რა არის კარდიომიოპათია?
კარდიომიოპათია ზოგადი ტერმინია, რომელიც ასახავს გულის იმ დაავადებებს, როდესაც გულის კუნთი არანორმალურად გაწელილი, გასქელებული ან რიგიდული ხდება. კარდიომიოპათიიის დროს ირღვევა გულის ძირითადი ფუნქცია - დროულად და შეუფერხებლად მიაწოდოს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის სისხლი. კარდიომიოპათიები უმეტესად მემკვიდრეობითია.
გავრცელებული ტიპები
დაავადების გავრცელებული ტიპებია:
- დილატაციური კარდიომიოპათია - ამ დროს სუსტდება გულის კუმშვადობა, რასაც მოსდევს გულის პარკუჭების გადიდება და გულის უკმარისობის განვითარება;
- ჰიპერტროფული კარდიომიოპათია - ახასიათებს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია (გასქელება), რაც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას;
- რესტრიქციული კარდიომიოპათია - პარკუჭთა კედლების რიგიდობის გამო ქვეითდება მათი ელასტიურობა, რაც ხელს უშლის პარკუჭების სისხლით ავსებას და იწვევს გულის უკმარისობას.
გამომწვევი მიზეზები
კარდიომიოპათიის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
- გენეტიკა;
- კორონარული არტერიის დაავადებები;
- ავტოიმუნური დაავადებები;
- ინფექციები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის კუნთზე;
- გულის ანთება;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
- კუნთოვანი დისტროფია;
- მაღალი ქოლესტერინი;
- სარკოიდოზი;
- ამილოიდოზი;
- ჰემოქრომატოზი.
რიგ შემთხვევებში ვერ დგინდება დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი.
სიმპტომები
კარდიომიოპათია ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა;
- გულის ფრიალი;
- მკერდის ტკივილი;
- არითმია;
- ქოშინი;
- შეშუპება ფეხებში ან ტერფებში;
- გაბრუება.
- ხველა წოლის დროს.
შესაძლებელია დაავადება მიმდინარეობდეს სრულიად უსიმპტომოდ.
რისკის ფაქტორები
დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორებია:
- გულის უკმარისობის, კარდიომიოპათიის ან გულის უეცარი გაჩერების ოჯახური ისტორია;
- გულის შეტევის პირადი ისტორია;
- კოკაინის ან ალკოჰოლის ხანგრძლივი გამოყენება;
- ორსულობა;
- სტრესი;
- რადიაციული ან ქიმიოთერაპია კიბოს სამკურნალოდ;
- 30-ზე მაღალი სხეულის მასის ინდექსი (BMI).
გართულებები
დაავადების გართულების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულის ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
- არითმიები (არარეგულარული გულისცემა);
- გულის უკმარისობა;
- ინსულტი;
- გულის სარქვლის დაავადება;
- გულის გაჩერება;
- კარდიოგენული შოკი.
დიაგნოსტირება
დიაგნოსტირება მოიცავს პაციენტისა და პაციენტის ოჯახის სამედიცინო ისტორიის განხილვასა და ფიზიკურ გამოკვლევას, ასევე, საჭიროებისამებრ, ინიშნება:
- ლაბორატორიული ანალიზები;
- გულმკერდის რენტგენი;
- გულის CT;
- გულის MRI;
- ექოკარდიოგრაფია;
- ელექტროკარდიოგრაფია (EKG).
- სავარჯიშო სტრეს ტესტი;
- გულის კათეტერიზაცია;
- მიოკარდიუმის ბიოფსია.
მკურნალობის მეთოდები
კარდიომიოპათიის მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე და ძირითადად მოიცავს:
- ცხოვრების წესის ცვლილებას - რაც გულისხმობს ჯანსაღ კვებას, რეგულარულ ვარჯიშს, მოწევის შეწყვეტას და წონის მართვას;
- მედიკამენტურ მკურნალობას - გულის უკმარისობის შესაბამისი მედიკამენტები, საჭიროების დროს, ასევე ინიშნება ანტიიშემიური, ანტიარითმული და ანტიკოაგულაციური მედიკამენტები;
- ანგიოპლასტიკას და სტენტირებას - დაბლოკილი არტერიების გასახსნელად და სისხლის ნაკადის გაუმჯობესებისთვის;
- ქირურგიულ ოპერაციებს - გულის დაზიანებული სარქვლის აღდგენის ან შეცვლისთვის;
- ინტერვენციულ მკურნალობას - გულში სპეციალური მოწყობილობების ჩანერგვას (კარდიოვერტერ-დეფბირილატორის, რესინქრონიზატორის, პეისმეკერის).