ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ფარინგიტი, იგივე ყელის ტკივილი

ყელის ტკივილი არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის სიმპტომი, როგორიცაა მაგალითად გაციება. შემთხვევათა მესამედში ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ყელის ტკივილი ასევე ცნობილია როგორც ფარინგიტი.


ყელის ტკივილთან ერთად შეიძლება გამოვლინდეს:

  • შეშუპებული ნუშისებრი ჯირკვლები (ტონზილიტი);
  • ყელში გადიდებული და მგრძნობიარე ლიმფური ჯირკვლები;
  • დისკომფორტი ყლაპვის დროს.

თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით, შეიძლება განვითარდეს ინფექციურ მდგომარეობებთან ასოცირებული სიმპტომებიც, როგორიცაა:

  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C ან უფრო მაღალი;
  • კუთების ტკივილი ან დაღლილობა;
  • თავის ტკივილი;
  • ხველა;
  • სურდო.

ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

ყელის ტკივილი ხშირად ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციების ერთ-ერთი სიმპტომია, როგორიცაა მაგალითად გაციება.

ბაქტერიების და ვირუსების გავრცელებული ტიპები, რომლებსაც შეუძლიათ ყელის ტკივილის გამოწვევა:

  • რინოვირუსი, კორონავირუსი და პარაინფლუენზა ვირუსი რომლებიც იწვევენ გაციებას (ყელის ტკივილების მეოთხედი მათ მიერ არის გამოწვეული);
  • სტრეპტოკოკული ბაქტერიის სხვადასხვა ტიპები, რომლებიც იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციებს (A ჯგუფის სტრეპტოკოკის ბაქტერიის მიერ არის გამოწვეული ყელის ტკივილის შემთხვევების 10% მოზრდილებში და  დაახლოებით მესამედი ბავშვებში). მოიაზრება, რომ ყელის ტკივილს იწვევს ასევე C და G ჯგუფებიც.

რისკ ჯგუფები

მიუხედავად იმისა, რომ ყელის ტკივილის შემთხვევების უმეტესობას სახლის პირობებებშიც შეიძლება ვუმკურნალოთ, ზოგ შემთხვევაში ადამიანები გართულებების უფრო მაღალ რისკ-ჯგუფში ხვდებიან და შესაძლოა დამატებითი მკურნალობა გახდეს საჭირო.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს ინფექციის პირველი ნიშნების განვითარებისთანავე თუ პაციენტს:

  • აქვს შიდსი (ვირუსი რომელიც უტევს ადამიანის იმუნურ სისტემას);
  • აქვს ლეიკემია (ძვლის ტვინის კიბო);
  • აქვს ასპლენია (როდესაც ელენთა არ მუშაობს ნორმალურად, ან თუ ამოკვეთილი აქვს);
  • აქვს აპლასტიური ანემია (როდესაც ძვლის ტვინი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის წითელ უჯრედებს);
  • უტარდება ქიმიოთერაპია;
  • უკეთებენ იმუნოსუპრესანტულ წამლებს (რაც აჩერებს იმუნური სისტემის მუშაობას) - მაგალითად თუ გადაუნერგეს ორგანო;
  • იღებს ანტითიროიდულ წამლებს (რომ შეაჩეროს ფარისებრი ჯირკვლის ჭარბი რაოდენობის ჰორმონების გამოყოფა), როგორიცაა კარბიმაზოლი;
  • იღებს ანტი-რევმატიულ წამლებს, მაგალითად ართრიტის სამკურნალოდ.

ყელის ტკივილის მკურნალობა

ყელის ტკივილი გავრცელებულია განსაკუთრებით ბავშვებსა და თინეიჯერებში, რადგან მათ არ აქვთ იმუნიტეტი (რეზისტენტობა) ბევრი ვირუსისა და ბაქტერიის მიმართ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი. ყელის ტკივილის შემთხვევათა უმრავლესობა არ არის სერიოზული და ძირითადად მკურნალობის გარეშე გაივლის. სიმპტომების შესამსუბუქებლად შეიძლება გამოვიყენოთ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. ყელის ტკივილის დროს, როგორც წესი ანტიბიოტიკების დანიშვნა არ ხდება, თუ არ ხართ უფრო სერიოზული ინფექციის განვითარების რისკ ჯგუფში.


როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • გაქვთ მუდმივი მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C-ზე მაღალი, რომელიც წამლებიც დალევის მიუხედავად არ მცირდება;
  • სიმპტომები არ გაუმჯობესდება ერთი კვირის განმავლობაში;

სიცხის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევა აუცილებელია, რადგან ის შეიძლება უფრო სერიოზული მდგომარეობით იყოს გამოწვეული, როგორიცაა:

  • ეპიგლოტიტი - ეპიგლოტის (ქსოვილის ნაჭერი ყელის უკანა მხარეს, ენის ქვეშ) შეშუპება და სიწითლე; მკურნალობის გარეშე, ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება;
  • ანგინა - ჩირქგროვა, რომელიც ვითარდება ნუშისებრი ჯირკვლების უკანა ნაწილსა და ყელის კედელს შორის და ძირითადად გამოწვეულია მძიმე ტონზილიტით.

როდის უნდა მივმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას

გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაქვთ ყელის ტკივილი და:

  • გაწუხებთ ძლიერი ტკივილი;
  • გიჭირთ სუნთქვა;
  • სუნთქვის დროს გამოსცემთ მაღალი ტონის ხმას (სტრიდორი);
  • ნერწყვის გადმოდენა პირიდან;
  • გაქვთ გაგუდული ხმა;
  • გაქვთ ყლაპვის სიძნელე (დისფაგია) ან არ შეგიძლიათ საკმარისი რაოდენობის სითხეების გადაყლაპვა.