  • კუჭის კონტრასტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • ლაბორატორიული ანალიზები;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;

ნიუ ჰოსპიტალსის ონკოლოგიის ცენტრი პაციენტებს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას სთავაზობს. კუჭის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს სტადიაზე, მის მდებარეობაზე, ტიპზე და სხვა ფაქტორებზე. ჩვეულებრივ, ექიმი ნიშნავს კომბინირებულ მკურნალობას დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

კუჭის კიბოს მკურნალობის მეთოდებია:

  • ქირურგია - ქირურგიული ჩარევა ეფექტური მეთოდია დაავადების პირველ ეტაპზე. ოპერაციის  დროს ხდება მცირე ზომის სიმსივნის, კუჭის დაზიანებული ნაწილების, იმ ლიმფური კვანძების ამოკვეთა რომელზეც მეტასტაზებია გავრცელებული. ზოგიერთ შემთხვევაში ხდება მთლიანად ორგანოს ამოკვეთა.
  • ქიმიოთერაპია - მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენებისას, პაციენტი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ანადგურებს სიმსივნის უჯრედებს ან ანელებს მათ გამრავლებას. ქიმიოთერაპია შესაძლებელია დაინიშნოს, როგორც ქირურგიულ ჩარევამდე, ასევე ოპერაციის შემდგომ. მკურნალობის კურსი შესაძლოა ჩატარდეს რამდენჯერმე გარკვეული ინტერვალებით. არსებობს პერორალური, ინტრავენური და ინექციური ქიმიოთერაპია. ქიმიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ ხდება პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობის შეფასება.
  • რადიაციული თერაპია - რადიაციული თერაპია, რომელსაც აგრეთვე სხივურ თერაპიასაც უწოდებენ, ჩვეულებრივ, მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად ინიშნება. რადიაციული თერაპიის დროს ხდება მაღალი სიმძლავრის ენერგიის დასხივება კიბოს უჯრედების განადგურების მიზნით. რადიაციულ თერაპიას ხშირ შემთხვევაში იყენებენ მეორე და მესამე სტადიის სიმსივნის დროს ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ.
  • იმუნოთერაპია -ამ ტიპის თერაპია გულისხმობს მკურნალობას მედიკამენტებით, რომლებიც ეხმარება ორგანიზმის იმუნურ სისტემას გაანადგუროს კიბოს უჯრედები. იმუნოთერაპია, ძირითადად კიბოს მეოთხე სტადიაზე ინიშნება.

როგორ ხდება კუჭის კიბოს პრევენცია?

კუჭის კიბოს განვითარების რისკის შესამირებლად პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია:

  • დაიცვან ჯანსაღი დიეტა - უპირატესობა მიანიჭონ ხილსა და ბოსტნეულს;
  • შეამცირონ მარილიანი და შებოლილი საკვები;
  • ორგანიზმში ჰელიკობაქტერია პილორის არსებობის შემთხვევაში, იმკურნალონ დროულად;
  • შეწყვიტონ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება;
  • ჩაიტარონ კუჭის კიბოს სკრინინგი.