ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რა გავლენას ახდენს ჭარბი წონა გულზე?

სხეულის ჭარბ წონას უკავშირდება მრავალი დაავადების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, განვითარების გაზრდილი რისკი. ჭარბი წონის უარყოფითი ეფექტები:

1. გაზრდილი დატვირთვა გულზე - სიმსუქნე იწვევს გაზრდილ დატვირთვას გულზე, რაც თავის მხრივ იწვევს გულის ნორმალური ფუნქციის დარღვევას. ამ დროს იმატებს არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე.

2. ჰიპერტენზიის მაღალი რისკი - ჭარბი წონის მქონე პაციენტებში 3-ჯერ მეტია არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკი. აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანთა 50%-ს მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, რაც ზრდის გულზე დატვირთვას.

3. კორონარული არტერიის დაავადების განვითარების მაღალი რისკი - სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს ქოლესტერინის დონის მატება, რაც თავის მხრივ იწვევს კორონარული არტერიების ათეროსკლეროზს. ათეროსკლეროზი ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს.

4. გულის უკმარისობის გაზრდილი რისკი - არაკონტროლირებული არტერიული წნევისა და კორონარული არტერიების დაავადების დროს ირღვევა გულის ნორმალური ფუნქცია, რასაც საბოლოოდ მოჰყვება გულის კუნთის დაზიანება და გულის უკმარისობა.

5. არითმიის რისკი - სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის ისეთი დარღვევა (არითმია), როგორიცაა წინაგულების ფიბრილაცია, რა დროსაც მნიშვნელოვნად იზრდება სხვადასხვა გართულების, მათ შორის იშემიური ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკი.

6. დიაბეტი და მეტაბოლური სინდრომი - ჭარბ წონას ხშირად თან ახლავს ინსულინრეზისტენტობა და შაქრიანი დიაბეტი, რაც მჭიდრო კავშირშია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასთან.

7. ძილის აპნოე - სიმსუქნე არის ობსტრუქციული ძილის აპნოეს ძირითადი რისკ-ფაქტორი. ძილის აპნოემ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ჰიპერტენზიისა და გულის დაავადებების რისკი.


ნორმალური წონის შენარჩუნება დაბალანსებული დიეტითა და რეგულარული ფიზიკური აქტივობით, მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.


იმ შემთხვევებში, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) მკვეთრად აღემატება ნორმას და პაციენტს აქვს სიმსუქნისთვის დამახასიათებელი დაავადებების განვითარების რისკი, ასევე თუ მიუხედავად მრავალჯერადი დიტოთერაპიისა და მკურნალობისა არ ხდება წონის ეფექტური კლება, შესაძლებელია ბარიატრიული ქირურგიით მკურნალობა. ბარიატრიული ოპერაციის მეთოდის შერჩევა და ქირურგიული პროცედურის დაგეგმვა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.