ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ქრონიკული რინოსინუსიტი

ქრონიკული რინოსინუსიტი არის ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების ლორწოვანის ქრონიკული ანთება.

არსებობს ქრონიკული რინოსინუსიტის ორი ტიპი: ქრონიკული რინოსინუსიტი პოლიპებით და პოლიპების გარეშე.


სიმპტომები

ქრონიკული სინუსიტის დამახასიათებელი 4 ძირითადი სიმპტომია:

  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება;
  • სქელი ჩამონადენი ცხვირიდან ან გადანადენი ცხვირ-ხახაში;
  • დაჭიმულობის და ტკივილის შეგრძნება სახის არეში;
  • ყნოსვის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.

ჩამოთვლილი სიმპტომები არ უნდა გაგრძელდეს 12 კვირაზე მეტ ხანს.


სხვა შესაძლო სიმპტომებია:

  • ყურის ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • ტკივილი კბილებში;
  • ხველა;
  • ყელის ტკივილი;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • დაღლილობა.

ქრონიკული და მწვავე რინოსინუსიტის  სიმპტომები მსგავსია, მაგრამ მწვავე რინოსინუსიტის სიმპტომები ხანმოკლე პერიოდი გრძელდება და როგორც წესი მწვავე ვირუსული ინფექციის გართულებას წარმოადგენს.

 

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ მორეციდივე სინუსიტი, რომელიც არ ქრება მკურნალობის შემდეგ. როგორც მწვავე ასევე ქრონიკული სინუსიტის სიპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოტო-რინო-ლარინგოლოგს, რათა მოხდეს დაავადების დროული იდენტიფიცირება და მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა.

 

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა  სერიოზულ ინფექციაზე მიუთითებდეს:

  • ცხელება;
  • შეშუპება ან სიწითლე თვალების ირგვლივ;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • შუბლის შეშუპება;
  • ცნობიერების აბნევა;
  • გაორება თვალებში ან მხედველობის სხვა ცვლილებები;
  • კისრის სიხისტე (გაშეშება).

ზოგიერთმა მდგომარეობამ შესაძლოა გააუარესოს ქრონიკული სინუსიტი:

  • გაციება ან სხვა ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს სინუსებზე - ეს ინფექციები შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსებით ან ბაქტერიებით;
  • ცხვირის შიგნით არსებული პრობლემა, როგორიცაა გამრუდებული ძგიდე, ცხვირის პოლიპები ან სიმსივნური წარმონაქმნები.

რისკ-ფაქტორები

ქრონიკული სინუსიტის განვითარების რისკ-ფაქტორები:

  • დენტალური ინფექცია;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • სიგარეტის კვამლის ან სხვა დამაბინძურებლების რეგულარული ზემოქმედება.

გართულებები

ქრონიკული სინუსიტის სერიოზული გართულებები იშვიათია, თუმცა გართულებებმა შესაძლოა გამოიწვიოს:

 

მხედველობის პრობლემები - ინფექციის თვალბუდეზე გავრცელებამ, შესაძლოა დააქვეითოს მხედველობა ან გამოიწვიოს სიბრმავე.

ინფექციები - ინფექციების გავრცელება ხშირად არ ხდება, მაგრამ სინუსებში სერიოზული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ირგვლივ გარსებსა და სითხეში, რაც იწვევს მინინგიტის განვითარებას.

 

პრევენცია

ქრონიკული სინუსიტის განვითარების რისკის შესამცირებლად მიიღეთ შემდეგი ზომები:

 

გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას - შეეცადეთ თავიდან აიცილოთ კონტაქტი ვირუსის ან სხვა ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანებთან. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით, განსაკუთრებით ჭამის წინ.


აკონტროლეთ ალერგიული რეაქციები - ხშირად ესაუბრეთ თქვენს ექიმს, რათა თქვენი სიმპტომები კონტროლს დაექვემდებაროს. მოერიდეთ კონტაქტს ისეთ ნივთიერებებთან, რომლებზეც ალერგიული ხართ.

მოერიდეთ სიგარეტის კვამლს და დაბინძურებულ ჰაერს - თამბაქოს კვამლმა და სხვა დამაბინძურებლებმა შეიძლება გააღიზიანოს ფილტვები და ცხვირის შიდა ნაწილი, რომელსაც ეწოდება ცხვირის გასასვლელები.


გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი - ჰაერში ტენიანობის ხელოვნურად გაზრდა დაგეხმარებათ სინუსიტის თავიდან აცილებაში. რეგულარულად და საფუძვლიანად  გაწმინდეთ  დამატენიანებელი, რომ მასში ობი არ წარმოიქმნას.


დიაგნოსტიკა

ქრონიკული სინუსიტის დიაგნოსტიკა მოიცავს:

  • ცხვირის ენდოსკოპია - ექიმი ცხვირში ათავსებს თხელ მოქნილ მილს, რომელიც ცნობილია როგორც ენდოსკოპი. მილის შუქი ექიმს საშუალებას აძლევს დაინახოს სინუსების შიგნითა მხარე;
  • გამოსახულების ტესტები - კატე სკანირებას ან მრტ-ს შეუძლია სინუსების და ცხვირის არეალის დეტალების ვიზუალიზაცია. ეს გამოსახულებები დაგეხმარებათ განსაზღვროთ ქრონიკული სინუსიტის გამომწვევი მიზეზი.

მკურნალობა

ქრონიკული სინუსიტის მკურნალობა მოიცავს :

  • ცხვირის კორტიკოსტეროიდებს. ეს ნაზალური სპრეი ხელს უწყობს შეშუპების თავიდან აცილებას და მკურნალობას. ზოგიერთი მათგანი ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე. მაგალითად ფლუტიკაზონი (Flonase Allergy Relief, Xhance), ბუდესონიდი (Rhinocort Allergy), მომეტაზონი (Nasonex 24HR Allergy) და ბეკლომეტაზონი (Beconase AQ, Qnasl და სხვა).
  • ცხვირის მარილიანი ხსნარებით გამორეცხვას. სახლის პირობებში მკურნალობის ეს საშუალება, რომელსაც ნაზალური ლავაჟი ეწოდება, დაგეხმარებათ სინუსების გაწმენდაში.
  • კორტიკოსტეროიდების ინექციებს ან ტაბლეტებს. ეს მედიკამენტები ხსნის მძიმე სინუსიტის სიმპტომებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს ცხვირის პოლიპები.
  • ალერგიის წამლებს. ანტიალერგიული მედიკამენტების გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ალერგიით გამოწვეული სინუსიტის სიმპტომები.
  • მედიკამენტებს ცხვირის პოლიპების და ქრონიკული სინუსიტის სამკურნალოდ. თუ თქვენ გაქვთ ცხვირის პოლიპები და ქრონიკული სინუსიტი, დუპილუმაბის (Dupixent), ომალიზუმაბის (Xolair) ან მეოპლიზუმაბის (Nucala) ინექციამ შესაძლოა შეამციროს ცხვირის პოლიპების ზომა და მოგიხსნათ ცხვირის გაჭედვა.