ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკულ-მეტაბოლური დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა. შაქრიანი დიაბეტის დროს პანკრეასი არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან სხეულის უჯრედები ეფექტურად არ რეაგირებენ მასზე.

შაქრიანი დიაბეტის ტიპები და მკურნალობის მეთოდები

  • ტიპი 1 - ტიპის 1 დიაბეტი, როგორც წესით, ვითარდება ბავშვობაში ან მოზარდობაში. ამ ტიპის დიაბეტის დროს ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის გაზრდას. ასეთ დროს ინიშნება ინსულინოთეპია, პაციენტი დამოკიდებულია ინსულინზე მთელი ცხოვრების განმავლობაში;
  • ტიპი 2 - ეს ტიპი დიაბეტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის ძირითადად გვხვდება ზრდასრულ ასაკში, თუმცა შეიძლება განვითარდეს ახალგაზრდებშიც. ტიპი 2 დიაბეტის დროს ორგანიზმი ხდება ინსულინის მიმართ რეზისტენტული ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად. ამ დროს ინიშნება დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტები, ასევე საჭიროა დიეტა და ცხოვრების აქტიური წესი. საჭიროების მიხედვით, ასევე ინიშნება ინსულინოთერაპია;

პრედიაბეტი - ჩნდება მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია, თუმცა საკმარისად მაღალი არა იმისთვის, რომ ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი დაისვას.

ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვების დარეგულირება საკმარისია სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისთვის;

გესტაციური დიაბეტი - ეს არის ორსულობის დროს ჰორმონული ცვლილებების ფონზე განვითარებული დიაბეტი, რომელიც ქრება ორსულობის დასრულების შემდეგ, თუმცა პაციენტები იმყოფებიან დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ. ამ დროს აუცილებელია წონის კონტროლი, დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

გართულებები

შაქრიანი დიაბეტი ორგანიზმში მრავალი პროცესის დარღვევას იწვევს. შაქრის მაღალი დონე სისხლში აზიანებს ორგანოებსა და ქსოვილებს. მან შეიძლება გამოიწვიოს:

  • გულსისხლძარღვთა დაავადებები;
  • დიაბეტური ნეფროპათია;
  • დიაბეტური ნეიროპათია;
  • მხედველობისა და სმენის პრობლემები;
  • კანის დაავადებები;
  • დეპრესია;
  • დემენცია.

გესტაციურმა დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა, პრეკლამფსია და მკვდრადშობადობა.

შაქრიანი დიაბეტის მართვა

დიაბეტის სათანადო მართვისთვის აუცილებელია:

  • სისხლში შაქრის ჯანსაღი დონის შენარჩუნება;
  • დაბალანსებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში;
  • არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის მონიტორინგი;
  • დანიშნულების მიხედვით მედიკამენტების მიღება.

აუცილებელია რეგულარული სამედიცინო გამოკვლევები და სკრინინგები დიაბეტით გამოწვეული გართულებების ადრეული გამოვლენისა და მკურნალობისთვის